„რუსთავი 2“ რამდენიმე დღეა დამდევს და ეძებს ჩემს, მურთაზ ზოდელავას და ბაჩო ახალაიას ურთიერთობას“, – ასე ეხმაურება „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც პაატა ბურჭულაძის ბაჩო ახალაიასა და მურთაზ ზოდელავასთან შეხვედრას შეეხებოდა.
ბურჭულაძე ბაჩო ახალაიასთან და მის შვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ახალაიასთან შეხვედრის მიზეზს განმარტავს.
როგორც პაატა ბურჭულაძე აღნიშნავს, „ახალი ლეგენდის შექმნა არ გამოვა“.
„ეს გოგონა არის ბაჩოს შვილი, შესანიშნავი მარიამი, რომელიც ჩემი შვილის, შუქრის, ნათლულია და წლებია სიახლოვე მაქვს ბაჩოსთან და მის მეუღლე ანისთან. ასე რომ, არ გამოუვათ ახალი ლეგენდის შექმნა.
„რუსთავი 2“-ს კი მინდა დავუდასტურო, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს არ გვყავს მონათლული „ოცნების“ ოჯახის არცერთი წევრი“, – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ ბაჩო ახალაიასთან 4 ოქტომბრის გეგმებზე კონსულტაციები გამართეს. ტელეკომპანიის ცნობით, მათ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ტოვებენ ბურჭულაძე და ზოდელავა ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ კორპუსს.