LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ფუტკარაძის დედა: „ერთმანეთთან დამშვიდობება ყოველ წასვლაზე კიდევ უფრო გვიჭირს. ანდრია იზრდება და უფრო მეტად აცნობიერებს ყველაფერს… მინდა, ჩემი შვილიც წავიყვანო ამერიკაში…“

5181
ანდრია-ფუტკარაძე

საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებულის, ანდრია ფუტკარაძის ემიგრანტი დედა, შორენა აბაშიძე საკუთარ ემოციებს fortuna.ge-ს უზიარებს. უკვე სამ წელიწადზე მეტია, ის ემიგრანტია, აშშ-ში ცხოვრობს და იქ მუშაობს, სიმღერა, რომელიც ანდრიამ დედიკოს მიუძღვნა, გამორჩეულ ემოციებს იწვევს…

შორენა, დღეს, როცა უკვე რამდენიმე დღე გავიდა ამ შესანიშნავი დღიდან, რა გრძნობებით ხართ სავსე?

რომ გითხრათ, რომ ემოცია გამინელდა, ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ცოტათი დავისვენე. ეს გამარჯვება ისევ ისეთივე ამაღელვებელია, როგორიც რამდენიმე დღის წინ იყო. დღემდე ვიღებ მილოცვებს, ძალიან, ძალიან მაგრად ვართ.

როგორია იმის გაცნობიერება, რომ სიმღერამ, რომელიც თქვენ მოგეძღვნათ, „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა?

დიდი მადლობა კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს ამისთვის, რადგან მან ზუსტად გაიგო ანდრიას მდგომარეობა, რა იწვევდა ანდრიაში ყველაზე დიდ ემოციებს. მე ვარ ემიგრანტი, ხშირად არ გვიწევს ფიზიკურად ერთად ყოფნა. ანდრიასთვის და ჩემთვისაც სიმღერა, მისი თემა და შინაარსი ორმაგად უფრო ემოციურია. ეს სიმღერა მეძღვნება არა მხოლოდ მე, არამედ მთელი მსოფლიოს დედებს… პირველივე მოსმენიდან დღემდე ემოციურია… და არ მგონია, ეს ემოცია როდისმე გამინელდეს, ალბათ, ყველა მოსმენაზე იგივე იქნება…

რამდენი ხანია, რაც ამერიკაში ხართ წასული?

სამ წელიწადზე მეტია, რაც მე ვიმყოფები აშშ-ში. რატომ მომიწია წასვლამ? ზუსტად იმიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ჩემი შვილისთვის შემექმნა უკეთესი მომავალი. ყველა დედას უნდა შვილის გვერდით ყოფნა, მაგრამ მინდოდა, ანდრიასთვის სხვა კუთხით მიმეცა უფრო მეტი. ამერიკაში ჩასვლიდან ერთ წელიწადში დავიწყე მუშაობა ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაში, სადაც დღემდე ვმუშაობ.

რა სიხშირით გაქვთ თქვენ და ანდრიას კონტაქტი? ემიგრაციაში წასული ქართველი დედები ხშირად წლები ვერ ნახულობენ შვილებს…

ანდრიას ცხოვრებაში 24-საათი რეჟიმში ვარ ჩართული, მიუხედავად დროის სხვაობისა. ჩამოვდივარ ხშირად, როცა ანდრიას ცხოვრებაში ხდება მნიშვნელოვანი, ვცდილობ, ყველა ღონისძიებას დავესწრო, „რანინას“ გამარჯვებული რომ გახდა, მაშინაც აქ ვიყავი. კონცერტებზე ჩამოვდიოდი. ეს ჩამოსვლა არის მერვე, ვცდილობ, რა თქმა უნდა, ხშირად ვიყო ჩემს შვილთან. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი ფუნქცია არის ის, რომ ჩემს შვილში ჩავდო ინვესტიცია…

ფხიზლად მძინავს, დროის სხვაობიდან გამომდინარე. ჩემთან რომ ღამეა, შეიძლება, აქ რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდეს, ანდრიას სჭირდებოდეს რაღაც საკითხის გადაწყვეტა, დახმარება, ტელეფონზე დამოკიდებული ვცხოვრობ ეს სამი წელია, ეს ყველაფერი დამღლელია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან სასიამოვნო…

რა ასაკში აღმოაჩინეთ ანდრიას მუსიკალურობა?

როცა არც კი საუბრობდა, ორი წლიდან… ანდრია ძალიან კარგად ჰყვებოდა მელოდიებს. მუსიკოსი ოჯახში არავინ გვყავს, მაგრამ მუსიკის კარგი მსმენელები ვართ. როგორც კი წამოიზარდა, სკოლის ასაკის გახდა, მივიყვანე ბათუმში ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში „ზღვის შვილები“ და დღემდე დადის იქ. გარდა ამისა, სწავლობს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედში. ანდრიას თვითონ ძალიან უყვარს სიმღერა, შესაბამისად, ყოველთვის შევუწყობ ხელს იმას, რაც მას უყვარს.

ვისთან იზრდება ანდრია?

ბებოსთან, ბაბუსთან, ჩემს ძმასთან. ერთი დიდი ოჯახი გვაქვს ბათუმში.

როდის ბრუნდებით ამერიკაში?

ორ კვირაში… ემოციურად ძალიან რთულია ყოველი დამშვიდობება, ყოველი დამშვიდობება უფრო რთულია წინაზე, რაც უფრო იზრდება ანდრია, უფრო გაცნობიერებული აქვს რაღაცები. უფრო მეტად მჭიდრო კავშირი გვაქვს, რომ ჩამოვდივარ, სულ ერთად ვართ, 24 საათი, ერთად დავდივართ რეპეტიციებზე, გადაღებებზე, ტელევიზიებში. ფიზიკურადაც 24 საათი რომ ერთად ვართ, კიდევ უფრო რთულდება დამშვიდობება… როცა ამერიკაში ჩავდივარ ხოლმე, ძალიან დიდი ხანი მჭირდება, რომ გავაანალიზო და გადავერთო იქაურ ცხოვრებაზე.

ამერიკაში ქართულ ემიგრაციასთან გაქვთ ურთიერთობა?

ძალიან ბევრ ქართველთან მაქვს ურთიერთობა, ვცხოვრობ ბრუკლინში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ყველა გვგულშემატკივრობდა და მწერდა. ყველას მესიჯი და მოწერილი წავიკითხე, მაგრამ მინდა, თქვენი საშუალებითაც გადავუხადო მადლობა, ფიზიკურად ვერ ვახერხებ სათითაოდ მადლობის მიწერას.

ანდრიას წაიყვანთ ამერიკაში?

დიახ, ვაპირებ, ანდრია იქით წავიყვანო. მუსიკალური განათლება მინდა, იქ მიიღოს. მისი მიზნებისა და სურვილების ასრულებაში დაეხმარება აშშ-ში სწავლა მუსიკის მიმართულებით, სადაც ამ მხრივ უფრო ფართო ასპარეზი და საშუალებაა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g