რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, რომელსაც მარნეულსა და ბოლნისში სიტუაციის კონტროლი აბარია, აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, მარნეულიდან და ბოლნისიდან მინდვრების გავლით ფეხით გასვლის შემთხვევები დაფიქსირდეს, თუმცა მისივე თქმით, ავტომობილებით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. სოზარ სუბარი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შემოვლითი გზები არსებობს, რითაც ავტომობილები სარგებლობენ. სუბარი აცხადებს, რომ ყველა ასეთი ინფორმაცია შესაბამის სტრუქტურებთან მოწმდება. ამის შესახებ სუბარმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ყველა ასეთ ინფორმაციას შესაბამის სტრუქტურებთან ვამოწმებთ და აქამდე პასუხი იყო, რომ ეს გზა გადაკეტილია. მაგალითად, ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის, ხალხს ჰგონია, რომ ისინი წავიდნენ, მაგრამ სინამდვილეში იძულებული არიან, მუნიციპალიტეტის საზღვარზე გაჩერდნენ და უკან გაბრუნდნენ. ხშირ შემთხვევაში, ეს შეშფოთებული მოქალაქეების ინფორმაციებია. გარკვეული საფუძველი არის, რომ მანქანები საიდანღაც გავიდნენ, მაგრამ აღარ იციან, რომ რაიონიდან ვეღარ გავლენ. არ გამოვრიცხავთ, რომ ორი-სამი შემთხვევა დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით ვიღაც ფეხით გადავიდეს, მაგრამ ავტომობილებით გადაადგილება შეუძლებელია”, – განაცხდა სოზარ სუბარმა.
“შექმნილია მოხალისეთა 10 ჯგუფი, რომლებიც ყველა ოჯახში შევლენ და თითოეულ ადამიანს შეამოწმონ”