LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ჯოხაძე: კონცერტი ჩემი მუსიკალური განცდებით ავაწყვე… სიმღერები ამ კონცერტიდან დღეს უკვე მყარად დგას მუსიკალურ ათეულში

49
ანრი-ჯოხაძე

2 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ანრი ჯოხაძე სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე და კონცერტზე გაჟღერებულ კომპოზიციებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერების „თეთრი რაში“, „ფესვები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ და „საქართველოს მანანებო“ პრემიერა შედგა.

ანრი, ვისაუბროთ კონცერტზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და რომელსაც არანაირი კრიტიკა არ მოჰყვა, მხოლოდ დადებითი კომენტარები…

რა უცნაურია, ჩვენს დროში, როცა ადამიანები ერთმანეთის პირისპირ ჩასაფრებულებიც კი ვართ, რომ რაღაც ცუდი დავწეროთ, გავლანძღოთ, გავთათხოთ… ვიცოდი, რომ კარგი და ემოციურად მოსასმენი კონცერტი იქნებოდა, მაგრამ ვერასდროს დავუშვებდი, რომ ეს კონცერტი კომერციულად ასეთ ეფექტს მოიტანდა. მილიონობით ნახვა დააგროვა სხვადასხვა ვიდეოებმა და ეს გარდა შემოქმედებითისა, კომერციული წარმატებაცაა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს ასეთი არატრენდული ჟანრი ასეთი პოპულარული გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქართველები ბუნებით პატრიოტები ვართ და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ეს ის სიმღერები იყო, რომლებიც წლები არავის გახსენებია, ამიტომ უფრო მივეცი საშუალება, რომ სატელევიზიო კონცერტი ყოფილიყო. დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გადავიტანოთ.

ვიდეო: „ფსოუს წყალი” – ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის შესანიშნავი შესრულება

როდის დაიგეგმა აღნიშნული კონცერტი?

საახალწლო კონცერტი 3 იანვარს გავიდა, 4 იანვარს უკვე ლაღიძის „განთიადის“ მონახაზი მქონდა გაკეთებული. ფაქტობრივად, 4 იანვრიდან დავიწყე მზადება და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა მიიღო ის ფორმა, რაც ეთერში გავიდა.

თავიდანვე პატრიოტული სიმღერების გაკეთება გქონდა ჩაფიქრებული?

ზოგადად, მე სულ მინდოდა ამ ჟანრის გაკეთება. დავიწყებ იქიდან, რომ მე არ მივეკუთვნები იმ არტისტებს, რომლებიც ტრენდებს მიჰყვებიან. ძალიან კარგია, რომ აკეთო ის, რაც მოდურია, მაგრამ ჩემთვის უფრო გამოწვევა და ერთგვარი ამოცანაა შევეხო იმ ჟანრს, რომელიც არც მოდურია, არც ტრენდულია. არა მოდური, არა ტრენდული, თითქმის ყველასგან მივიწყებული სიმღერები ამ კონცერტიდან დღეს უკვე მყარად დგას მუსიკალურ ათეულში, პირველ, მეორე, მესამე ადგილზე „იუთუბის“ „თრენდინგებში“.

ახალი ნამუშევრები ძველ ვერსიებს რომ შევადაროთ, დიდი სხვაობაა, რაც ახალი თაობისთვისაც კარგია,

რა თქმა უნდა, რადგან ახალგაზრდას უკეთესი შეფუთვით, დღევანდელი ჟღერადობით უნდა. შეიძლება, ზოგ სიმღერაში ბევრი არაფერი შემიცვლია არანჟირებაში, მაგრამ რაღაცნაირად დღევანდელ დღეზეა საუნდი მორგებული. შესაბამისად, ახალგაზრდას დღევანდელი ჟღერადობით გაკეთებული უფრო აინტერესებს. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ქართული სიმღერა და სწორედ იმ მომენტებს ელოდებიან, თუ ვინ განაახლებს ძველს და გენიალურს. სიმღერას ყოველთვის ფაქიზად ვეპყრობი, რომ ავტორი არ გამიბრაზდეს და ის ორიგინალი დარჩეს.

ვიდეო: „ემოციების ზღვა და ფეხზე წამომდგარი დარბაზი” – ანრი ჯოხაძის, ნიკოლოზ ხარატისა და ოთო ბაზერაშვილის შესანიშნავად შესრულებული „საქართველოს მანანებო”

ვისაუბროთ სიმღერაზე „საყვარელო მამულო“,

ეს კონცერტის ერთ-ერთი ბრილიანტი მონაწილეა და მართლაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი, მაია ჯაბუა შემომიერთდა და ჩვენ ერთად შევასრულეთ არაჩვეულებრივი კომპოზიტორის, ლეგენდარული ქალბატონის, მაცაცო სებისკვერაძის „საყვარელო მამულო“. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ზოგადად ქალბატონ მაცაცოს შემოქმედებასთან შეხება. მადლობა მას, რომ ასეთ შემოქმედებას გვაზიარა ქართველი ერი.

რას გვეტყვი სიმღერაზე „განთიადი“?

„განთიადზე“ რა უნდა ვთქვა, ის თავისთავად ამბობს თავის სათქმელს. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, რომ ეს შედევრი შემესრულებინა. კონცერტის მსვლელობის დროს აღვნიშნე კიდეც, რომ აქამდე ამ მწვერვალებს მხოლოდ ჩვენი ქალღმერთი მომღერლები იპყრობდნენ. რაღაცნაირად გავრისკე, რადგან სულ, მთელი ცხოვრება მინდოდა, რევაზ ლაღიძის და აკაკი წერეთლის ეს გენიალური ნაწარმოები შემესრულებინა. არ ვიცი, როგორ გამომივიდა…

მოგვიყევი სიმღერაზე „ბათუმს ქათქათას“,

ეს არის ლილი იაშვილის საოცარი სიმღერაა, რომელიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელასთან ერთად შევასრულე.

რიგით პირველი სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, შენი და მერაბ სეფაშვილის „თეთრი რაშია“, ორიოდე სიტყვით გვითხარი ამ ნამუშევრის შესახებ,

ეს არის ჯუმბერ ჯანდიერის ლეგენდარული სიმღერა, რომელსაც დღემდე ასრულებს ლეგენდარული მერაბ სეფაშვილი. მე ეს კონცერტი ჩემი მუსიკალური განცდებით ავაწყვე. 90-იან წლებში პირველად მოვისმინე და გავიაზრე, რომ ეს პატრიოტული სიმღერაა, რომ საქართველოზეა. კონცერტის მსვლელობის დროს, აღვნიშნე, რომ მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა და შემდეგ უკვე ლეგენდარული არტისტი გვიმღეროდა, რომ საქართველო უსასრულო ფიქრია. ეს იყო ჩემი განცდა და ეს ჩემი ბავშვური მოგონებები გავაცოცხლე ამ კონცერტზე. ჩემთვის მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და პატივია მერაბ სეფაშვილის გვერდით დგომა. მახარებს ის, რომ „თეთრი რაში“ დღეს „იუთუბის“ „თრენდინგებშია“

„იუთუბზე“ ასევე ძალიან ბევრი ნახვა აქვს შენი და ეკა კახიანის დუეტს, „ჩემი სამშობლო ჩემი ღმერთია“…

ამ სიმღერას უფრო „სვანეთია თუ ხევსურეთია“ სახელწოდებით იცნობენ. სხვათა შორის, ეს ვერსია ეკა კახიანს ეკუთვნის. ზოგადად, ეკა განსაკუთრებულად მიყვარს, ის ერთ-ერთი უნიჭიერესი და უნიკალური ქალია ჩვენს შოუ ბიზნესში. სიმღერის ავტორი რუსუდან სებისკვერაძე გახლავთ.

კიდევ ერთი სიმღერა, რომელიც მსმენელმა კონცერტზე მოისმინა იყო „საქართველო ლამაზო“.

„საქართველო ლამაზო“ თეიმურაზ ნაცვლიშვილის და ანა კალანდაძის გენიალური სიმღერაა. სხვათა შორის, ბოლო წუთამდე ვერიდებოდი ამ სიმღერის შესრულებას. იმდენ კარგ შემსრულებელს აქვს ნამღერი, რომ თავს ვიკავებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვიმღერე.

შემდეგი სიმღერაა „აშო ჩელა“…

მგონია, რომ მეგრულმა სიმღერამ სხვა მუხტი შემოიტანა კონცერტზე. ამით ჩემი ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატე მეგრელების მიმართ. ვხუმრობ ხოლმე, დედით გურული ვარ, მამით რაჭველი და ტვინით მეგრელი-მეთქი.

სიმღერა „კახეთო“…

ნინო დუღაშვილის ამ გენიალურ სიმღერასთან, სულ ისე ვიყავი, რომ გინდა, რომ იმღერო და ვერ ბედავ. მქონდა შიში, მემღერა, არ მემღერა, გამერისკა თუ არ გამერისკა. ბოლოს მაინც ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ყველაფერი ვიმღერე.

რიგით მეორე სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება „ფესვები“ გახლავთ, მოგვიყევი ამ ნამუშევარზე…

ლეგენდარული, საკულტო, ეროვნული მნიშვნელობის ნაწარმოებია. ეს არის ალექსანდრე რაქვიაშვილის მართლაც აბსოლუტური შედევრი. ეს არის ნაწარმოები, რომელიც ყველა თაობამ იცის და ყველას უყვარს. საგუნდო ნაწილი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის. ლექსი ირინა სანიკიძეს. გადავწყვიტე, რომ ჩვენი ემიგრანტებისთვის შემესრულებინა ეს სიმღერა. ერთგვარი ქედის მოხრა იყო ჩვენი ემიგრანტებისთვის ჩემი მხრიდან, მინდოდა ამ ფორმით მათ მოვფერებოდი. ჩვენი ემიგრანტების წილი ჩვენი ქვეყნის გადარჩენაში უზარმაზარია. ზოგი თინეიჯერობის ასაკში წავიდა და დღეს უკვე ბებიები არიან უცხო ქვეყანაში, ეს ძალიან მტკივნეული აღსაქმელია.

ვიდეო: „თეთრი რაში” – მერაბ სეფაშვილისა და ანრი ჯოხაძის საოცარი შესრულება

ვისაუბროთ სიმღერაზე „ვაგონი მიქრის“, რომელიც სრულიად განსხვავებულად და ორიგინალურად იყო წარმოდგენილი შენს კონცერტზე.

არ ვიცი, ვისთვის როგორ იყო, მაგრამ მე კონცერტის მსვლელობის დროს ვთქვი, რომ ყველა ქართულ, პატრიოტულ სიმღერაში ჩვენი ქვეყნის მძაფრი ეპიზოდებია აღწერილი. როცა ამ პროექტს ვამზადებდი, ვფიქრობდი, 90-იანი წლების გაუბედურებულ საქართველოზე რომელი სიმღერა იქნებოდა ყველაზე ადეკვატური, სად ჩანს იმ პერიოდის ყველაზე მახინჯი მხარე. გადავხედე და ეს იყო „ვაგონი მიქრის“. მასში მართლა საშინელი ეპიზოდებია აღწერილი. არტისტებმა, მაკა შალიკაშვილმა, ბაჩო ჩაჩიბაიამ, გიორგი ცაავამ, გიორგი გასვიანმა, რომლებიც ტექსტის წასაკითხად მოვიწვიე, საოცრად ემოციურად გადმოიტანეს ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მძაფრად, რომანტიზების გარეშე დაგვანახეს, რა სიმახინჯე იყო 90-იანი წლების საქართველო.

სიმღერა „ფსოუს წყალი“,

ეს ერთგვარი ქედის მოხრა იყო ჩვენი გმირების წინაშე, რადგან ეს დღე არაფერს ნიშნავს მათი გვარების და სახელების გარეშე. მათ ყველაზე მთავარი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ეს ჩემი ვალი იყო. პერფორმანსისას მაქსიმალურად გამოვიტანეთ მათი სახელები და გვარები ეკრანზე.

შემდეგი სიმღერაა „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“…

უკომენტაროდ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, რომ მე შევძელი და გოგი დოლიძესთან გავაკეთე დუეტი ზურაბ მჟავიას და მორის ფოცხიშვილის აბსოლუტურ შედევრზე. ჩვენი ხელოვნების ისტორიაში არ არსებობს ისეთი ქართული, ისეთი დიდი მასშტაბის მომღერალი, როგორიც გოგი დოლიძე იყო. მიმაჩნია, რომ ცოტათი დაუფასებელია ეს გენიოსი მომღერალი და უფრო მეტი პატივი უნდა მივაგოთ. მე ამ ფორმით შევძელი, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა მისდამი სიყვარული და ქედი მომეხარა ამ დიდი მომღერლის წინაშე.

მესამე სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება არის „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“…

ეს სიმღერა ჩემთვის დიდებულ კომპოზიტორს, საოცარი სიმღერების ავტორს, ზურაბ მჟავიას ეკუთვნის. ლექსი მურმან ლებანიძის გახლავთ. ამ სიმღერას დიდი გოგი დოლიძე ასრულებდა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, სარისკო იყო, გოგის მერე მისი სიმღერა შემესრულებინა. მაქსიმალურად შევეცადე ანრი ვყოფილიყავი და არ მქონოდა გოგის დიდებული შესრულების გავლენა. არ ვიცი როგორ შევძელი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ კომენტარებში ლანძღვა არ შემხვედრია. იმით ვმშვიდდები, რომ საზოგადოებამ კარგად მიიღო.

სიმღერა „ქუთაისო ჩემო“…

ზურა მანაგაძის ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერაა და ესეც წლებია მინდოდა გამეკეთებინა და შანსი ჩავიგდე ხელში, რომ ამ კონცერტში შემეტანა და ძალიან დიდი სიყვარულით მიმეძღვნა ჩემი ქუთათურებისთვის. ქუთაისი ჩემთვის მეორე სახლივითაა. „ქუთაისოს“ შემთხვევაში, სპეციალურად გადავწყვიტე, რომ რიტმი დამერღვია, რადგან ყველა წინამორბედი შემსრულებელი ორიგინალ ვერსიას მღეროდა. გადავწყვიტე, აღარ გამემეორებინა ის ვერსია და ტემპი ცოტა ავაჩქარეთ.

„წითელფეხება მტრედებო“…

ავთო შარვაძის ძალიან ნოსტალგიური, ძალიან ძველი სიმღერაა და ეს მართლა ის ნამუშევარია, რომელიც არავის განუახლებია.

„მხარე ლამაზი“…

სიმღერა, რომელსაც ჩემი ეთერ კაკულია ასრულებდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სავიზიტო ბარათი იყო. ეს მაცაცო სებისკვერაძის ფანტასტიკური სიმღერაა და მე ამ სიმღერით გავხსენი კონცერტი, რადგან ძალიან პოზიტიურია, დადებითი ენერგია აქვს.

კიდევ ერთი სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება არის „საქართველოს მანანებო“, მოგვიყევი ამ ნამუშევარზე…

ეს კოლაბორაცია ჩვენს ფანტასტიკურ მომღერლებთან, ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ჩემთვის გარკვეულწილად საეტაპოა, გარდა იმისა, რომ უკვე ერთი კვირაა „იუთუბის“ ტრენდებში პირველ ადგილზეა. ეს გიორგი ცაბაძის და ალეკო შენგელიას საოცარი სიმღერა ასევე არავის გაუახლებია. მე, როგორც ცოტა უსაქციელო არტისტმა, რომელსაც შემიძლია თავზე ხელაღებით რაღაც სიმღერები ჩავწერო, გადავწყვიტე, რომ ეს ორი სასწაული მომღერალი ბიჭი მომეწვია და ერთად შეგვესრულებინა „საქართველოს მანანებო“. ვამბობდი, რომ პირველ ადგილზე მოხვდებოდა „იუთუბის“ ტრენდებში და ყველაზე დიდი გამოხმაურება ექნებოდა, რადგან ფანტასტიკური ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. ეს ბავშვები მომავლის იმედის განცდას აჩენენ. ჩემთვის ბედნიერებაა მათთან ერთად ამ სიმღერის შესრულება, წლები გავა და მე ვიამაყებ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვიდექი სცენაზე.

 

ანრი ჯოხაძე – ფესვები

 

ანრი ჯოხაძე – ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

 

ანრი ჯოხაძე & მერაბ სეფაშვილი – თეთრი რაში

 

ანრი ჯოხაძე, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი – საქართველოს მანანებო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანრი ჯოხაძე. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები