ჰიბრიდული ომი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უცხო ქვეყნის ქმედებები ეთნიკური ჯგუფების დასაპირისპირებლად, ეკონომიკური ექსპანსიის საფრთხე, საგარეო კურსის შეცვლის მცდელობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფარული ოპერაციების ჩასატარებლად გამოყენების მცდელობა და დესტაბილიზაციის კერების შექმნის საფრთხე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით აქვს.
სუს-ის ანგარიში მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სუს-ის საქმიანობა პოლიტიკური ოპონენტების დევნაა. თუმცა, ანგარიში მოსაწონი არც საექსპერტო წრეებისთვის აღმოჩნდა.
ანგარიში თუ მოვლენების აღწერა
სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არა ანგარიში, არამედ მოვლენების აღწერა იყო, რომელშიც არ ჩანდა რა ღონისძიებები განახორციელა სუს-მა. მას არც ანგარიშისთვის დამახასიათებელი სხვა კომპონენტები ერთვოდა, ისეთი, როგორიც არის მომავლის შეფასება და გეგმები.
“ძალიან ზოგადი ინფორმაცია იყო მოცემული, რაც ყოველთვის არსებობს, ისეთი, როგორიცაა ექსტრემიზმი, ტერორიზმი და ა.შ. მოცემული იყო ინფორმაცია, რომ სხვა სახელმწიფოები საქართველოში ეწევიან ჰიბრიდულ საქმიანობას, ეს თუ არ დაკონკრეტდა, ასეთი ზოგადი განცადებებით შედეგს ვერ მივიღებთ“, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
ჰიბრიდული ომი სუს-ის ანგარიშში მნიშვნელოვან პრობლემად არის დასახელებული, რასთან დაკავშირებითაც სუს-ი “მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა ვითარების მონიტორინგს და შესაბამის ღონისძიებებს ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების, აღკვეთის, ასევე მათგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირება-განეიტრალების მიმართულებით. გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად აღკვეთილ იქნა „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება”.
მკითხველი ვერ იგებს, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა სუს-მა, გამოავლინა თუ არა ის პირები, ვინც აწარმოებენ ჰიბრიდულ ომს. ჰიბრიდული ომის ნაწილში აღსანიშნავია, რომ სუს-ი გარკვეულ მედიასაშუალებებზეც საუბრობს, რომელსაც რუსული რბილი ძალა იყენებს და დეზინფორმაციას ავრცელებს, თუმცა, რაიმე კონკრეტიკას არც აქ ვხვდებით და მოსახლეობას კვლავაც არ აქვს ინფორმაცია, რომელი მედიასაშუალებები ავრცელებენ ყალბ ამბებს. გამოწვევების პასუხად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული: “აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების, ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენის, მათგან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და აღკვეთისაკენ”. ამ ნაწილშიც კონკრეტიკა, თუ რომელი უცხო ქვეყნის სპესამსახურებზეა საუბარი, არ გვხვდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრთხეები, რომელიც სუს-ის მიერ ანგარიშშია იდეტიფიცირებული, მეტ-ნაკლებად რეალობას შეესაბამება, თუმცა, როგორც ბათუ ქუთელია “ფორტუნასთან” ამბობს, არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები და არ ჩანს მათთან გამკლავების გზებიც.
„ზოგადად ანგარიშის აღწერილობითი ნაწილი ნორმალურია, რაც საფრთხეებს შეეხება, მაგრამ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავის პრიორიტეტები. აქ პრიორიტეტები არ ჩანს, მაგალითად, არ ვიცით, რომელი უფრო პრიორიტეტულია ტერორიზმთან ბრძოლა თუ რუსეთის ოკუპაცია, თუ რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე ტერორიზმი. ყველა საფრთხეს აქვს თავისი შეფასების შკალა, რადგან ამ პრიორიტეტებიდან გამომდინარე უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტი და გადანაწილდეს. ბიუჯეტიც ანგარიშის ნაწილი უნდა იყოს, თუ რა რესურსები აქვთ და როგორ ანაწილებენ ამ რესურსს. დამატებით ფული სჭირდებათ თუ არა და ა.შ. მე პირადად ვფიქრობ, რომ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში გაცილებით მეტი უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე იხარჯება”, – აღნიშნავს ბათუ ქუთელია.
აქვს თუ არა სუს-ს საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგია
ანგარიშში, იდეტიფიცირებულ საფრთხეებთან ერთად, რაიმე სტრატეგიის არსებობის შესახებ, არ წერია. ნოდარ ხარშილაძე ვარაუდობს, რომ სუს-ს ეს სტრატეგია, რომლითაც გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს, არ აქვს.
„სუს-მა ყურადღება უნდა მიაქციოს სტრატეგიას, რომელიც არ აქვთ და კონკრეტიკას, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინოს. სტრატეგია რომ ჰქონდეთ გამოაქვეყნებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ სტრატეგია ღია ტიპის დოკუმენტია, გასაიდუმლოებული შეიძლება სამოქმედო გეგმა იყოს, რადგან არ აქვთ სტრატეგია გამოქვეყნებული, ესე იგი არც არსებობს”, – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.
როგორც ბათუ ქუთელია ამბობს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ უსაფრთხოება ერთ უწყებაზე მიბმული საკითხი არ არის. ხოლო ანგარიშიდან არ ჩანს, რამდენად არსებობს ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ანაგრიშში არ ჩანდა, ეს არის ამ საფრთხეებთან გამკლავების გზები. დღევანდელ დღეს საფრთხეები და უსაფრთხოება ერთ უწყებაზე მიბმული საკითხი არაა. ეს არის მჭიდრო კოორდინაციის საკითხი და უნდა იყოს ერთიანი სამთავრობო მიდგომა. არ ჩანდა ანგარიშში, რა ერთიანი საკოორდინაციო მექანიზმი არსებობს ამისთვის“, – აღნიშნავს ბათუ ქუთელია.
ხელისუფლების წარმომადგენლები ანგარიშში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მწირი ინფორმაციის მიზეზად საიდუმლო ოპერატიულ მუშაობას ასახელებენ. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ანგარიშს დახურულ რეჟიმშიც განიხილავენ, სადაც მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს. “ეს განსაკუთრებით ეხება ჰიბრიდულ გამოწვევებს, ოკუპაციასა და კონტრდაზვერვას”, – ამბობს სესიაშვილი.