საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქტიურად მუშაობენ ავღანეთში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაბრუნების საკითხზე.
მათი თქმით, ავღანეთში კერძო კონტრაქტორად მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამინისტროს დახმარების თხოვნით დღეს დაუკავშირდნენ.
„სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას“, -აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. გამოცემის ცნობით, „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს.
ცოტახნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ის პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა.