სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა საქმის განხილვა გრძელდება. გუშინ სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 41 პირი დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ ეს ვადა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოხდილი აქვთ, შესაბამისად ისინი სხდომიდანვე გათავისუფლდნენ.
სააპელაციო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დაკავებულების ადმინისტრაციული საჩივრები განიხილა.
25 ივნისს უნდა გაიმართოს აქციაზე დაკავებული ბექა ბასილაიას პროცესი. მოსამართლეს საჩივრის განხილვის გადადების შუამდგომლობით 23 ივნისს თავად ბასილაიამ მიმართა. ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციაზე სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და სოლიდარობის ნიშნად, პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა მანამდე, სანამ სხვა დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ.