საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ ის საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორად დაინიშნება. როგორც გიორგი ანდრიაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, არც ტელეკომპანიის დირექტორობის სურვილი აქვს და ვერც ამის საჭიროებას ხედავს.
მისივე თქმით, საპატრიარქოში ბევრი სისტემის აწყობაში მიიღო მონაწილეობა და „უკვე დასრულებულ საქმეებს უკან აღარ დაუბრუნდება“.
გიორგი ანდრიაძისთვის უცნობია, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობაზე.
„პატრიარქთან დაახლოებული ნებისმიერი პირი შეიძლება დაინიშნოს ამ თანამდებობაზე. ტელეკომპანიას ჰყავს ძალიან კარგი თანამშრომლები და სისტემა არის აწყობილი,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ გიორგი ანდრიაძე.
„ერთსულოვნების“ დირექტორად საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესაძლო დანიშვნის შესახებ განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გააკეთა. მეუფე პეტრეს თქმით, თუ ტელევიზიის ხელმძღვანელად გიორგი ანდრიაძეს დანიშნავენ, „ეკლესიისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნება“.