საქართველოს მთავრობამ, 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დასარბევად სპეცრაზმი საოკუპაციო ხაზიდან მოხსნა და თბილისში გადმოისროლა,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გივი თარგამაძე აცხადებს.
რუსთავი 2-ის ცნობით, ინფორმაციამ უშუალოდ დარბევაში მონაწილე პირებისგან გაჟონა.
„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე “კურიერთან” ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზიდან პარლამენტის შენობასთან რამდენიმე დანაყოფი მიიყვანეს.
“რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე კატასტროფულია, იყო გარკვეული საკმაოდ დიდი რაოდენობა, რამდენიმე დანაყოფი, რომელიც მოხსნეს საოკუპაციო ხაზიდან და მოიყვანეს აქ. დაცვის სამსახურები, რომლებიც არის აკუმულირებული, აფილირებული შსს-სთან, ეს იქნება „ალგანი“ თუ სხვა სამსახური, ამ ადამიანებს კიდევ ცალკე დავალება ჰქონდათ, ისინი იყვნენ გაფანტული ხალხში, ისინი ახერხებდნენ პროვოკაციების შექმნას, ადამიანები, რომლებიც პოლიციის მიღმა უსწორდებოდნენ ხალხს, ჩემი აზრით, ეს არის სწორედ ამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძე ამბობს, რომ დარბევაში ყველა ის უწყება მონაწილეობდა, რომელსაც ძალოვან სტრუქტურებთან კავშირი აქვს. სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა, გივი თარგამაძეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ დარბევა წინასწარ იყო განზრახული.
თუ ვინ არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისის ღამეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ გვარს არ ასახელებს გივი თარგამაძე.
„ბრძანებებს ვინ გასცემდა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ამ მომენტში, იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაში ბატონი გახარია, მისი მოადგილე საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ჩუბინიძე, საპატრულო პოლიციის მოადგილე სირაძე, კაკუჩიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი,“ – განაცხადა თარგამაძემ.