ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობის ფაქტებს იძიებს და ეს საქმე შესაბამის უწყებების პრეროგატივაა.
ამასთან, მისი თქმით, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა იყო კონსპირაციის თეორიებიც, თითქოს აღნიშნული „სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო“, რასაც ის „არასერიოზულს” უწოდებს.
„რამდენჯერმე დავაფიქსირე უკვე ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ვგმობ ძალადობას. ნებისმიერი ტიპის ძალადობა ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების გამოძიებას, გარკვეული ქმედებებიც განახორციელეს. იმის გარდა, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ვწუხვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა. ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რაიმე დამატებითი გითხრათ. მე არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.
სხვათა შორის, ბოლოს, როდესაც ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული, ცოტა არასერიოზული, კონსპირაციული თეორიებიც იყო, თითქოს რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს სტრატეგიული ნაბიჯი, პოლიტიკაში მოსვლის სვლა იყო თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია. მე ზუსტად ერთი წლის წინ 17 მაისს, ერთი ერთში იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო. ნებისმიერი ტიპის ძალადობა, ნებისმიერი მიმართულებით მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული. ამის იქით აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის დაცვა და დანარჩენ დეტალებს შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ “,- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, ცოტნე ივანიშვილმა გამორიცხა და უპასუხა: „არანაირად, არა“.
