ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცადებით, არ არის გამორიცხული, მწვანე პასპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები გამკაცრდეს. შეგახსენებთ, რომ მწვანე პასპორტები გუშინ, პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ემზადება ახალი შტამისთვის და გეგმავს გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებს.
“გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში და განიხილავს ვაქცინაციის ეფექტურობის და გეგმის შესახებ გარკვეულ სტრატეგიებს. ასევე, ტესტირებასთან მიმართებაში ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის მიმართებაში მეტად უფრო ეფექტური, დავრჩებით ჩვენ სწრაფ ტესტებზე, თუ მხოლოდ PCR ტესტი იქნება მისაღები იმისთვის, რომ ადამიანი იყოს მწვანედ აღიარებული. ასევე, ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, ვინაიდან მსოფლიოში უკვე საუბრობენ, რომ PCR ტესტის 72-საათიანი ვალიდურობა შეიძლება არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და შეიძლება, ეს დრო იყოს დათქმული 48 საათად. საბჭომ იმსჯელა ამაზე, ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასვკნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე, მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპორტს და ასევე სხვა აღსრულების მექანიზმებს”, – განაცახდა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.