“როდესაც ამ ანგარიშის წარსადგენად პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვა, ჩვენ გვექნება უკიდურესად მწვავე შეკითხვები, უფრო სწორად, ეს შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან ქართველ საზოგადოებას აქვს.” – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს და და სვამს კითხვას, თუ რა წარმატებებზე საუბრობს ანგარიშში პრემიერი, როდესაც ქვეყანას პანდემიის მიმართულებით სრული ჩავარდნა აქვს.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერის ანგარიში პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
სამადაშვილი საუბრობს გაზრდილ ფასებზე, გამქრალ სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ კრახზე და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ ყველაფრის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხავს:
“ვფიქრობ, ძალიან რთულია რაიმე პროგრესზე საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მიმართულებით გვაქვს სრული ჩავარდნა იმიტომ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ვაქცინაციის და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის. პანდემიის მართვის მიმართულებით არის ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვილი საზოგადოებაში.
რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში გაზრდილ ფასებს, გამქრალ სამუშაო ადგილებს, სრულ ეკონომიკურ კრახს. ამიტომ გაურკვეველია, საერთოდ რა წარმატებაზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. როდესაც პრემიერ-მინისტრი მოვა პარლამენტში ამ ანგარიშის წარსადგენად, ჩვენ გვექნება უკიდურესად მწვავე შეკითხვები, უფრო სწორად ეს შეკითხვები საქართველოს ხელისუფლებასთან ქართველ საზოგადოებას აქვს. ჩვენ ამ შეკითხვებს დავუსვამთ პრემიერ-მინისტრს.” – თქვა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში წარედგინება.
ირაკლი ღარიბაშვილი ამავე დოკუმენტის წარდგენით პლენარულ სხდომაზეც გამოვა.