გასული წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. მან ანატოლი გიგაურისთვის ბრალად წარდგენილი 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, გადააკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ.
დღევანდელ სხდომაზე ანატოლი გიგაურმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“