„ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე – როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა“, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც მან საკუთარ სიტყვაში ასევე აღნიშნა, თუ მას ან რომელიმე ბრალდებულს, რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.
„დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.
მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება. და კიდევ ერთი საკითხი, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან“, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
ლიკა გუნცაძე: „არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ჩემ შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე იზრუნეთ! ჩემთვის პრიორიტეტი ესაა!“
„უნდა დავიხსნათ ჩვენი ბიჭები და არ გაძლევთ იმის უფლებას ივაჭროთ მათით და ჩვენით! არ დავასახელებ ჯერჯერობით ვინც გამოვიდა გუშინ და თქვა ეს!“
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოყენებულია ონლაინ გამოცემა – „პუბლიკას“ ფოტო