LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქაც ფრე, იქაც ფრე: დინამო და ჩიხურა პირველ მატჩებში დაზავდნენ

63

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში თბილისის „დინამომ“ ფრედ დაასრულა და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გაუჩნდა.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთში „დუნაისკა სტრედას“ ესტუმრა და მე-15 წუთზე დაწინაურდა. ოთარ კიტეიშვილის გადაცემით მასპინძელთა კარი ბუდუ ზივზივაძემ აიღო. სლოვაკებმა წონასწორობა 30-ე წუთზე აღადგინეს: „დუნაისკა სტრედას“ შეტევა კოტ დივუარელმა თავდამსხმელმა ვაკუნ იუსუფ ბაიაომ დააგვირგვინა – 1:1.

მეორე ტაიმში სლოვაკები ბევრს უტევდნენ და საგოლე მომენტებიც ჰქონდათ. დინამოელები კი მწვავე კონტრშეტევებში ორგანიზებას ახერხებდნენ და 63-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღეს, თუმცა, არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე კი მათე ვაწაძეს შეეძლო „დინამოსთვის“ გამარჯვება მოეტანა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ძელს მოარტყა.

საბოლოოდ, ფრე 1:1, რაც „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლის მშვენიერ შანსს უტოვებს. განმეორებითი თამაში 19 ივლისს „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

დუნაისკა სტრედა 1:1 დინამო თბილისი

გოლი: 0:1 ზივზივაძე 15’ 1:1 ბაიო 30’

დინამო თბილისი: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია, შულაია (ქარდავა 80), კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 46), ზივზივაძე (ვაწაძე 72)

 

 

საჩხერეს „ჩიხურა“ იერუსალიმის „ბეითარ ტრამპთან“ ფრეს დასჯერდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა.

ისრაელის 6-გზის ჩემპიონი „ჩიხურასთან“ შედარებით ბევრად ცნობილი და ტიტულოვანი კლუბია, მაგრამ საჩხერელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს.

მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ ისარგებლა. მიხეილ სადალიშვილის დარტყმის შემდეგ შეხვედრის არბიტრს პენალტის დანიშვნა შეეძლო, თუმცა არ დანიშნა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა ისრაელში 19 ივლისს გაიმართება.


ჩიხურა – ბეითარი 0:0
თბილისი. “მიხეილ მესხი”

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე, მარკოზაშვილი (სარდალიშვილი 57), ბუღრიძე, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 62), მეგრელიშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუხაიძე 79)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები