როგორც „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური წერს, სასცენო ხელოვნების უმაღლესი სკოლის რექტორმა, ანატოლი პოლიანკინმა კონსტანტინე რაიკინი მისივე სახელობის თეატრალური სკოლის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა. ცნობილი არტისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებმა გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტანტინე რაიკინი 12 აპრილიდან ამ თანამდებობას აღარ იკავებს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და მიუღებელს უწოდებენ. სტუდენტები ითხოვენ, რომ ამ სიტუაციას ყურადღება მიექცეს და ასეთი უნიკალური სასწავლებელი არ განადგურდეს.
მედიასთან თავად რაიკინმაც დაადასტურა თანამდებობიდან გათავისუფლების ამბავი: „ვადასტურებ, რომ ეს ნამდვილი ინფორმაციაა. ეს სიტუაცია დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, აღარ ვარ სამხატვრო ხელმძღვანელი“, დასძინა მან.
ანატოლი პოლიანკინმა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე სტუდენტები აუდიტორიაში არ შეუშვა, რითაც სასწავლო პროცესი ჩაშალა და ასევე სასწავლებელს სახელიც გადაარქვა, რომ ის ამიერიდან კონსტანტინე რაიკინს აღარ უკავშირდებოდეს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სხვა ხელოვანებთან ერთად, რაიკინმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც ომის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. სწორედ ამ ხელმოწერას უკავშირებენ რაიკინის დევნას რუსეთში.