ინკლუზიური და ხელმისაწვდომი საბალეტო ხელოვნება ყველასთვის
მიმდინარე წლის 29 ივნისს, 19:00 საათზე, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნინო ანანიაშვილის საბალეტო სტუდია პირველი სასწავლო წლის შემაჯამებელ საბავშვო სპექტაკლს – „თოჯინების ფერიას“ გამართავს.
ანანიაშვილის ბალეტის სტუდია 2025 წლის სექტემბერში დაფუძნდა და გახსნის დღიდანვე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბალეტის მოყვარულთა და ფართო საზოგადოების მხრიდან.

„სტუდია წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეს, სადაც საბალეტო ხელოვნებას სამოყვარულო დონეზე ეუფლებიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები.
პროექტში ჩართულნი არიან სტუდიის დამფუძნებელი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის საერთო ხელმძღვანელობასა და შემოქმედებით ხედვას, ასევე მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომლებიც 20 წელზე მეტი სახელმწიფო საბალეტო დასში მოღვაწეობდნენ. სტუდიის აღსაზრდელები (როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულები) თავად გამოვლენ სცენაზე, რათა მიიღონ პრაქტიკული სცენური გამოცდილება და მაყურებელს აჩუქონ დაუვიწყარი, ჯადოსნური სანახაობა“, – აცხადებენ ნინო ანანიაშვილის საბალეტო სტუდიაში.



