ცნობილი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, რომელიც თეა წულუკიანის გაკრიტიკების შემდეგ, სოციალურ ქსელში თავდასხმების ობიექტი გახდა ხელისუფლების მხარდამჭერთა მხრიდან, ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ღია წერილი ჩემს საყვარელ საქართველოს, დიდი ხანია მინდა დავწერო და როგორც იქნა, სიტყვებს თავი მოვუყარე!
პირველ რიგში, მეგობრებო! ძვირფასო ჟურნალისტებო! მაპატიეთ, რომ ვერ გპასუხობთ ზარებზე და მესიჯებზე! ისეთ ადგილას ვიმყოფები, სადაც არც ინტერნეტი და არც ტელეფონი ყოველთვის არ იჭერს! ამასთან ერთად, ვთვლი, რომ ჩემი აზრი გამოვთქვი და დასამატებელი არაფერი მაქვს, პირდაპირ ეთერში იმავე სიტყვების გამეორების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ, მაპატიეთ! უსამართლობასთან, დიქტატურასა და კორუფციასთან ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, უბრალოდ, 9 წელი სად იყავიო, ტროლები რომ მეკითხებით, გიპასუხებთ რომ ის 9 წელი ჯერ სტუდენტი ვიყავი და მერე დამწყები მომღერალი. ჩემი აზრი არაერთხელ გამოვთქვი, მაგრამ მაშინ ჩემს აზრს ოჯახის წევრები იწონებდნენ „ფბ“-ზე მხოლოდ და რამდენიმე მეგობარი, რადგან არავინ არ მიცნობდა ჯერ. ყველაფერს ვაპროტესტებდი მაშინაც, მინისტრების „გულაობას“ ხალხის ხარჯზე, უსამართლობას, მკვლელობებს, დარბევებს და ყველა იმ მარაზმს და კრიმინალს, რასაც წინამორბედი მთავრობა აკეთებდა. თუმცა ვაფასებდი ყველა მათ გაკეთებულ დიდ საქმესაც და იმ ფაქტსაც, რომ ქვეყანა წყვდიადიდან გამოიყვანეს და იქამდე მიგვაქანებდნენ განვითარებისკენ, სანამ არ დაავიწყდათ, ვისთვის აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მაშინ არავინ მიცნობდა და არავინ იცოდა არაფერი ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის შესახებ! ასე რომ, მართალია ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ დაფიქრდით, აბა, ისინი, ვინც 9 წელზე მეკითხებით. გადაითვალეთ მაინც, რამდენი წლის ვიყავი და თუ სადმე გხვდებოდათ ჩემი როგორც ხელოვანის სახელი იმ წლებში?!
არასდროს ვიქნები არც ერთი მთავრობის თაყვანისმცემელი, მაგრამ კარგს ყოველთვის დავაფასებ და ცუდს არ ვაპატიებ არავის, რადგან კრიტიკა არის განვითარების ერთადერთი გზა. საკითხი ძალიან მარტივად მესმის! ისინი სხედან იქ, რადგან ჩვენ ავიყვანეთ ისინი სამსახურში და ვუხდით ხელფასს. არც წინამორბედი მთავრობა და არც ახლანდელი არ არიან კერპები და ღმერთები. ჩვენს კმაყოფაზე მყოფი კორუმპირებული კრიმინალები არიან უმეტესობა, მაშინდელიც და ახლანდელიც.
მე ვოცნებობ, რომ საქართველოში გაჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იზრუნებს ხალხსა და მომავალზე და რომელიც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ ერთი მარტივი რეალობა აღიქვას: რაც უფრო დიდხანს და წარმატებულად ემსახურები შენს ხალხს და ქვეყანას, მით უფრო დიდხანს იქნები მთავრობაში და ამისგან მხოლოდ მოიგებ შენც და ერიც. არც ერთი პოლიტიკოსი არც წინამორბედი და არც აქტუალური მთავრობიდან არ მიმაჩნია ამ ქვეყნის მართვის ღირსად.
წინა მთავრობას მხოლოდ იმის დამტკიცება უნდა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან და ამის გასაკეთებლად ყველაფერზე წამსვლელებიც არიან, ახლანდელები კი იმდენად ჩაფლულები არიან კორუფციაში, ღალატსა და აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმში ყველა სფეროში, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ არაფრის მართვა და ანადგურებენ ქვეყანას სინათლის სიჩქარით!
მე არ ვდგავარ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე და ვემიჯნები ყველაფერს, რასაც ისინი ქადაგებენ და დაუშვებლად მიმაჩნია ყოფილი პრეზიდენტის ასეთი ტიპის ჩარევებიც, ჩემი მართლაც უდიდესი პატივისცემის მიუხედავად! მე ვემიჯნები აბსოლუტურად ყველაფერს, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება, მათ არაპროფესიონალურ და აბსოლუტურად კორუმპირებულ მთავრობასაც და მიმაჩნია, რომ მილიონი ნაბიჯით დახიეს ქვეყანა უკან და გაგვანადგურეს ყველა.
„ქართულ ოცნებაზე“ უარესი მთავრობა საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია! სისხლიან 9 წელს გვახსენებენ დღემდე და სხვა არანაირი არგუმენტი არ აქვთ იმის ასახსნელად, თუ რატომ სჯობნიან, მათი თქმით, “სისხლიან მთავრობას”! არ სჯობიხართ, ბატონებო! მათ არაფრით ჩამოუვარდებით! უარესებიც ხართ, ბევრად, ბევრად უარესები!
არც ერთი პოლიტიკოსი წინამორბედი მთავრობიდან და არც ახლანდელიდან არ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე. წინამორბედებმა უგუნურებით დაღუპეს ხალხი და ქვეყანა და ახლანდელები პუტინის დავალებებს ასრულებენ, რომ არ მოკლას კგბ-მ ივანიშვილი და ამასობაში გაგვანადგურეს, გაანადგურეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა! ოლიგარქმა შეისყიდა საქართველო და გადაგვცა პუტინს! სიბოროტეს განასახიერებს „ქართული ოცნება“ ჩემს თვალში.
ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
ახლა კი საბოლოოდ რაც მინდოდა მეთქვა. ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში ჩარევა. საქართველოში ყველას გვაქვს აზრი რეალურ დროში მომხდარ რეალურ მოვლენებზე და ამ აზრის გამოხატვის უფლება მეც მაქვს, გინდათ დამეთანხმეთ და გინდათ შემეწინააღმდეგეთ. ზრდილობის, ცივილიზებულობისა და ერთმანეთის პატივისცემის ფარგლებში! თუ ზრდილობა დედამ არ გასწავლათ, მაშინ თავი შეიკავეთ რამეს წერისგან! ცუდი სიტყვა ისევ მთქმელს უბრუნდება ყოველთვის და მას აზიანებს!
მე არასდროს წავალ პოლიტიკაში, რადგან მე ხელოვანი ვარ, ხელოვანი, რომელსაც უყვარს სიგიჟემდე თავისი ქვეყანა და ხალხი და ყოველთვის იბრძოლებს თავისი ქვეყნისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე. მიყვარხართ, ჩემებო.
პ.ს წულუკიანს და მის კრიმინალ კოლეგებს ბოდიშებს არ ვუხდი ამით! ისევ ისე მიმაჩნია, რომ წულუკიანის ადგილი არ არის კულტურის სამინისტროში და ამ კრიმინალური მთავრობის ადგილია ციხეში. ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოს სცენაზე, სანამ ეს ძალიან არაჰუმანური ქალბატონი მართავს ჩემს სფეროს! წულუკიანი უნდა წავიდეს თანამდებობიდან! ასევე ინტრიგანების და ვიღაცისტების საყურადღებოდ! არც „ქოცი“ და არც „ნაცი“ ვყოფილვარ არასდროს, თუ ილუზიაში ცხოვრობდით, გირჩევთ, თქვენს პოზიციებსაც გადახედოთ და რეალურად შეაფასოთ, რა დღეში ვართ დღეს წინა თუ ახლანდელი მთავრობის გამო.
არ მეშინია და ზეწოლა ვერ გამაჩუმებს! ასე რომ, რაღაც სერიალებს ნუ თხზავთ, მეგობრებო!
კიდევ ის, ვინც ილუზიაში იყო, რომ „ნაცი“ ვარ და ახლა მლანძღავთ, უბრალოდ, დაიბლოკებით! ის, ვისაც გგონიათ, რომ ამ სტატუსით წინა მთავრობის კარგი საქმეები აღარ მახსოვს და უცებ ბიძინას მუქარებმა შემაშინა, ისინიც დაიბლოკებით! ისინი, ვისაც უცებ „ქოცი ვეგონები“ და ამის გამო გამლანძღავთ, ასევე დაიბლოკებით! აზრი გამოთქვით, მაგრამ მე ეს მიკერძოებული თქვენთვის კომფორტული ტყუილები არ მაინტერესებს!
მე არ ვიყავი, არ ვარ და არ ვიქნები არავისტი! „საქართველოისტი“ ვარ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ის იქნება ჩემთვის ღირსეული, ვინც ჩვენზე და ქვეყანაზე იზრუნებს! ეს მთავრობა რომ გვანგრევს და თვითონ მდიდრდებიან, ეგ კი ვიცი და ვხედავ და ამიტომაც მიმაჩნია წმინდა წყლის სიბოროტედ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი.
მე ერი და ქვეყანა მაინტერესებს და ვინც აგვაშენებს, იმას უშველოს უფალმა…“