“რაც შეეხება აშშ-ს როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ და ქვეყნდება გარკვეულ პლატფორმაზე, ვებსაიტზე და არ ხდება ამის წინასწარ განხილვა”, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვას – აპირებს თუ არა აშშ შეუერთდეს სანქციებს, რადგან უკრაინის მთავრობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, მათ სანქციებს შეუერთდნენ და დაუწესონ სანქციები მათ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვედრილ პირებს.
რაც შეეხება მედიის კიდევ ერთ შეკითხვას, უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებაზე დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს, მაგრამ არა თავად ივანიშვილს, კელი დეგნანი პასუხობს, რომ “უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მიემართოს”.
შეგახსენებთ, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა.
კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს – ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.