რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“, მეღვინეობასთან „შუმი“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ორ უნიკალურ ქართულ ღვინოს – „არ დაიდარდო რქაწითელი“ და „არ დაიდარდო საფერავი“. ღვინოები დამზადებულია ქართული ავტოქტონური (ადგილობრივი წარმოშობის) ყურძნის ჯიშებისგან, „შუმის“ ვენახებში, საქართველოს ისტორიულ მიკროზონებში. ღვინის ეტიკეტის დიზაინი ცნობილი ქართველი მხატვრის ზურა გომელაურის მიერ შეიქმნა. ეტიკეტზე დატანილი QR კოდი, დასკანერებისთანავე, რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერის მოსმენის საშუალებას გაძლევთ. ღვინოები „არ დაიდარდო რქაწითელი“ და „არ დაიდარდო საფერავი“ ამ ეტაპზე სითი მოლი საბურთალოს „გუდვილის“ ფილიალში იყიდება.
საბა ქიტიაშვილი, მეღვინეობის „შუმი“ შეფ სომელიე:
– ღვინის კომპანია „შუმი“ საქართველოში დაარსებული ერთ-ერთი პირველი საოჯახო მარანი გახლავთ („შუმი“ ძველი ქართული სიტყვაა და სუფთა, უმაღლეს ღვინოს ნიშნავს). ჩვენი საქმიანობა 1997 წელს დაიწყო საუკეთესო ტერუარების გაშენებით საქართველოს სხვადასხვა მიკროზონაში იმ რწმენით, რომ მაღალხარისხიანი პროდუქცია იბადება იქ, სადაც საკუთარი ხელით, დაუღალავად, მთელი გულით შრომობ. 2001 წელს დავასრულეთ საწარმოს მშენებლობა კახეთში, სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მახლობლად, ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან ადგილას და ამავე წელს ჩამოვასხით პირველი მოსავალი. ჩვენი ვენახები საწარმოს გარშემოა გაშენებული და ჩვენი მეღვინეობის გულში წარმოდგენილია 2000-ზე მეტი ვაზის ჯიში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან.

– საბა, ვიდრე „არ დაიდარდოს“ ეტიკეტით ჩამოსხმულ ღვინოებზე ვისაუბრებდეთ, „შუმის“ ასორტიმენტზე მოგვიყევით.
– ჩვენი მეღვინეობა ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ ღვინოებს; მშრალ, ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებს; ცქრიალა და შემაგრებულ ღვინოებს, ბრენდსა და ჭაჭას.
თავდაპირველად კლასიკური, ევროპული წესით ვაყენებდით ღვინოებს (მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი, რომელმაც დაამკვიდრა ეს ტრადიცია, იქნებოდა ეს ღვინის მუხის კასრებში დაძველება, თუ შემდეგ უკვე ბოთლებში ღვინის ჩამოსხმა-დაძველება). 2013 წლიდან კი გადავერთეთ ისტორიულ, ქვევრში დამზადების ტექნოლოგიებზეც. დღეს უკვე 25-მდე ქვევრი გვაქვს ჩვენს მარანში, სადაც მზადდება სხვადასხვა კახური ჯიშიდან ღვინო, იქნება ეს საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და ა.შ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე ინოვაციური მეთოდის გამომგონებლებიც ვართ და რიგ სასმელებს საკუთარი, დაპატენტებული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ. მაგალითად, ღვინოს „ზიგუ“, რომელიც 350 იშვიათი ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, ქვევრის ცქრიალა ღვინოს „შობილი“ და სხვა.
– საზოგადოებამ უნდა იცოდეს ისიც, რომ ეს მრავალფეროვნება არაერთი ჯილდოთიცაა აღნიშნული.
– დიახ, „შუმის“ ღვინოებს 800-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებულ სხვადასხვა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე, კომპანია რეგულარულად სახელდება „საქართველოს საუკეთესო მწარმოებლად“ (Best Producer Georgia) ისეთ გავლენიან კონკურსზე, როგორიცაა The MUNDUS VINI International Awards. „შუმი“ ასევე შესულია „მსოფლიოში პრემიუმ კლასის ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების საუკეთესო ბრენდების ასეულში“ (კონკურსი Luxury Lifestyle Awards).

– სად არის შესაძლებელი „შუმის“ ღვინოების დაგემოვნება, ვიდრე მათ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტებზე შევიძენდეთ?
– გარდა იმისა, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე პატარა სივრცე გვაქვს – ღვინის მაღაზია და ბარი, ასევე შეგიძლიათ გვესტუმროთ წინანდალში. 12 ჰექტარ მიწაზე განთავსებული კომპლექსი მოიცავს საქართველოში პირველ ღვინის მუზეუმს (რომელიც 4000 წლით დათარიღებულ ორიგინალ ექსპონატებს მოიცავს), მარანს, ენოთეკას, რესტორანს (სადაც ვამზადებთ კერძებს ჩვენ მიერ მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით), იშვიათი ვარდის ჯიშების და სხვადასხვა მცენარით სავსე ბაღს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან ხშირად ტარდება ისეთი მასტერკლასები, როგორებიცაა ხაჭაპურის ცხობა, ხინკლის მოხვევა, რთველის დროს ყურძნის კრეფა ვენახებში და საწნახელში დაწურვა და რა თქმა უნდა, ღვინის დეგუსტაციები.
– როგორც ვიცი, მალე ღვინის მოყვარულებს ახალი ხაზი უნდა წარუდგინოთ.
– დიახ, მეღვინესთან ერთად რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტის შემდეგ, წარმოგიდგენთ ახალ ხაზს – „დაკარგული კოლექცია“ (Lost Collections), რომელშიც გავაერთიანეთ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები, ანუ ისეთი ჯიშები გამოვიყენეთ, რომლებისგანაც ღვინო ათწლეულების, თუ ასწლეულების განმავლობაში არ დამზადებულა. მართალია, ღვინის სამშობლო ვართ და 525 ამპელოგრაფიულად აღწერილი ჯიში გვაქვს, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მცირე რაოდენობიდან, დაახლოებით, 30-35 ვაზის ჯიშისგან ვაწარმოებთ ღვინოს.
ჩვენ ძალიან დიდი დრო მოვანდომეთ იშვიათი ჯიშების გახარებას ჩვენს საკოლექციო ვენახებში – ზოგი ჯიშის მხოლოდ 2-3 ძირი გვქონია, აქედან დავიწყეთ რქების აღება, შემდეგ მათი დამყნობა. ამ პროცესმა, დაახლოებით, 10 წელი წაიღო. დღეს კი გვაქვს იმის ფუფუნება და საშუალება, რომ „შუმი“ იყოს მწარმოებელია ისეთი ღვინოებისა, როგორებიცაა „სიმონასეული“, „შავი რქაწითელი“ და „უბაკლური“.

– და ბოლოს, ჩვენი აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანი სიახლის შესახებაც ვისაუბროთ, რითაა გამორჩეული ღვინოები „არ დაიდარდო რქაწითელი“ და „არ დაიდარდო საფერავი“?
– რქაწითელი და საფერავი ორი გამორჩეული ყურძნის ჯიშია. რქაწითელი, იმის მიხედვით სადაც გააშენებ, ზუსტად იქაურ სულსა და სახეს გთავაზობს, ის კარგად მოჰყვება მეღვინეს ხელში სამუშაოდ, გრილ თუ ცხელ კლიმატში, შეგიძლია მაღალმინერალურ ნიადაგებზეც გააშენო (წინანდალი, საიდანაც მოდის ეს ორივე ჯიში, საკმაოდ მაღალმინერალური ზონაა, რაც მჟავიანობის დატოვებას ეხმარება). ჩვენი რქაწითელი არის ძალიან ცინცხალი, მსუბუქი, ყვითელი კურკოვანი ხილის, მწვანე ვაშლის, ლიმონის, ასევე მწვანე ფოთლოვანი არომატების მქონე, ისინი სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს. ღვინოს აქვს კარგად დაბალანსებული მჟავიანობა, რომელიც არცერთ მომხმარებელს არ შეაწუხებს. „არ დაირადოს“ ეტიკეტის ქვეშ ჩამოსხმული ღვინო, შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა გიტყუებს. რაც შეეხება საფერავს, ის უფრო მეტად სხეულიანია, შავი ხილის, ბევრი კენკრის, ცოტა შავი პილპილის არომატით და როდესაც სუფრაზე მთავარ კერძზე და კახურ მწვადზე გადავდივართ, იდეალური შესატყვისია. საახალწლო სუფრაზე, რომელიც მრავალფეროვანი გვაქვს ცივი და ცხელი კერძების თვალსაზრისით, „არ დაიდარდო რქაწითელი“ შეიძლება შევუხამოთ მსუბუქ სალათებს, თევზეულს, ქათმის მოხარშულ ხორცს, შემწვარ დედალს, „არ დაიდარდო საფერავი“ კი კარგი აქცენტია ხორცეულთან, განსაკუთრებით შემწვართან, ასევე კუჭმაჭთან ბროწეულით და ა.შ. ერთი სიტყვით, აწიეთ ჭიქა და არ დაიდარდოთ!