LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ოდიშარია: ბედისწერა არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ… ყველა გამოვლინებას თავისი მიზეზ-შედეგობრიობა აქვს

91
ანზორ-ოდიშარია

7 ივნისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა ბედისწერა, ბედისწერის განმსაზღვრელი ფაქტორები და მისი ფორმირება გახლდათ.

ანზორ ოდიშარია: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ბედისწერასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა ის, შეგვიძლია თუ არა მისი შეცვლა და ზოგადად, რა არის ბედისწერა. ითვლება, რომ ბედისწერა ორ მნიშვნელოვან ასპექტს, დაბადებას და გარდაცვალებას განსაზღვრავს. თუ ძველ ლეგენდებს, მითებს წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ადამიანებს მაშინაც ეძლეოდათ უნარი, შეეცვალათ ბედისწერა დიდი დამსახურებით. ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, ისინი, ვისაც ბედისწერა სრულიად გაწერილი და გათვლილი აქვთ და რომელთაც არ აქვთ ფორმირებული და შეუძლიათ შეცვალონ. ეს ყველაფერი კი ხასიათის მაჩვენებლებით, ინტერესით, შესაძლებლობებით არის განპირობებული. თუ ჩვენ არ ვიცით ინსტრუმენტი, რომლითაც ბედისწერა იცვლება, თუ არ ვიცით, როგორ მუშაობს ის, როგორ მოქმედებს და რა კანონებით განისაზღვრება ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა მოვლენები, მაშინ ჩვენ სრულიად ბედისწერას ვექვემდებარებით.

შეიძლება, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა ვინც, მაგალითად, ეზოთერიკაში და მსგავს მიმართულებებში ვერ ერკვევა, მაინც შეძლოს ბედისწერის შეცვლა?

კი, თუ ადამიანისთვის ახლოა მიზან-შედეგობრივი კანონის მცნება, თუ იცის, რა მოქმედებას რა მოჰყვება, თუ აწყობილი აქვს ღირებულებების, ფასეულობების სისტემა, მაშინ შესაძლებელია. ამბობენ, რომ ბედისწერის შეცვლას დიდი ენერგია და დიდი ინფორმაცია სჭირდება.

ზოდიაქოს ან დაბადების წლების მიხედვით თუ შეგვიძლია ვთქვათ ადამიანების გარკვეულ კატეგორიაზე, რომ მათ ბედისწერის შეცვლა შეუძლიათ?

არა, ასე არ არის, ეს უფრო გაცნობიერებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, როდესაც ჩემთან მოდის კლიენტი და მის ბედისწერაში ვხედავ, რომ უნდა მოხდეს ავტოკატასტროფა, ცუდი შემთხვევა, მინიმალურამდე დამყავს ეს ყველაფერი, ანუ შესაძლოა მოხდეს შემთხვევა, მაგრამ არავინ დაშავდება. ეს ცოდნა ძალიან კარგად აქვთ გამჯდარი სხვადასხვა რელიგიურ მიმართულებებსაც. მთავარი არის ის, რომ შენ თუ იცი, რა გელოდება და შენ თუ დაიწყებ მის ცვლილებას, შეცვლის ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს.

ურთიერთობები რომ ავიღოთ, ხშირად მეკითხებიან, ესა თუ ის ადამიანი შეეთავსებიან თუ არა ერთმანეთს, მე კონკრეტული, იმ დროს არსებული მონაცემით, არსებული ენერგიით, ემოციური მდგომარეობით ვადგენ, შეეთავსებიან თუ არა ერთმანეთს. თუ მათ შორის ერთი ადამიანი შეიცვალა, განვითარდა და ა.შ. , მაშინ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს კიდეც. ყველაფრის ცვლილება შეიძლება. ზოგჯერ, ადამიანები სხვა ადამიანთან ურთიერთობის გამო ვითარდებიან კი არა, პირიქით, რადგან მეორე ადამიანი იმდენად დაბალია განვითარებით, უნარებით, განათლებით, მისი ხასიათით, რეგრესს განიცდიან და მის დონემდე დადიან. ეს ერთგვარი გამოცდაა. ასეთ ურთიერთობაში არ უნდა შევიდეთ.

როცა ფინანსურ კეთილდღეობას, ბიზნესის წარმოებას ვაკვირდები და ვხედავ, რომ 2 წლის შემდეგ მათ კრიზისული პერიოდი უდგებათ, თუ ისინი გაითვალისწინებენ რჩევებს, მოემზადებიან კრიზისისთვის, გადაანაწილებენ რესურსებს, ეს ყველაფერი მარტივად და უშფოთველად გადაივლის. თუ არ გაითვალისწინებენ და მიჰყვებიან სიტუაციას, რა თქმა უნდა, იქ კრიზისი მოხდება.

ადამიანების რამდენ პროცენტს შეუძლია ბედისწერის ცვლილება?

ეს ყველაფერი დედის მუცლიდან არავის მოჰყვება, ეს ისწავლება. ბედისწერა არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მონური ფსიქიკით არიან, რომელთაც არ სურთ, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ.

კიდევ, მინდა, რომ  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს, სიზარმაცეს შევეხოთ. თურმე, სიზარმაცე არ არსებობს, არსებობს ცოდნის შიში. როდესაც ბავშვები ვერ სწავლობენ, ზარმაცობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზარმაცები არიან, ისინი უბრალოდ ვერ იგებენ, ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ისწავლონ, რა უნდა ისწავლონ და რატომ.

ესე იგი, თუ ამ ბავშვებს სწორად მივუდგებით, ზარმაცები არ იქნებიან?

დიახ, თუ მათ კონკრეტული თემით დავაინტერესებთ. მაგალითისთვის, ჩემს დას როდესაც რაიმეს ვასწავლი, ვუკითხავ ზღაპრებს, სხვადასხვა ლიტერატურას, თან ვახმოვანებთ, ვთამაშობთ, როლში ვართ და თან ვუხსნი, რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. ვუხსნი, თუ მას რაღაც არ ეცოდინება, რაში შეუშლის ხელს. თუ ჩვენ ბავშვს ვასწავლით კომუნიკაციის წერტილს, რომლითაც საზოგადოებაში წარდგება, მისი ბედისწერაც შეიცვლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ბავშვის აღზრდა, გაზრდა 12 წლამდე და მერე, რაც არ უნდა ქნა, უკვე ვეღარ ცვლი მონაცემს, მერე შეგიძლია უბრალოდ რაღაც დეტალები შეცვალო, განათლება და ა.შ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანებს ბედისწერის ცვლილება არ შეუძლიათ, თუ საკუთარი თავის ცვლილება არ შეუძლიათ.

როგორც მივხვდი, ეზოთერიკაში ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება და მთავრდება…

ყველგან ასეა, ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა, სწავლება, თუნდაც ფილოსოფია რომ ავიღოთ, ყველა ერთსა და იმავეს ამბობს – შეიცან თავი შენი და შეცვალე, გაამყარე, გააძლიერე.

ახლა გადავიდეთ ბედისწერის მაპროვოცირებელ მეორე საკითხზე, საგვარეულოზე. თუ შენს საგვარეულოში, წინაპრებთან პრობლემა არსებობს, მაგალითად, ფორმირდა ისეთი რამ, რომ ბოლო 4 თაობის მანძილზე ყველა მძიმე დაავადებით გარდაიცვალა, ეს უკვე არის მდგომარეობა, ანუ ბედისწერაში ეს ინფორმაცია, კოდი ჩაიწერა. მაგალითად, ყველა ქალბატონი ბოლო თაობების მანძილზე ერთნაირი მიზეზით კარგავს ოჯახს, მეუღლეს და რჩება მარტო. თუ შენ დღეს ამას არ შეცვლი, ხვალ შენს შვილს მოუწევს იგივე ბედისწერის გავლა. პრობლემის მოგვარება პირველ რიგში უნდა დაიწყოთ, გააზრებით, თუ რამ აპროვოცირა ეს პრობლემა. თუ გაიგებთ, რამ აპროვოცირა, შეძლებთ ამ ყველაფრის შეცვლას.

ასეთ დროს პროფესიონალის დახმარება რამდენად საჭიროა?

ამ შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულებებით შეიძლება დახმარება, ეზოთერიკა ერთადერთი გასაღები არ არის. ბევრი გზა არსებობს, მაგალითად, ფსიქოლოგია, რელიგიური მიმართულება, ფილოსოფია, მედიტაცია, მთავარია ადამიანმა რაღაციდან დაიწყოს. უბრალოდ, ეზოთერიკა პირდაპირ პასუხებს იძლევა, თუ რის გამო, რა შეიძლება მოგივიდეს. მაგალითად, თუ შენ ზურგი გაწუხებს, ვიღაც შენზე ჭორაობს და განგიხილავს ზურგს უკან, თუ ფეხები გტკივა და სიმძიმეს განიცდი, ესე იგი დიდი პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე, თუ სიმსივნური წარმონაქმნები გაქვს, გაქვს დიდი იმედგაცრუება და წყენა, რამაც ეს ყველაფერი აფორმირა. ყველა გამოვლინებას თავისი მიზეზ-შედეგობრიობა აქვს და ეზოთერიკა ზუსტად ამას სწავლობს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები