მსახიობებს, ანდრია გველესიანსა და მაიკო ვაწაძეს ახლახან პირველი შვილი, ალექსანდრე შეეძინათ. ანდრია საკუთარ ემოციებს fortuna.ge-ს უზიარებს და ჰყვება, როგორია მამობის პასუხისმგებლობა და სიტკბო.
ანდრია, გილოცავთ „ფორტუნას“ სახელით!.. როგორია მამობის შეგრძნება?
ანდრია გველესიანი:
დიდი მადლობა. ეს არის შეგრძნება, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ. ადრე მეკითხებოდნენ, როგორი იყო მოლოდინის შეგრძნება და ამაზეც ვერ ვსაუბრობდი. ვამაყობ იმით, რომ პირველივე ამოსუნთქვიდან შევიგრძენი ეს ყველაფერი, რადგან მშობიარობას დავესწარი. წარმოუდგენელი გრძნობა დამეუფლა. სასწაულია, უცებ ხედავ, რომ შენი შვილი შენ თვალწინ პირველად ჩაისუნთქავს.
ბევრი მამაკაცი თავს არიდებს მშობიარობაზე დასწრებას, შენ რამ გადაგაწყვეტინა?
ყველა გადამწყვეტ წუთას მაიკოს გვერდით ვარ და ახლაც ასე გადავწყვიტე. ათასმაგად სხვანაირად განიცდი, როცა ასეთ დროს ბოლომდე მასთან ერთად ხარ და ხვდები სიცოცხლეს, რომელიც შენ თვალწინ იბადება.
სახელი როგორ შეარჩიეთ?
ალექსანდრე პირველი ვარიანტი იყო, შემდეგ გვქონდა კიდევ ვერსიები, მაგრამ პირველ ვერსიას დავუბრუნდით. არავის სახელის დარქმევა არ მინდოდა, მსურდა, ყოფილიყო სრულიად ახალი ადამიანი, თავისი მიზნებით. სახელს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ვიღაცის სახელი რომ გქვია, მაინც გაიგივებენ. მაიკო ბავშვობაში, სამი წლის ასაკიდან ამბობდა, ჩემს შვილს სანდროს დავარქმევო, თავის ძმას დაარქვა, ჩვენ კი ალექსანდრე შევარჩიეთ. პატარა მაიკოს სურვილიც ავასრულეთ და მეც ძალიან მომწონს. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ბიბლიურ, წმინდანების სახელებს. 22 მაისს ნიკოლოზობა იყო, თუკი ამ დღეს დაიბადებოდა, აუცილებლად ნიკოლოზ დავარქმევდით, თუმცა დასაბადებლად არანაკლები დღე შეარჩია, 26 მაისი (იღიმის). თანაც, ამ დღეს მერაბ კოსტავა, ჯანსუღ კახიძე არიან დაბადებულები.
როგორც ჩანს, ელოდები, რომ ხელოვანი გაიზარდოს…
არ ვიცი, მთავარია, დღიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანი იყოს. დანარჩენს თავად გადაწყვეტს. ბიბლიურ სახელებზე რომ ვსაუბრობდი, ზუსტად 26 მაისს, აღმოჩნდა, რომ იყო ალექსანდრე რომაელის ხსენების დღე, მეოთხე საუკუნის წმინდანის, საოცარი ისტორიით. ამანაც განამტკიცა ჩვენი მოსაზრება ალექსანდრეს დარქმევაზე. ბლოკში რომ შევედით, წამითაც არ დავფიქრებულვარ, დავწერე – ალექსანდრე ანდრიას ძე გველესიანი. ზოგადად, შემთხვევითობების არ მჯერა. იმდენად აეწყო ყველაფერი, რომ შემთხვევით ნამდვილად არ დამირქმევია. მიხარია, რომ ასე გამოვიდა…
როგორ ხარ ჩართული ბავშვის მოვლაში? არის მამების კატეგორია, რომელიც საფენებსაც უცვლის შვილს და აჭმევს კიდევაც…
14-15 წლის ასაკში საფენებს ჩემს პატარა დაიკოს ვუცვლიდი, ამიტომ დიდად ახალი ამბავი ჩემთვის არ ყოფილა. ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ. ნახევრად რომ ჩართული ვიყო რაღაცაში, არ არსებობს. პროფესიიდან დაწყებული, ურთიერთობებით დასრულებული, ასეა. იმდენად მინდოდა მამობა, შვილზე დაბადების წამიდანვე სრული პასუხისმგებლობა ავიღე. მას მაქსიმუმი უნდა გავუკეთო და აუცილებლად ასეც იქნება.
წყვილს შორის რა შემოაქვს ახალი ბავშვის დაბადებას?
სრულყოფილი ურთიერთობა ეტაპებად არის დაყოფილი – იყო შეყვარებულობა, ქორწინება, ახლა კი შვილი გაგვიჩნდა. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. უცებ ცხოვრებამ ასეთი ეტაპი შემოგვთავაზა და ეს ოჯახს, რა თქმა უნდა, ამყარებს. სულ სხვანაირი სიყვარული გეუფლება მეორე ნახევრის მიმართ, როცა უყურებ, როგორ გმირულად შობს სიცოცხლეს. მშობიარობაზე დასწრებით ქალის ცნებას, დედობას უფრო სხვანაირად იაზრებ. მამაკაცის თვალში ეს ყველაფერი უფრო ღირებული ხდება.
მრავალშვილიან მამად თუ წარმოგიდგენია თავი?
მე რატომაც არა, მაგრამ ჯერ მაიკოს ვკითხოთ. ახლახან ვთქვი, აბა, წავიდა ახლა 40 წლამდე კიდევ შვილების გაჩენა-მეთქი (იცინის). ჩვენს ეპოქაში ზოგადად, მარტივი აღარაფერია, მით უმეტეს, შვილის გაზრდა, თუნდაც მატერიალურად მისი უზრუნველყოფა. ჩვენც ისეთ ასაკში ვართ, რომ ბავშვებად მივიჩნევდით თავს. აწყობილები ვიყავით კარიერაზე. იმდენად სხვა საფეხურია შვილის ყოლა, რომ მერე გეფიქრება, ბიჭია და მას და როგორ არ უნდა ჰყავდესო… მოკლედ, როგორც ყველა კარგმა საქმემ, ამანაც შეყოლა იცის (იცინის).
ძალიან მიხარია, სამეგობროში იმდენი ბავშვი დაიბადა, რომ ყველა ერთმანეთს ვულოცავთ, ორ-ორი დღის ინტერვალით. „ჰერაში“ ჩვენთან ერთად რუსკა იყო მაყაშვილი, პატარა ალექსანდრე ერთ-ერთმა პირველმა ნახა, ჩვენ – მისი კატო. მიხარია, რომ ბევრ ახლობელს შვილი შეეძინა. ვფიქრობ, საქართველოში, პანდემიის მიუხედავად, ამ მხრივ, აღზევების ხანაა. ჩვენს ერს ეს ამბავი ძალიან სჭირდება. იმედი მაქვს, უკეთესობისკენ შეიცვლება ბევრი რამ. კი გამომდის ბებრულად, მაგრამ მნიშვნელოვანია გავმრავლდეთ. მართლა ძალიან ცოტა ვართ და ერთმანეთთან დაპირისპირებულები, სრულიად უაზროდ. ვფიქრობ, მარტივია, სიყვარულით ვიყოთ ერთმანეთის მიმართ განწყობილი. მჯერა, რომ ეს თაობა მომავალი საქართველოსთვის სუპერგადაწყვეტილებებს მიიღებს.
ინტერვიუ: ნინო მურღულია