როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია, მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს, მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა, აქვს თუ არა ეფექტი კურორტოთერაპიას დამტვერვის სეზონზე და რა დროს კეთდება ალერგიის საწინააღმდეგო აცრები – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.
როგორ იწყება საგაზაფხულო ალერგია და რა არის მისი ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები?
პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რა არის სეზონური ალერგია და რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. სეზონურ ალერგიას რამოდენიმე ისტორიული სახელი აქვს, ხშირად მას ალერგიულ რინიტს ეძახიან, ასევე პოლინოზსა და თივის ცხელებას. მიზეზი თავად დასახელებიდან მომდინარეობს, სეზონური ალერგია ძირითადად მცენარეული, მტვრის მარცვლის მიმართ ალერგიით არის გამოწვეული.
საქართველოში, ევროპაში, მათ შორის ამერიკაშიც ძირითადად გამოყოფენ სამი მცენარეული სეზონის პერიოდს. პირველი ეს არის ზამთრის ბოლოდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე, ანუ აპრილის 15-20 რიცხვამდე, ხეებისა და მათი მცენარეული მარცვლის მიმართ ალერგია. ეს ხეებია მურყანი, კიპარისი, ჭადარი, თხმელა და ა.შ მეორე უნდა დავასახელოთ ბალახები და მარცვლოვანი კულტურები. ბალახებიდან ეს გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი ინგლისური კოინდარი, თივა ქასრა, ჭვავი, ქერი, შვრია, სიმინდის მტვერი. მათი ყვავილობა არის აპრილის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდამდე. ამის შემდეგ იწყება მესამე ყვავილობის პერიოდი, ეს გახლავთ მცენარეთა ნაირსახეობა, რომელსაც ბოტანიკოსები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცნობენ, როგორც სარეველა მცენარეებს. მათ შორის ყველაზე ძლიერი და აგრესიული ალერგენია ამბროზია, ასევე ავშანი, ბაბუაწვერა და მრავალძარღვა. ადამიანს, რომელსაც აქვს ალერგია ამ მცენარეების მტვრის მარცვლის მიმართ, წელიწადის ამ დროს, ანუ აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის პერიოდში, უვლინდება ალერგიის სიმპტომები.
რაც შეეხება მცენარეების მიმართ ალერგიის სიმპტომებს და იმას, სად არის დარტყმის ძირითადი სამიზნე სეზონური ალერგიის დროს. უხშირესი გამოვლინება სეზონურ ალერგიას აქვს ალერგიული სურდოს სახით ანუ ცხვირის ლორწოვანის ალერგიული ანთება, იგივე ალერგიული რინიტი. სურდოს გარდა რინიტს ახასიათებს გამონადენი, ცხვირის ქავილი, ცემინება და რაც პაციენტისთვის ძალიან შემაწუხებელია, ცხვირის გაჭედილობა. თუ ალერგიის პროცესში ჩაერთო თვალის ლორწოვანი გარსი, ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი, რაც გამოვლინდება თვალის სიწითლით, თვალის ძლიერი ქავილითა და ცრემლდენით. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვთ არაკონტროლირებადი სეზონური ალერგია, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ეს ალერგია ქვედა სასუნთქ გზებში ჩაენაცვლოთ. ანუ ქვედა სასუნთქი გზები ეს არის ბრონქიალური ხე. თუ მე სეზონური მცენარეული ალერგენების ყვავილობის დროს ქვედა სასაუნთქი გზების ანთება განმივითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ხველა, სუნთქვის გაძნელება, ამოსუნთქვისას მსტვინავი ხასიათის სუნთქვა. მე ახლა ჩამოვთვალე სეზონთან ასოცირებული ბრონქული ასთმის კლინიკური სიმპტომები. ამიტომაც ვამბობთ, რომ სეზონური ალერგია ძალიან მნიშვნელოვანია, ის დროზე სადიაგნოსტიკოა, დროულად ამოსაცნობი და სამკურნალოა, რადგან მისი ყველაზე ხშირი გართულება არის ბრონქული ასთმის განვითარების რისკი. და მეორე, ერთ სეზონს შესაძლოა წლიდან წლამდე სხვა ახალი მცენარეების მიმართ მგრძნობელობაც დაემატოს და სეზონი ადამიანს გაუფართოვდეს. ანუ თუ ის რამდენიმე წელი მხოლოდ აპრილსა და მაისში ავადობს, შესაძლოა მეხუთე წლის თავზე მას არც აგვისტო-სექტემბერში ჰქონდეს სიმშვიდე. ამას პოლინოზის გეოგრაფიის არეალის გაფართოებას ვეძახით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორალური ალერგიის სინდრომი, ხშირად მას ეძახიან Polen Food სინდრომს ანუ მცენარისა და საკვების სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ როცა პაციენტს აქვს ალერგია ამბროზიის ყვავილის მიმართ, ამბროზიის ყვავილის მსგავსი მოლეკულური შენება აქვს ბანანს, კივსა და ავოკადოს. ამიტომ თუ ადამიანს აქვს ამბროზიის მტვერზე ალერგია და აგვისტო-სექტემბერში და მას თვალის, ცხვირის ან ბრონქიალური სიმპტომები აწუხებს, შესაძლოა წლის ნებისმიერ დროს, ბანანის, ანანასის ან ავოკადოს მირთმევისას დაემართოს იგივე რეაქცია. ან ამას დაემატოს ტუჩთან და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები.
ალერგოლოგები ხშირად ვეხმარებით პაციენტებს, ჯვარედინი რეაქციების თავიდან აცილებაში. ანუ საუბარია ჯვარედინ მორეაგირე ალერგენებზე, როცა მცენარე და საკვები მსგავსი აგებულების გამო, ადამიანთან ერთნაირად რეაგირებენ.
მწვავდება თუ არა ალერგია ვირუსული ინფექციის დროს და რა გართულებას იწვევს ის?
სამედიცინო მტკიცებულებითი ხარისხის კვლევებით დადგენილია, რომ ალერგიული განწყობის მქონე ადამიანებს ინფექციური დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად ხვდებათ და დაახლოებით, ორნახევარჯერ უფრო ხანგრძლივად გრძელდება გამოჯანმრთელების პერიოდი. ცხადია ამათი კომორბიდობა და თანხვედრა არ არის სასურველი, რადგან ჩვენ ინფექცია და ალერგია ერთმანეთს დავუკავშირეთ, ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს გამოვეხმაურები.
პაციენტები ხშირად ინტერესდებიან, როგორ გავარჩიოთ სეზონური ალერგია გაციებისგან, რადგან სიმპტომები თითქმის იდენტურია. სეზონური ალერგია უხშირესად გვხვდება წინასასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში.
- 2-3 წლამდე ასაკში სეზონური ალერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკულად, არ გვხვდება. ეს იწყება დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან და თავის პიკს აღწევს 8-9-11-12 წლის ასაკში. ესეც ერთგვარი მინიშნებაა.
- ტემპერატურული რეაქცია, რაც დამახასიათებელია ვირუსული ინფექციის დროს, ეს შესაძლოა იყოს 37.1– იც კი, უნდა ვიცოდეთ, რომ ალერგიისთვის ტემპერატურული რეაქცია დამახასიათებელი არ არის.
- ცხვირიდან გამონადენი, ალერგიის დროს მეტად გვხვდება წყლისებური, მაშინ როდესაც გაციებისთვის დამახასიათებელია დასაწყისში გამჭვირვალე გამონადენი, რამდენიმე დღეში კი ის სქელდება, ბლანტი ხდება და ფერს იცვლის.
- ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცემინების სიხშირე ალერგიული რინიტის დროს უფრო შეტევითია. ანუ მას ჩვენ ალერგიულ პაროქსიზმს ვეძახით. გაციების დროს ცემინებისას პაროქსიზმი არ გვხვდება.
- ასევე ალერგიისთვის და განსაკუთრებით სკოლის ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში დამახასიათებელია ეგრეთწოდებული რბილი სასისა და მაგარი სასის ქავილი, ფხაჭნის შეგრძნება. ეს ცხადია, შესაძლოა, ინფექციისთვისაც იყოს დამახასიათებელი, მაგრამ მას ასეთი ხარისხის შემაწუხებლობა არ აქვს.
- თუ 2-3 წლის მანძილზე, ერთსა და იმავე პერიოდში, დაწყებული გვიანი ზამთრიდან, შემდეგ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ატყობთ, რომ პაციენტს აქვს „გაციების“ სიმპტომები, უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გაციება თვეების მანძილზე არ გრძელდება. ესაა ძირითადი მინიშნებები, მათი განგრძობადობა, განმეორებადობა და მცირედი ნიუანსები, რაც ალერგიის ამოცნობაში დაგვეხმარება.
თუ შესაბამისმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქმე ალერგიასთან გვაქვს, რა აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს. მნიშვნელოვანია თუ არა ალერგიული ბავშვებისთვის სპეციალური გარემოს შექმნა ან როგორ მოვარიდოთ ის თუნდაც მტვერს, რომელიც ყველგანაა?
ალერგიის მართვა და მისგან საბოლოოდ განკურნება საკმაოდ რთულია, მაგრამ დღეს თანამედროვე მედიცინაში ალერგია კონტროლს ექვემდებარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ცხოვრების ხარისხი არ გავიუარესოთ და სახლიდან შორს გულის ფანცქალით არ ვიაროთ, ანუ შესაძლებელია ყველაფერი დალაგდეს ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი აფთიაქის მომზადებითა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით. რაც შეეხება ალერგიასთან ბრძოლას, ამ მოვლენას ჩვენ ალერგოლოგები ელიმინაციას ვეძახით. ანუ ალერგენებთან კონტაქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება. არსებობს ელიმინაციის სხვადასხვა ფორმები და რადგან თქვენ მტვერიც და მცენარეც ახსენეთ, მოდით გამოვყოფ ცალ-ცალკე. სეზონური ალერგიის დროს მთავარი ელიმინაციური ღონისძიება გახლავთ ის, რომ მზიან და ქარიან ამინდში, როდესაც ადამიანს აქვს დადასტურებული ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს გარეთ სიარულს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ საბავშვო ბაღებსა და ჯგუფებში, სადაც დადასტურებულია ალერგიის შემთხვევა, აღმზრდელს აუცილებლად უნდა ვუთხრათ, რომ ამ დროს ბავშვის გასეირნება და ბუნებასთან კონტაქტი არ შეიძლება. ეს მისთვის შესაძლოა ძალიან საზიანო აღმოჩნდეს. მე მახსენდება პრაქტიკიდან ჩემი პაციენტის შემთხვევა. სკოლის მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სეზონური ალერგია და ცხადია, სიტუაცია კონტროლზე იყო. ოჯახი შიდა ქართლში ცხოვრობს და მოხდა ისე, რომ ბავშვმა ერთ-ერთი ექსკურსიის დროს მთელი დღე გაატარა მინდორში. აგროვა ყვავილები, მთელი დღე იყო ბუნებაში და სამწუხაროდ მოხდა გართულება, ანუ მის ორგანიზმში და ბრონქიალურ ხეში მოხვდა ძალიან დიდი ოდენობით მცენარეული მტვრის ალერგენები. მას განუვითარდა უმძიმესი ბრონქოსპაზმი , იმავე საღამოს ის მოხვდა იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში, რამოდენიმე დღე მან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გაატარა და ცხადია მე ძალიან განვიცადე, როდესაც მშობელმა შემატყობინა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვები მაქსიმალურად მოვარიდოთ ბუნებასთან კონტაქტს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ძალიან საშიშია სეზონური ალერგიის დროს მინდორში და ღია სივრცეში თამაში. მაგალითად რაც უფრო ფართო ფოთლოვანია ტყე, ეს ფოთლები ასრულებენ ბუნებრივი ფილტრის როლს. მცენარეული მტვერი ამ ფოთლებზეა დალექილი და შესაძლოა ამ ტყეში ადამიანი, რომელიც ქვემოთაა საერთოდ არ შეაწუხოს ალერგიამ. ასევე ბუნებრივი ფილტრის როლს თამაშობს ზღვა და წყლის დიდი სივრცე. ამიტომ სეზონური ალერგიის დროს ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, რომ ზღვის კლიმატი ყველაზე კარგია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როცა საუბარია სასკოლო ავტობუსებზე, აუცილებლად გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სეზონური ალერგიის მქონე ბავშვებისთვის ტრანსპორტირების პერიოდში ფანჯრები უნდა იყოს ამოწეული. ჩამოწეული ფანჯრით, მაღალი ან საშუალო სიჩქარით გადაადგილება უზრუნველყოფს დახურულ სივრცეში დიდი რაოდენობით მტვრის დაგროვებას, რაც შესაძლოა ბავშვისთვის მთელი დღის მანძილზე გართულების საფუძველი გახდეს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს, სადაც მე და ჩემი კოლეგები ვმუშაობთ, ქალბატონ მაია გოთუას ხელმძღვანელობით, გვაქვს საიტი, სადაც ხელმისაწვდომია მტვრის მარცვლის ყოველკვირეული მონიტორინგი. ამას ყოველკვირეულად ამინდის პროგნოზის მსგავსად ვაწვდით ადამიანებს, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა და ამ ინფორმაციას ამინდის პროგნოზთან ერთადაც აცხადებენ.
ახლა რაც შეეხება ოთახის მტვერსა და მასში არსებულ ტკიპას. ოთახის მტვერს მაქსიმალურად ვებრძვით სახლის პირობებში, შეძლებისდაგვარად საუკეთესო მტვერსასრუტით, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით, სილიკონის თანამდროვე ლეიბებით. ელიმინაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი და გადამწყვეტი ცხადია, არ არის.
რაც შეეხება კურორტოთერაპიას…
აქ მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც სეზონური ალერგიების არსებობისას ვიცით, რომ თბილისის პირობებში თქვენი სეზონი მაისია, ზღვის დონიდან 700-800 და მეტი სიმაღლეზე სეზონური ყვავილობა დაახლოებით თვე, თვენახევრით გვიან იწყება. ამიტომ მთაში წასვლის სეზონს უნდა დავამთხვიოთ ისე, რომ აქ დამთავრებული სეზონი იქ დაწყებული არ დაგვხვდეს. როდესაც მეკითხებიან, სად ჯობს დასვენება მტვრის ალერგიის შემთხვევაში, ყოველთვის ვპასუხობ, რომ ეს არის ზღვის დონიდან 1350 ან 1400 მეტრი სიმაღლის ადგილი, რადგან აქ ოთახის მტვრისთვის არასასურველი გარემოა. ეს გახლავთ მაღალმთიანი საქართველოს კურორტები. მაგალითად იგივე ბაკურიანი, აბასთუმანი, ცემი, შოვი, ბახმარო , სადაც შეუძლიათ მტვრის ალერგიის მქონე ადამიანებმა დაისვენონ.
ყვავილობა მაისში, ეს ის პერიოდია, როდესაც მშობლებს ხშირად ურჩევენ ზედა თუ ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვები წაიყვანონ იქ , სადაც ყვავილობა მკვეთრად გამოხატულია. რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს?
ამ კითხვას მშობლები ძალიან ხშირად სვამენ, წავიდეთ თუ არა ყვავილობის დროს დასასვენებლად. ძალიან ბევრი პაციენტი მინახავს, რომელიც წინასწარი შეფასების გარეშე წასულა ყვავილობის სეზონზე ანუ მაშინ, როდესაც მცენარის მარცვლის მტვერი მაქსიმალურად იფრქვევა და უკან გამობრუნებულა რამოდენიმე დღის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ბავშვს აქვს სწორედ იმ მცენარეების ალერგია, რომლის ყვავილობის დროსაც ის წავიყვანეთ კურორტზე. რათქმაუდნდა ეს გაუმართლებელია, ბავშვი დადგა რისკის ქვეშ, მას იქ კლინიკური სიმპტომატიკა გაურთულდა, განვითარდა ძლიერი ხველა, ბრონქოსპაზმი და ა.შ. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ალერგია არ გვაქს, სამედიცინო მტკიცებულებითი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ მცენარეების გამოფრქვევას სასუნთქი სისტემისთვის რაიმე გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, ჩვენ მედიცინაში არ გაგვაჩნია.
ალერგიის საწინააღმდეგო აცრები, რა ტიპის ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაა ის განკუთვნილი და როდის დგება ამ აცრების ჩატარების აუცილებლობა?
როდესაც ვსაუბრობთ სეზონურ ალერგიაზე, არსებობს ორი გზა. პირველი ესაა ფარმაკოთერაპია, ანუ წამლის გამოყენებით მკურნალობა და მეორე, არის გრძელვადიანი და უფრო სტაბილური განკურნება, როდესაც შესაძლებელი არის აღმოჩენილი ალერგენის მიმართ აცრის გაკეთება ანუ იმუნოთერაპია. დესენსიბილიზაცია, მგრძნობელობის დაკარგვა ამა თუ იმ ალერგენის მიმართ. საწყის ეტაპზე, ჩვენ მივმართავთ მკურნალობის ორივე მეთოდს. ფარმაკოთერაპიას მივმართვათ ყველა ადამიანთან, ვისაც კლინიკურად ეს აწუხებს, წამლების არსენალი დღეს ალერგოლოგიას და ზოგადად მედიცინას, ბევრი აქვს.
ვის ეკუთვნის ეს აცრა ანუ შეგუება ალერგენებზე და რა ასაკიდან კეთდება ის?
დადგენილი სამედიცინო ჩვენებით და კვლევებით, ალერგიული დესენსიბილიზაცია კეთდება 6 წლის ასაკიდან.
ვის უნდა ჩაუტარდეს ის? – მე დავყოფდი პაციენტებს სამ კატეგორიად. პირველი, როდესაც ვუმკუნალეთ პაციენტს, ის კარგად გახდება და შესაძლოა ეს მკურნალობა მისთვის საკმარისი აღმოჩნდეს და მას შესაძლოა, არ უღირდეს სამი წელი აცრის კეთება. ამიტომ ხშირად ასეთი პაციენტი მოცდის რეჟიმს ამჯობინებს. ამ შემთხვევაში მე მივყვები მათ ლოგიკას და რადგან პაციენტს არ აქვს ქვედა სასუნთქი გზების პრობლემა, მსუბუქი რინიტი, ჩვენ მივდივართ ამ სქემით. მეორე კატეგორია პაციენტის, როდესაც მკურნალობა წამალს ემორჩილება, მაგრამ წამლის შეწყვეტისთანავე ის ამბობს, რომ სიმპტომები რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნდა. გამოდის, რომ მას წამალი უფრო ხანგრძლივად სჭირდება. და მესამე კატეგორია პაციენტების, როდესაც მას აძლევ წამალს, ხანდახან აძლიერებ პრეპარატს და ის ამბობს, რომ ბოლომდე სიმპტომები მაინც არ არის ალაგებული. აი მეორე და მესამე კატეგორიის პაციენტებს ჩვენ შეგვიძლია დამნაშავე ალერგენებზე შევთავაზოთ აცრის გაკეთება. ეს იმუნოთერაპია ძალია დიდი ხნის ისტორიის მატარებელია. ის თავის დაბადების თარიღს 1906 წლიდან ითვლის ანუ 106 წლის მეთოდია. დადასტურებულია, რომ მას აქვს მაღალი თერაპიული ეფექტი და ადამიანებს მცენარეებთან მიმართებაში აცრის შემთხვევაში თითქმის 90 პროცენტი ეფექტურობა აღენიშნებათ.
ხშირად მეკითხებიან, მოქმედებს თუ არა აცრა მალევე და ნიშნავს თუ არა ის, რომ სამი წლის მანძილზე და მას არაფერი შეაწუხებს, ან შევწყვეტთ თუ რა წამლების მიღებას აცრების გაკეთებისთანავე. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. ამ აცრას აქვს თავისი სქემა და ის აღმავალი დოზებით კეთდება, შესაძლებელია დასაწყის თვეებში სამკურნალო პრეპარატების გაძლიერებაც მოგვიწიოს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიღებული შედეგი ძალიან სტაბილურია. ძირითადი სამედიცინო კვლევებით დადასტურდა რომ, 3 წლის შემდეგ, თითქმის 13-15 წელი პაციენტი თავისუფალია სეზონური თუ არასეზონური ალერგიის ფორმისგან. ეს აცრა ყველა ალერგიული დაავადებების დროს არ გამოიყენება, მხოლოდ სეზონური და არასეზონური რინიტის და ალერგენით განპირობებული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
გადაცემის ლაივი
გადაცემის ჩანაწერი