LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

141
გიორგი ოკმელაშვილი

სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ ხელმძღვანელ გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„იდაყვისა და მუშტის დარტყმით თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა“, – პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით მგელიაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს ვიდეომასალა, ასევე ნარკოტიკებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებული კანონთან კონფლიქტში 2022 წელსაც იყო, მისთვის ძალადობრივი ქმედება პირველი არ არის და ეს მის პიროვნულ მახასიათებელზე მეტყველებს.

პროკურატურა ოკმელაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

დაკავებულის ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ბრალდებული პოლიციელს თავს არ დასხმია და ეს საკუთარი თავისა და სხვა პირების დაცვის მცდელობა იყო. დღესვე, სასამართლო პროცესზე ადვოკატმა სასამართლოს შესთავაზა დაკავებულის მიმართ სხვა შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი გამოეყენებინათ.

ცნობისათვის, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

„კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პირი სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g