ლარი ბოლო დღეებში მუდმივად უფასურდება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა 3,46 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 3,4464 ლარს გაუტოლდა- მარტის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ეს 3,6%-იანი გაუფასურებაა.
ქართული ვალუტის გაცვლითი კურსი 3,4 ლარის ნიშნულს 2020 წლის 27 მარტს გასცდა, როდესაც დაფიქსირდა ისტორიული მინიმუმი-3,48.
ლარის გაუფასურების ფაქტორებზე და სამომავლო პროგნოზებზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა, ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
ლარი ბოლო პერიოდში მუდმივად უფასურდება, საინტერესოა თქვენი შეფასება რა ფაქტორები ახდენს ლარზე გავლენას, რა არის ლარის ასეთი მკვეთრი გაუფასურების მიზეზები?
„ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე და გამყარებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ეს არის გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ფაქტორები.
კატასტროფული გაუფასურების მომსწრე გავხდით. ამის შესახებ 1 თვის წინაც გავაკეთეთ განცხადება, ველოდებოდით მარტის ბოლოს ვალუტის გაუფასურებას, ფასების ზრდას.
საქმე ისაა, რომ 1-ელი აპრილისთვის საქართველომ უნდა დაფაროს 500 მილიონამდე დოლარი, რომელიც ჯერ 2008 წელს აიღო წინა მთავრობამ და შემდეგ, 2011-12 წლებში თავიდან გააკეთეს, რეფინანსირება გადაფარეს და ახლა გადის ვადა.
ასევე პირველი კვარტალია და მოგეხსენებათ, უცხოელი არარეზიდენტი ინვესტორები შემოდიან საქართველში და დაინტერესებულები არიან ფულის ჩადებით.
საქართველოში საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია, ისინი შემოდიან უცხოური ვალუტით, შემდეგ აკეთებენ ტრანზაქციებს ლარში და ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს, რათა ნახონ მეტი მოგება წლის ბოლოს.
შარშან როცა შემოვიდნენ 327 მილიონამდე იყო ინვესტიცია, გავიდა 1 წელი და ზოგიერთი მათგანი შეიძლება ფიქრობს, რომ გავიდეს საქართველოს ფასიანი ქაღალდებიდან.
ამიტომ ლარზე ზეწოლა რომ მოხდებოდა პირველი კვარტლის ბოლოს ჩვენ ეს ვიცოდით.
საერთოდ, როდესაც კურსი უფასურდება ვითხოვთ ხოლმე ინტერვენციების დაუყოვნებლივ განხორციელებას.
მინდა აღვნიშნო, რომ ინტერვენციების მთავარი დანიშნულება მხოლოდ კურსის გამყარება არ არის, ინტერვენციებს რეგულატორი გამოიყენებს მაშინ, როდესაც უნდა მიაწოდოს ვალუტა და ხედავს, რომ არასაკმარისი ვალუტაა.
სამწუხაროდ, აქ ამუშავდა ის ფაქტორი, რაც 3 მარტიდან განვაცხადეთ-არის საშიშროება ვალუტის კურსზე იყოს პოლიტიკური ფაქტორები. როდესაც პოლიტიკური ფაქტორი ამოქმედებულია ნიშნავს, რომ ინვესტიციები შემოდის ნაკლებად და თუ ვინმე შემოსულია ისიც ფიქრობს წასვლას და ამიტომ უარყოფითად აისახება. 10 დღის წინაც გავაკეთეთ განცხადება, რომ არის იმის საშიშროება ვალუტის კურსზე იმოქმედოს ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა.
ფსიქოლოგიური ფაქტორი, საერთოდ, სავალუტო ბაზარს ახასიათებს, მხოლოდ რეგულატორს არ სჯერა, რომ ასეთი ფაქტორი არსებობს. ეს არის ფაქტორი, როდესაც ლარის კურსი იწყებს გაუფასურებას, ადამიანებს სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ, დანაზოგები ვინმეს თუ რამე აქვს გადაიყვანენ დოლარში, ანუ იყიდიან დოლარს, ხოლო კომპანიები, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ, სჭირდებათ თუ არა დოლარი, ისინი არ ელოდებიან თანხის შეგროვებას და მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ შეიძინონ დოლარი.
ბატონო ნიკა, რამდენად მოქმედებს ლარის კურსზე გარე ფაქტორები? მაგალითად ის, რომ თურქეთში ლირა საგრძნობლად გაუფასურდა?
„რაც შეეხება თურქეთში ლირის გაუფასურებას, ეს არ არის ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, უბრალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადააყენეს და ამან სავალუტო ბაზარზე მყისიერი მოქმედება გააკეთა.
როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აკეთებს რაიმე განცხადებას, კურსის რყევები ხდება ხოლმე, მაგრამ ამ პერიოდში ვალუტის გაუფასურებას ლირის გაუფასურებას ვერ დავაბრალებთ.
რაც შეეხება რუსულ რუბლს, რუსული რუბლი საკმაო ხანი მყარდებოდა, შემდეგ გაუფასურდა, მოძრავ რეჟიმშია.
მთავარი რაც ქართულ ლარს სჭირს ეს არის არასწორი ეკონომიკური განვითარება, რაც ათეული წლებია გრძელდება.
ვგულისხმობ იმას, რომ ძირითადი აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ ტურიზმის სექტორზე.
თქვენ აღნიშნეთ ინტერვენციები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ბაზრის დასტაბილურობის მიზნით გეგმავს ინტერვენციების განხორციელებას, მაგრამ ლარის კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები, რომელთა გაკონტროლება მის ძალებს აღემატება.
როგორც ვიცით, სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ აუქციონზე უკვე 160 მილიონი დოლარი გაყიდა.
ბატონო ნიკა საკმარისი იქნება თუ არა ინტერვენციების განხორციელება?
„ეროვნულმა ბანკმა კარგად იცის, რომ ინტერვენციების გაკეთება მოუწევს, მაგრამ ჩვენ ვაკრიტიკებთ იმ კუთხით, რომ ინტერვენცია უნდა იყოს დროული და არა დაგვიანებული.
რა თქმა უნდა, ინტერვენციები რომ დროულად გაეკეთებინა ეროვნულ ბანკს, ინტერვენციები დაანახებდა ბიზნესს, მოსახლეობას, განწყობას შეუქმნიდა, რომ ეროვნული ბანკი თავის სადარაჯოზეა და არ მოხდებოდა ასეთი გაუფასურება.
ახლა რა ინტერვენციების განხორციელებაც მოუწევს ეროვნულ ბანკს, იმის ფონზე, ჩვენ ვნახავთ, რომ ლარის კურსი ახალ ნიშნულს დაიკავებს, არ ჩამოვა 3.25-ზე ან დაბლა, მაგრამ სადღაც 3.36-3.38-იან ნიშნულს დაიკავებს, ოპტიმისტური პროგნოზით.
მაგრამ 6 აპრილიდან ლარის კურსი შემოვა კორექციაზე, ეს მერყეობა რაც ახლა ხდება არის გადაჭარბებული და ეს აყოლილია ფსიქოლოგიურ ფაქტორს.
მაგრამ სამწუხარო ფაქტორია ის, რომ მათთვის, ვისაც პროდუქცია შემოაქვთ, ჩვენ ვიცით, რომ 80% იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ფასები ნამდვილად არ დაიწევს დაბლა.
ლარის კურსის გაუფასურების ფონზე რა ელის ინფლაციას, ფასებთან დაკავშირებით როგორია თქვენი პროგნოზი? ბოლოს პერიოდში ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხშირად შევხვდებით პოსტებს სოციალურ ქსელში, მომხმარებლები წუხილს გამოთქვამენ ისეთ პირველად პროდუქტებზე როგორიცაა ზეთი, მაგალითად 8 ლარი ფიქსირდება ფასი უკვე, რა ელის ფასებს, როგორია თქვენი პროგნოზი?
„აპრილის ბოლოდან ფასების მატება უნდა შეჩერდეს.
რაც შეეხება ინფლაციას, მე წლიურ ინფლაციას ველოდები, 4,8-6%-ის ფარგლებში, ეს უკვე 2021 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში.
რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა აწია და 8,5 პროცენტია ახლა, ამ წელს ჩვენ ვნახავთ, რომ კიდევ აიწევა საპროცენტო განაკვეთი.“-აღნიშნა ნიკა შენგელიამ “ფორტუნას” ეთერში საუბრისას.