LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრო ჭიჭინაძე: „ადვოკატის იძულების წესით დანიშვნა და მასთან სამომავლო შეხვედრა, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს“

114
ანდრო ჭიჭინაძე

„25 ივნისს, ჩემთან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი სალომე არდოტელი მოვიდა, რომელთანაც არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, პატივისცემა მინდა გამოვხატო, თუმცა, ამ სიტუაციაში მიზანშეწონილი არაა, ეს ადამიანი მიცავდეს, ვინაიდან ჩემს ინტერესებს კერძო ადვოკატები იცავენ, მათ სრულ ნდობას ვუცხადებ ადვოკატებს“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

როგორც ანდრო ჭიჭინაძემ აღნიშნა, იძულების წესით ადვოკატის დანიშვნა მისთვის და მასთან სამომავლო შეხვედრა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს.

„ჩემს საქმესთან დაკავშირებით დეტალებს იძულების წესით, სახაზინოდ დანიშნულ ადვოკატებს ვერ შევათანხმებ, იძულების წესით ადვოკატის დანიშვნა ჩემთვის და მასთან სამომავლო შეხვედრა არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩემს უფლებებს“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

ამავე პროცესზე, საზოგადოებრივმა ადვოკატმა სალომე არდოტელმა, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს სავალდებულო წესით დაუნიშნა, განაცხადა, რომ ის ვერ დაიცავს ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, ვისაც ის ნდობას უცხადებს.

„მე, როგორც იურიდიული დახმარების საზოგადოებრივ ადვოკატს, პრეტენზია მაქვს, რომ ჩემზე დაკისრებული სამართლებრივი მოვალეობები პირნათლად და უმაღლეს დონეზე შევასრულო. ამის გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ადვოკატი როდის ინიშნება, საზოგადოებრივი ადვოკატი საქმეზე მაშინ ინიშნება, როცა სავალდებულო დაცვის შემთხვევაა, ამ შემთხვევაში, ყველა ვთანხმდებით, რომ სავალდებულო დაცვას არ აქვს ადგილი.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატსა და დასაცავ პირს შორის ურთიერთობა უმთავრესად ემყარება ნდობას. მე ვერ დავიცავ ადამიანს, რომელსაც ჰყავს ადვოკატი, რომელსაც ნდობას უცხადებს. თითოეულის ადვოკატი, ვისი უფლებადამცველადაც დავინიშნე, გამოცხადებული არის პროცესზე, მათგან პროცესის გაჭიანურების სურვილს ადგილი არ ჰქონია“, – თქვა სალომე არდოტელმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის შუამდგომლობა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებმა ნდობა მხოლოდ მათ მიერ დაქირავებულ უფლებადამცველებს გამოუცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g