”რადიო დუეტს” ნინი ბადურაშვილი ესტუმრა.
– როგორ ხარ ნინი, დიდი პაუზა გამოგივიდა…
– ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. ძალიან მიხარია, რომ ახლა მსმენელი ჩემს ახალ სიმღერას მოისმენს. დიდი ხანია მსმენელისთვის ახალი სიმღერა არ შემითავაზებია. დიდი პაუზა გამოვიდა. ვზარმაცობ კიდეც, მაგრამ მინდა, რომ ჩავწერ, ის ღირებული იყოს. მინდა, რომ ჩვეულებრივი არ იყოს, ვფიქრობ, ვეძებ, ბევრ სიმღერას მე თვითონ ვწერ, შემდეგ ვშლი ხოლმე, ხშირად არ მომწონს. თუმცა, მე და ეკას ძალიან კარგი ტანდემი გვაქვს და ყველაზე კარგი ამ დროს გამოდის. ეკა არის ჩემი პირველი შემფასებელიც. ეს ახალი სიმღერაც ჩვენ ორივემ, შარშან ზაფხულში დავწერეთ. ახლა კი გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა უნდა აუცილებლად ჩამეწერა. ის ”ბრავო რეკორდსში” დამზადდა. ”ბრავოში” ვწერ ალბომსაც და დიდი მადლობა ზაზა შენგელიას ამისთვის. რაც შეეხება ფონოგრამას, ის ჩემმა მეგობარმა დიჯეი ძვალმა გააკეთა. სიმღერის მასტერინგი ბოროკო შხიანს, ტექსტი კი მანანა გურგენიძეს ეკუთვნის. სიმღერას ქვია ”აქ ვარ”.
– ალბომზე ვისაუბროთ, როდის იქნება მზად, რამდენი სიმღერა შევა და ა.შ.
– 8-9 სიმღერა უკვე მზად არის. მასში შევა ჩემი ძველი სიმღერები, რომლებიც პირველ ალბომში არ შესულა, შეიძლება 1-2 სიმღერა ინგლისურენოვანი იყოს. ერთი სიმღერა თავიდან ბოლომდე ჩემი დაწერილია, 3-4 ჩემი და ეკას ერთობლივი ნამუშევარია. საერთოდ კარგია, რომ მომღერალი თავის სიმღერას თავად წერს, უკეთესად გადმოსცემს იმას, რასაც გრძნობს.
– რას გრძნობ ხოლმე ნინი, რას გადმოგვცემ?
– რაღაც უნდა მოხდეს ხოლმე. მაგალითად ”მხოლოდ შენთვის”, რომელიც ადრე დავწერე, ჩემს პირველ სიყვარულს ეძღვნებოდა. პარაოლიმპიელებზე დავწერეთ მე და ეკამ ერთი სიმღერა და მაშინაც ძალიან დიდი მუხტი მქონდა, ჩემს გარშემო არსებულ სკანდალებს დაემთხვა.
– სხვებისთვის თუ წერ სიმღერებს და ბოლოს როდის დაწერე სიმღერა?
– წელს დავწერე ერთი სიმღერა, რომელსაც ვამუშავებ. ბევრი სიმღერა მაქვს ასე დაწერილი, მაგრამ ვერ ვრისკავ, რომ გამოვუშვა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ დროს. ქრისტინე მღერის ჩემს ერთ სიმღერას და მე ძალიან მომწონს…
– ახალ სიმღერაზე კლიპიც გადაიღე ხომ?
– მალე გამოვა კლიპი. რგოლი კიკალამ გადაიღო და ”რუსთავი 2” აკეთებს ახალ პროექტს და იქ გამოჩნდება პირველად. ძალიან ლამაზი კოსტიუმები რამაზო რომამ გამიკეთა. მაქსიმუმ ერთ თვეში გამოვა კლიპი, თუმცა ის უკვე მზად არის.
– პრეზენტაციას ხომ არ გეგმავ?
– როდესაც გავა პროექტში, შემდეგ დავგეგმავ აუცილებლად.
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– გეგმები რა თქმა უნდა სიმღერას და კონცერტებს უკავშირდება, ახალ წელს სავარაუდოდ გარეთ შევხვდები, შემდეგ კი სხვადასხვა წვეულებაზე ვიმღერებ. ათი წელია უკვე ასეთ რეჟიმში ვცხოვრობ.
– პატარას თუ აქვს მუსიკალური მონაცემები?
– ძალიან უყვარს სიმღერა და სულ საბავშვო სიმღერის არხებს უყურებს. ასე გამოკვეთილად ჯერ არ ვიცი. როგორც მეუბნებიან, მე ამ ასაკში უკვე ვმღეროდი.
– ”ცეკვავენ ვარსკვლავებზე” მინდა გკითხო…
– ცეკვაზე დავდიოდი ბავშვობაში. ცოტა გული მწყდება, მიმაჩნია, რომ ჩვენმა წყვილმა ადრე დატოვა პროექტი. მიუხედავად ამისა, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა. პირველივე სეზონიდან იყო შემოთავაზება. ვერ ვრისკავდი, მეშინოდა. ძალიან რთული პროექტია, ასეთი რთული თუ იყო, არ მეგონა. პირველივე ეთერის შემდეგ გამაყუჩებლებს ვსვამდი, ტრამვა მივიღე. ახლაც კი, როდესაც ვუყურებ, მაინც ადრენალინს ვგრძნობ, მე მყავს ჩემი ფავორიტრები ამ პროექტში, ეს იყო ნუცა, რომელმაც დატოვა პროექტი, ასევე ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
გადაცემის ვიდეო კოლაჟი
