რუსეთში დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი დმიტრი სილინი, რომელიც მოქალაქეებს ჯორჯ ორუელის დისტოპიურ რომანს “1984”-ს ქუჩაში უფასოდ ურიგებდა.
შემთხვევა ივანოვოს ოლქში მოხდა. აქტივისტს ბრალად ედება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია.
ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს. ფაქტის შესახებ “ტელეგრამში” წერს პოლიტიკოსი სერგეი რიმსკიც:
“გახსოვთ ივანოვოში მცხოვრები ბიზნესმენისა და აქტივისტის დმიტრი სილინის ქმედება? (წიგნების დარიგება)
როგორც ჩანს, წიგნების გავრცელება გაიგივებული იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციასთან, რადგან მოქმედებიდან რამდენიმე დღეში, 12 აპრილს რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე (20.3.3 ახალი მუხლი) სილინის წინააღმდეგ.
დღევანდელი რუსეთის სიმბოლიკა”, – წერს რიმსკი.
ტოტალიტარიზმი, მასობრივი კონტროლი და რეპრესიები, რომელიც ცვლის საზოგადოების ქცევას – ჯორჯ ორუელის მიერ 1949 წელს დაწერილი და შედევრად ქცეული დისტოპიური რომანის სიუჟეტი წარმოსახვით მომავალში, 1984 წელს ვითარდება, სადაც მსოფლიოს უმეტესი ნაწილი მუდმივი ომისა და პროპაგანდის მსხვერპლად იქცა, ადგილად, სადაც “დიდი ძმა მუდამ გიყურებს”.
В Иваново на активиста Дмитрия Силина, который бесплатно на улице раздавал роман-антиутопию Джорджа Оруэлла “1984”, завели дело о дискредитации Вооружённых Сил РФhttps://t.co/gTNShtvcjD pic.twitter.com/0U2r0gvPQ1
— Activatica (@Activatica) April 14, 2022