3 აპრილიდან, დედაქალაქში, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სათაო ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეითმა ინსპექტორებმა მომავალი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კომპანიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს.
მომავალი კვირიდან კი დაიწყება ქვეითი ინსპექტორების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც ისინი „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგკურსებს დაესწრებიან.
პირველი-ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ.
შემდეგ კი, კანონის დამრღვევებს, 2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრის შემთხვევაში 80 ლარიანი ჯარიმა, 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრის შემთხვევაში კი – 150 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.