„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან იხლართება და ხშირ შემთხვევაში,ზღვარი ფერმკრთალდება.
ეს განცხადება სარჯველაძემ საია-ს კონსტიტუციურ სარჩელის თემაზე კომენტირებისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს განწყობა, რომ სარჩელი ერთმნიშვნელოვნად დასაკმაყოფილებელია, პირიქით, სარჯველაძის აზრით, საია-ს სარჩელი უსაფუძვლოა.
„კონსტიტუციური სარჩელისთვის ერთმნიშვნელოვნად ცუდი დრო შეირჩა. ამისთვის მანამდეც არსებობდა პერიოდი და ეს პერიოდი შემდგომაც იარსებებს. ერთადერთი მოტივი შეიძლება იყოს, რომ რამენაირად არჩევნებს დაუპირისპირდნენ. ეს ცალსახად იკვეთება. ვამჯობინებდი, მოსარჩელეთა მხრიდან მეტი ახსნა მოგვესმინა“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ვახუშტი მენაბდის, ვასილ ჟიჟიაშვილის, გვანცა საკანელაშვილისა და ნონა ქურდოვანიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
ამ სარჩელით საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც, გასაჩივრებული ნორმები საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.