თელავივში დღეიდან ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. როგორც ისრაელში მყოფი ჟურნალისტი გიორგი ხუხია რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ აცხადებს, უკვე შესაძლებელია რესტორნებში 30 ადამიანამდე შეკრება, ასევე ფუნქციონირება განაახლეს სავაჭრო ცენტრებმა.
„პანიკა არ არის, თუმცა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა რჩება. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია დამატებითი შეზღუდვების გაუქმება“, – ამბობს გიორგი ხუხია.
ქართველების დაშავებაზე ამ დროისთვის ინფორმაცია არ არსებობს. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ის აქტიურად აკვირდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში ქართველების ჯგუფს და მათ უსაფრთხოებას.
„რაკეტებმა რამდენიმე ქართველის საცხოვრებელი სახლი დაანგრია მაშინ, როდესაც ისინი თავშესაფრებში იმყოფებოდნენ”, – ამბობს გიორგი ხუხია.
რაც შეეხება განგაშის სიგნალსა და თავდაცვის მექანიზმს, როგორც ჟურნალისტი ამბობს, მოსახლეობა მუდმივ მზადყოფნაშია.
„განგაშის სიგნალი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაირთოს. სირენის ჩართვამდე მოქალაქეები დაახლოებით 30 წუთით ადრე იღებენ შეტყობინებას მობილურ ტელეფონებზე, მიუხედავად იმისა, ტელეფონი ინტერნეტთან დაკავშირებულია თუ არა, შეტყობინება, რომელსაც სირენის ხმა აქვს, ყველას მისდის ტელეფონზე. ამის შემდეგ მოდის პირველი შეტყობინება – ეს განგაშის შესახებ წინასწარი გაფრთხილებაა; მეორე შეტყობინება – აცნობებს, ზუსტად რამდენი დრო გვაქვს თავშესაფრებში ჩასასვლელად. მესამე შეტყობინება – ნიშნავს, რომ ერთ წუთში დაიწყება საჰაერო განგაში, ჩაირთვება სირენები და ეს ნიშნავს, რომ ბალისტიკური რაკეტები ისრაელის თავზეა და ამ დროს იწყება „რკინის გუმბათის“ და ანტისარაკეტო სისტემის მოქმედება“, – ამბობს გიორგი ხუხია.
ჟურნალისტის თქმით, განგაშის სიგნალი წუხელ ორჯერ ჩაირთო, ხოლო დილის 7 საათზეც სირენის ხმამ გააღვიძა თელავივის მოსახლეობა.
„წუხელ დაახლოებით 40-მდე ბალისტიკური რაკეტა იქნა გასროლილი. თავდაცვის სისტემამ მათი უმეტესობა გაანეიტრალა, თუმცა 5-6 რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი სამხრეთში მდებარე მაღალტექნოლოგიურ კლინიკას მოხვდა, რომელიც სამხედროებს ემსახურება,“ – აცხადებს გიორგი ხუხია.
მისი თქმით, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 5 დღის განმავლობაში დაშავებულია 400-მდე ადამიანი.