ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად, ე.წ. დიდი ოთხეულიდან, ბელგიური კომპანია Jan De Nul შეირჩა.
კომპანია Jan De Nul სატენდერო კომისიამ, საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2.5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკაში და ა.შ.