LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აპრილის თვე მიმდინარე ომში მნიშვნელოვანია – პუტინს უნდა რომ…“ – ვახტანგ მაისაია რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ეტაპზე საუბრობს

158
ვახტანგ მაისაია

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე პერიოდი რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანია, რადგან ვლადიმერ პუტინს უნდა, რომ 9 მაისის აღლუმს დონბასის დაკავებული ტერიტორიით შეხვდეს. ამასთან ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ თუ რუსეთმა დონბასის ტერიტორია დაიკავა ის ამით არ დაკმაყოფილდება.

სამხედრო ექსპერტის თქმით, რუსი დამპყრობლების მიზანს ოპერატიული ჯგუფის „თავისუფლების“ ალყაში მოქცევაც წარმოადგენს, რადგან ისინი ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ყველაზე ძლიერი ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების დროული მიწოდება მოხდეს. სამხედრო ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ ის იარაღი, რომლის მიწოდებაც ომის მიმდინარეობის პირველ ეტაპზე უკრაინისთვის მოხერხდა საკმარისი არ იქნება და საჭიროა უფრო მძლავრი სამხედრო შეიარაღება.

„ომის მეორე ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება არამარტო უკრაინამ, არამედ რუსმა ოკუპანტებმაც გააკეთეს. მე დიდი ხნის წინ ვამბობდი, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყებოდა მეორე ფაზა. მეორე ეტაპის ძირითადი მიმართულება რუსი ოკუპანტებისთვის არის გადმოტანა საბრძოლო მოქმედებების ცენტრისა, უკრაინის ცენტრალურ რეგიონებში. მათ სურთ, რომ დონბასის ტერიტორია დაიკავონ და ალყაში მოაქციონ ოპერატიული ჯგუფი „თავისუფლება“, რომელიც ყველაზე ბრძოლისუნარიანი და ყველაზე ძლიერი ოპერატიულ-სტრატეგიული შენაერთია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. ისინი ცდილობენ გაარღვიონ ე.წ. უკრაინული „მანერჰეიმის“ ხაზი, რომლის პირობითად რომ ავიღოთ არის იზუმიდან ავდეევკის ტერიტორიაზე, რომელსაც რამდენიმე ეშელონიზირებული თავდაცვითი ზღუდეები აქვს. რუსმა ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა პირველი ფაზის პერიოდში „მანერჰეიმის“ ხაზს ვერაფერი ვერ მოუხერხეს. როგორც ჩანს მეორე ფაზის პერიოდში რუსებმა თავი მოუყარეს მათ ხელთ არსებულ ძლიერ შენაერთებს.

კონცენტრირებულია საკმაოდ სერიოზული სამხედრო-საჰაერო ძალები. რუსებმა დაიწყეს საარმიო ავიაციისა და სტრატეგიული შემტევი ელემენტების გამოყენება. პრინციპში, პირველი ფაზიდან რუსებმა მარიუპოლიც კი ვერ აიღეს და ეხლა მიდის ბრძოლა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის მიმართულებით, რომელიც მოიცავს 15 კმ-იან სივრცეს და საკმაოდ მყარი, გაძლიერებულ ციტადელს წარმოადგენს რუსი ოკუპანტებისათვის.

რუსებმა დღეს ან ხვალ შეიძლება განავითარონ თავიანთი შეტევა ხერსონის, ნიკოლაევის და ოდესის მიმართულებით. ამის მერე კი შეეცადონ გავიდნენ ზაპოროჟიეს და კრივოე როგის მიმართულებით და განახორციელონ მასირებული შტურმი ხარკოვზე. ეს არის ძირითადი მიმართულება, რომელიც რუს ოკუპანტებს მეორე ფაზის ფარგლებში აქვთ.    

აპრილის თვე მიმდინარე ომში მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა პუტინმა დაუსახა თავის შეიარაღებულ ძალებს კონკრეტული ამოცანა, რომ 9 მაისისთვის დაიკვაონ დონბასი. პუტინს უნდა, რომ 9 მაისის აღლუმს დონბასის დაკავებული ტერიტორიით შეხვდეს. ეს კრემლისათვის საკმაოდ კარგ მიღწევად ჩაითვლება.

ღმერთმა არ ქნას და თუ რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს დონბასი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ხელს აიღებენ უკრაინის შემდგომ მიმართულებებზე წინსვლისაგან. რა თქმა უნდა არა. ისინი შემდეგ შეეცდებიან კიევს მიუახლოვდნენ სამხრეთისა და აღმოსავლეთის კუთხით. კიევის დაცვა შედარებით იოლია ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, მაგრამ მისი დაკავება საკმაოდ იოლია თუ მასზე შეტევა განხორციელდება დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ეს კრემლის ყველაზე „სანუკვარი ოცნებაა“. ჯერჯერობით ომის მეორე ფაზის საწყისი ეტაპი დაიწყო და ძირითადი კონცენტრაციის წერტილი დონბასია, მაგრამ საწყისი მიმართულებაა ალყაში მოაქციონ ოპერატიული ჯგუფის „თავისუფლება“.  

აუცილებელია მოხდეს უკრაინისათვის დროული შეიარაღების მიწოდება. სამწუხაროდ ომის პირველი ფაზის პერიოდში უკრაინელებმა გმირულად შეძლეს რუსული ძალის მოგერიება. შემთხვევით არ არის, რომ რუსებმა გამოიყენებს ე.წ. „მოგუდვის სამხედრო სტრატეგია“, ანუ ისინი შეეცადნენ გაენადგურებინათ, რაც შეიძლება მეტი ლოჯისტიკური, სამხედრო-ტექნიკური და სარესურსო ცენტრები.

დასავლეთი, როგორც ჩანს მიხვდა ბოლოს და ბოლოს, რომ უკრაინისთვის აუცილებელია სერიოზული შეიარაღების მიეწოდება და არა ისეთი შეიარაღებისა, რომელსაც მათ აქამდე აწვდიდნენ. შეიძლება ის ეფექტური იყო ომის პირველი ფაზის პერიოდში, მაგრამ არ იქნება ეფექტური ომის მეორე ფაზის დროს, რადგან რუსებს საკმაოდ სერიოზული შეიარაღება აქვთ მობილიზებული. მთავარია, რომ დროულად მოხდეს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება. უკვე დაიწყო უკრაინისათვის სხვადასხვა შეიარაღების მიწოდება, საუბარია: საბრძოლო ტანკებზე, საარტილერიო ზალპურ სარაკეტო სისტემებზე, ასევე საცეცხლე საარტილერიო სისტემებზე, ფრთოსან ბალისტიკურ რაკეტებზე, ბრიტანულ ჰარპუნებზე და ჯავშანმანქანებზე. ასეთი ტიპის შეიარაღება იქნება სერიოზული და განსხვავებული იმისაგან, რაც დასავლეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ომის პირველი ფაზის მიმდინარეობისას მიაწოდა“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები