ანგინა იგივე მწვავე ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. სასის ტონზილების ინფიცირება შესაძლებელია რამდენიმე გზით: ჰაერწვეთოვანი გზით, ალიმენტური გზით (როდესაც დაავადების გამომწვევი ხახაში ხვდება საკვებთან ერთად); აუტოინფექციის შედეგად (დაავადება უმეტესად ხახაში მუდმივად მობინადრე მიკრობებით თვითდასნებოვნების შედეგად ვითარდება). ამ პროცესს ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტება განაპირობებს.
ანგინის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, გადახურება, იმუნოგლობულინების დეფიციტი, ჰიპოვიტამინოზი, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები. არსებობს ანგინის რამდენიმე ფორმა:
კატარული ანგინა იწყება ყელში სიმშრალისა და წვის შეგრძნებით (ხახის უკანა კედელი და სასის ტონზილები გაწითლებული და შეშუპებულია). შემდგომ აღინიშნება ზომიერი ტკივილი ყლაპვისას, აგრეთვე – თავის ტკივილი. ტემპერატურა, ჩვეულებრივ, 37 გრადუსს არ აღემატება. კატარული ანგინა, წესისამებრ, 3-5 დღეში თავისთავად იკურნება.
ფოლიკულური ანგინის დროს ტონზილები გადიდებულია და მათ ზედაპირზე თეთრი ბურთულების სახით მოჩანს დაჩირქებული ფოლიკულები. ავადმყოფობა იწყება ტემპერატურის მომატებით 38-390 C-მდე, ძლიერი ყელის ტკივილით, განსაკუთრებით ყლაპვისას, ხშირად ყურში გადაცემით. აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავის, წელის ტკივილი. ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ, ხშირად ღებინებით მიმდინარეობს. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია. ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, ერთ კვირას გრძელდება.
ლაკუნური ანგინა. ამ დროს ჩირქი ტონზილის ზედაპირზე საცობების სახით მოჩანს. ჩივილები და ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც ფოლიკულური ანგინის დროს.
სოკოვანი ანგინა საფუარა სოკოთია გამოწვეული. ამ ტიპის სოკო ადამიანის პირის ღრუში მუდამ არის, ხოლო ორგანიზმის დასუსტებისას, აგრეთვე ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას აქტიურდება და პათოგენურ აგენტად გარდაიქმნება. უმეტესად ავადდებიან პატარა ბავშვები.
ანგინას სიმძიმის შესაბამისად მკურნალობენ. ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. ანტიბიოტიკის დანიშვნისა და შერჩევის პრივილეგია ექიმს ეკუთვნის. ანგინის დროს საჭიროა წოლა, ბევრი სითხის სმა, სავლებების, საწუწნი აბების, საინჰალაციო საშუალებების გამოყენება. მცენარეული პრეპარატებიდან კარგია გვირილის, ევკალიპტის, სალბის ნაყენი. ანგინის პროფილაქტიკა გულისხმობს: ორგანიზმის გაკაჟებას, სწორ კვებას, ინფექციის კერების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას.