მომღერალ გიორგი ჭოხონელიძესა და მის მეორე ნახევარს, ანეტა ნიკურაძეს თებერვალში მეორე შვილი შეეძინათ. ქალიშვილს ნინა დაარქვეს, წყვილის უფროს ვაჟს კი ლუკა ჰქვია, ბიძის პატივსაცემად. ნატო გელაშვილის ოჯახში ახლა დიდი ბედნიერება სუფევს, გიორგი და ანეტა მშობლების დახმარებით შვილების მოვლას უმკლავდებიან, თუმცა ანეტა აღიარებს, რომ მეორე შვილის შეძენის შემდეგ არცთუ ადვილი პერიოდია, ვინაიდან თავად მუშაობს კიდეც…
ანეტა, ინტერვიუზე შეთანხმება ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ძალიან დაკავებული ხართ უკვე ორი შვილის მოვლით…
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ორი შვილი და პარალელურად, სამსახური… სამსახურს ვერ და არ დავანებებ თავს, იმიტომ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობები მაქვს.
ქალიშვილი როდის შეგეძინათ?
მეორე შვილი შეგვეძინა, 11 თებერვალს…
ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ცოტა დროა გასული და უკვე სამსახურში ხართ… ძალიან ენერგიული ადამიანი ყოფილხართ…
მეტსაც გეტყვით. ნამშობიარევი, იმავე დღეს, სამსახურის საკითხებს ვაგვარებდი ონლაინ (იღიმის). მადლობა უფალს, მშობიარობამ ძალიან კარგად ჩაიარა, ვიყავი მხნედ და შევძელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. მე ვმუშაობ Steinway & Sons-ში. ჩემი ოჯახი ფლობს ამ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობას, მე კი გახლავართ კომპანიის დირექტორი. რთული არ ყოფილა, რადგან როცა ოჯახურ ბიზნესში ხარ, გაგებით ეკიდებიან და ითვალისწინებენ ყველა დეტალს. უბრალოდ, მე თავად ვარ ასეთი ენერგიული ადამიანი, არ შემიძლია, სახლში დავჯდე და ერთი საქმე ვაკეთო. მუდმივად უნდა ვიყო მოძრაობაში და რაღაცასთან შეხებაში. თავად ვიყავი იმის მომხრე, რომ სამსახურს რაც შეიძლება მალე დავბრუნებოდი.

მეუღლეს არ გაუკვირდა?
არა (იღიმის). ექვს თვემდე ორსულობის პერიოდი ისე გავატარე, რომ მანქანითაც დავდიოდი და ყოველწუთიერ ქმედებებში ვიყავი, სამსახური, სახლის რემონტი… ექვსი თვის შემდეგ პრობლემა შემექმნა, იმდენი ვირბინე, ნაადრევი მშობიარობა რომ არ დამწყებოდა, წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. ეს კი ნამდვილად ძალიან გამიჭირდა…
როგორია გოგონაა პატარა ნინა? ადვილია მისი მოვლა?
არ მიყვარს ტყუილები (იღიმის). ვერ მოვიტყუები და გეტყვით გულწრფელად, პირველ ბავშვთან შედარებით, საკმაოდ აქტიური გოგოა, ღამე არ სძინავს, თავისებური ხასიათი აქვს, ჯერ ვერ გავიგეთ, როგორი. თუ დაიძინა, ვამბობთ ხოლმე, რომ გვეშველა. ახლა ვირუსი გადაიტანა და ხასიათში ცვლილება დაუტოვა. ლუკა ექვს თვემდე ისე მივიყვანეთ, ვკითხულობდით, ეს ბავშვი საერთოდ ხმას თუ ამოიღებსო. მუცელშიც ასეთივე აქტიური იყო…
ანეტა და გიორგი ლუკასთან ერთად

ლუკა როგორ შეხვდა დის დაბადებას?
გამოხატული ეჭვიანობა არ ჰქონია, მაგრამ მაინც ჩანს ცოტა ეგოიზმი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არაფერი იგრძნოს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დის მოვლაში ჩართული ვამყოფოთ.
ლუკა ვის ჰგავს?
ლუკა თავიდან ბოლომდე გიორგია, ფერებით მამას ჰგავს, ხანდახან იერით მეც მამსგავსებენ. რა ვიცი, მთავარია, იყოს ჯანმრთელი, რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაემსგავსება. ნინა ფერებით ჩემკენ არის, მუქი ფერის თმა აქვს, ვფიქრობთ, რომ შეიძლება, გარეგნულად უფრო ჩემკენ წამოვიდეს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. იერითაც ვერავის ვამსგავსებთ.
როგორ გეხმარებათ გიორგი ბავშვების აღზრდაში?
ორი შვილის მოვლა ჩვენთვის მარტივი არ არის, ორივე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ, მოგეხსენებათ გიორგის საკონცერტო ცხოვრების ამბავი… პირველი ბავშვი, ასე ვთქვათ, ერთად გავიარეთ… სიურპრიზად მოგვევლინა მეორე შვილი და ვერ დავმალავ, საკმაოდ გაგვიჭირდა. გიორგი უკვე გამოცდილი მამაა. არც მას და არც მე ზედმეტად არაფრის თქმა არ გვჭირდება. ერთი გადახედვით ვხვდებით, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, მათ შორის ღამის თენებებში. არის შემთხვევები, როცა მეუბნება, დაიძინე და მე გავიყვან ბავშვსო…
ქალბატონი ნატო როგორ არის ჩართული შვილიშვილების მოვლასა და აღზრდაში?
ეს არის მართლა ცალკე ამბავი. ნატოს სულ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ ბიჭები ვიცი და გოგოები არაო… რადგან თავად ბიჭების დედაა… მაგრამ ახლა, კადრი რომ განახათ, როგორ არის მიწებებული ნატო ნინაზე… თავისი ურთიერთობა აქვთ. ლუკას საკუთარი ადგილი აქვს ნატოსთვის, მაგრამ ნინამ სხვა სიყვარული შემოიტანა ოჯახში… ყოველდღიურობაში ნატო ძალიიან მეხმარება, ჰარმონიული დამოკიდებულება სუფევს ჩვენს ურთიერთობაში, რაც დამერწმუნებით, დიდი კომფორტია…
ნატო გელაშვილი ლუკასთან ერთად

ანეტა, რემონტი ახსენეთ და ცალკე ხომ არ გადადიხართ?
ამჟამად ნატოსთან ვცხოვრობთ, მაგრამ ვფიქრობდით ცალკე გადასვლას და გვქონდა რემონტი, ყველა დეტალის შერჩევა თავად გვინდოდა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, ხან ერთს მოსწონს, მეორეს – არა… საბოლოოდ, ან ვთმობდით, ან ჭეშმარიტებამდე მივდიოდით, რადგან ორივეს ისეთი ხასიათი გვაქვს, ბოლომდე ჩვენი აზრის გატანა გვინდა, მაგრამ რა თქმა უნდა, წლებთან ერთად, ესეც ნელ-ნელა გაიფილტრა და ერთმანეთის მიმართ დათმობა გაგვიჩნდა. თავიდან მართლა დიდი კამათი გვქონდა სხვადასხვა საკითხზე.
მოკლედ, სახლი გარემონტდა, ერთი თვის მონაკვეთში შეიძლება ცალკე გადავიდეთ და ჩვენს საყვარელ პატარა კუსკუსა სახლში ავიდგათ ფეხი. ისიც ვიცი, რომ საკმაოდ რთული იქნება. როცა ადამიანი გყავს ოჯახში, რომელიც ბავშვს გამოგართმევს და მოგეხმარება, ეს სხვა კომფორტია, მაგრამ ჩვენმა მშობლებმაც გაიარეს ეს გზა და ჩვენც უნდა გავიაროთ, რაღაცები გასავლელი და სასწავლია…
ლუკა და გიორგი პატარა ლუკა ჭოხონელიძესთან ერთად

ლუკა, როგორც ბიძა, როგორია?
ბიძა ცოტა სენსიტიურია პატარების მიმართ. სულ ამბობს, ვაიმე, ხელში ვერ ავიყვან, რამე არ ვატკინოო, ლუკასთან თავისებური მიდგომა აქვს, ნინასთან მოფერების ფორმაც სხვანაირია. ბიჭი რომაა და თან, ლუკა, იქ ძმაკაცობაა, გოგოსთან კი ნაზი და ფრთხილი დამოკიდებულებაა, მაგრამ აქედანვე აფრთხილებს, რომ როცა გაიზრდება, სერიოზულ კონტროლში იქნება. მამა, ბიძა, ძმა – ნინას სერიოზული მაკონტროლებლები ეყოლება (იღიმის).
ანეტა, წლების შემდეგ თქვენი იდეალური ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ? კიდევ გსურთ შვილების ყოლა?
ჩემს მეგობრებსაც დაუსვამთ ეს კითხვა, თან, საკმაოდ ხშირად. და მყავს, ისიც გათხოვილია და გეგმაში აქვს შვილების ყოლა. მინდა კიდევ ერთი შვილი, დღეს ფიზიკურად ვერ გავაჩენ, რადგან ორგანიზმს სჭირდება რესურსის აღდგენა, მაგრამ ზოგადად მესამე შვილიც ძალიან მინდა. ასეთი იყო ბავშვობიდან ჩემი იდეალური ოჯახის სახე – დიდი ოჯახი, ჟრიამული, ბებიები და ბაბუები ჩვენი შვილების სიყვარულში, ლუკას შვილები, მეუღლე, ჩემი და თავისი ოჯახით… ესაა ჩემი საოცნებო მომავალი…