თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე კაფე და რესტორანი “მელგრანო” აქციის მონაწილეებს უფასო კვებას სთავაზობს.
როგორც “ფეისბუქზე” თამთა გოგოლაძე წერს, ეს კაფე ორი დღეა პარლამენტთან მდგარ აქციის მონაწილეებს უფასო ლანჩ-ბოქსებით, ყავითა და წყლით უმასპინძლდება.
თბილისში, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო – პროტესტის პირველი ტალღის შემდეგ, გავრილოვი დაცვით, უკან, რუსეთში გააბრუნეს. პირველ დღეს მომიტინგეები, ამ ვიზიტის ორგანიზატორებისა და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ, აქცია სპეცრაზმმა დაარბია. დაშავდა და დააკავეს ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი. მათ შორის რამდენიმემ სერიოზული დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.
დარბევის შემდეგ, პირველი მოთხოვნა შესრულდა – ირაკლი კობახიძემ და ვიზიტის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პროტესტის მეორე ტალღა დარბევის გამო აგორდა – მომიტინგეები ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 3 დღეა აქციები უშედეგოდ იმართება. თუ მინისტრი არ გადადგება, მომიტინგეები დღესაც პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.