LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე დაკავებული დავით გოგილაშვილი: „სპეცრაზმელმა თავში წიხლი ამომარტყა, ტვინის შერყევა მივიღე, გამიტყდა ცხვირი… საპირფარეშოში შემიყვანეს, ტუალეტის ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო“

152
დავით გოგილაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე დავით გოგილაშვილმა მისი დაკავების მომენტი გაიხსენა და თქვა, რომ დაკავების შემდეგ გაქურდეს და სასტიკად სცემეს:

„ოქმის შედგენის დროს გადარეკეს – რა ჩავწეროთო, რა მუხლს მედავებოდნენ დამკავებელმა პოლიციელებმა არ იცოდნენ, ტელეფონით უთხრეს დაუმორჩილებლობაო…

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნთუშა შევიძინე და მეგობრებთან ერთად სახლში მივდიოდი, რა დროსაც ხალხის ნაკადი გაიქცა, ჭყლეტაში ვერ გავიქეცით, გავჩერდით, სპეცრაზმს ვთხოვეთ, რომ მივდიოდით და გავეტარებინეთ, გაგვიშვეს კიდეც, მაგრამ ტატო ქელბაქიანს თავს დაესხნენ. რთულია გასახსენებლად. გავიქეცით, შეგვეშინდა, უკრაინკას ქუჩაზე მცემეს, ხელები გავშალე იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერს ვაშავებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ტელეკამერებს რომ გავცდით, ჩემი წამება დაიწყო. სახეში მომხვდა მუშტი, რამაც შოკში ჩამაგდო, დაიწყეს გაჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი, გამქურდეს და კიდევ უფრო სასტიკად მცემეს. სპეცრაზმელმა წიხლი ამომარტყა სახეში და ცხვირი გამიტყდა, შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი, მეუბნებოდნენ კიდეც, რომ კიდევ თუ მოხვალ აქციაზე, ვეღარ გადარჩებიო.

დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგული მქონდა. სპეცრაზმელმა ისეთი ილეთი გამოიყენა, რაც წესების გარეშე ბრძოლაშიც კი აკრძალულია, წიხლი ამომარტყა თავში, რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე. საპირფარეშოში შემიყვანეს და სახის მობანა მაიძულეს და ცხვირიდან სისხლდენის შეჩერებას ცდილობდნენ. საპირფარეშოს ქაღალდი მომიტანეს, ამით გაიჩერე სისხლიო. ვითხოვე დარეკვის უფლება და სამედიცინო დახმარება, მამაჩემს საათში დაურეკეს.

9 საათი ვიყავი მანქანაში მცხეთის განყოფილებაში შეყვანამდე. პოლიციელმა – ერთ-ერთი მათგანი აქ არის, რომელიც დღეს მოწმედ ჰყავთ მოყვანილი – მანქანის სავარძელი გამოწია უკან და ვიჭყლიტებოდი მთელი ეგ დრო. მერე წამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩამიტარდა”, – განაცხადა დავით გოგილაშვილმა.

შეგახსენებთ, დავით გოგილაშვილი 30 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ედავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g