13 იანვარს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის სიმღერებზე, მსმენელის დამოკიდებულებაზე და შეფასებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „დილა მშვიდობისა“ პრემიერა შედგა.
პაატა, რამდენად გამორჩეული დღესასწაულია შენთვის ახალი წელი?
მიყვარს, რადგან ძალიან მოძრავია, ფერადია, საინტერესოა. ამ დროს ღონისძიებებზე ვხვდები ისეთ ადამიანებს, ვისთანაც წლის განმავლობაში ვერ ვიკვეთები ხოლმე. რაც მთავარია, იმართება ხოლმე კონცერტები და ჩვენი ჯიბე ივსება (იცინის). ყველაზე ძალიან მიყვარს, ერთ ადგილას რომ გაქვს კონცერტი და მერე მეორე რაიონში რომ უნდა წახვიდე.
წელს სად შეხვდი ახალ წელს?
სახლში, მანამდე მქონდა საკონცერტო საფესტივალო სივრცეები, მიმყავდა ღონისძიებები და თან ვმღეროდი.
რაიმე საახალწლო ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში?
გვაქვს მეკვლეობის ტრადიცია და მთელი ცხოვრება დედაა ჩვენი მეკვლე, გადის სახლიდან და შემოდის 00:05-ზე (იცინის). მახსოვს ერთხელ რაიონში ვიყავით და ისე გავერთეთ, დაგვავიწყდა დედა, რომელიც თავისი კანფეტებით გარეთ იყო გასული. (იცინის). აკაკუნებს, აკაკუნებს და რომ აღარ გავუღეთ, შემოვიდა და თქვენ ამოწყდითო (იცინის). მერე ინანა, დილით რომ გვეძინა, კიდევ გავიდა გარეთ, შემოვიდა, კანფეტები მოგვიტანა და სულ ბოდიშები გვიხადა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ძინ ძინ“.
სამი წლის წინ თქვენს რადიოში გავაკეთე პრემიერა. შემდეგ, ალეკო მალხაზიშვილთან მივიტანე, დავდგი შოუ. მთელი ოთხი დღე ვკერავდით იმ კოსტიუმებს, მერე, ოპერიდან წამოვიღეთ პარიკები. ისე ჩაიარა იმ ეთერმა, რომ 5-6 კომენტარი მოჰყვა. მაშინ ვიფიქრე, წინა კლიპმა და სიმღერამ შეაჩვია საზოგადოება და ჩვეულებრივად შეხედეს-მეთქი.
ძალიან დიდი რეიტინგი და გამოხმაურება მოჰყვა შენს ხალათით გამოსვლას.
კი, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სიმღერას სადღაც 4 დღეში 1,5 მილიონი ნახვა და 35 000 გაზიარება ჰქონდა.
კომენტარებს თუ კითხულობ ხოლმე?
არა, მე არა. პირველ 2 კომენტარს რომ წავიკითხავ ხოლმე, უკვე ვიცი, როგორ გრძელდება. დედაჩემმა დაიწყო კითხვა და დეპრესიაში ჩავარდა (იცინის). დილით მირეკავს და ტირის, შენ მოგიკვდა დედა, მაგიტომ გაგზარდე და გასწავლე, რომ ასე გლანძღონო. ვუთხარი, რომ არ უნდა წაეკითხა. არ მაინტერესებს კომენტარები, მთავარია, რომ სიმღერა 1,5 მილიონმა ადამიანმა მოისმინა. ეგრე ყველას ლანძღავენ, მგონი, არ დარჩა ადამიანი, ვინც არ ათრიეს, შევეჩვიე ამ ამბავს და არ ვკითხულობ კომენტარებს. პირადი შეხვედრები დადებითი არის ხოლმე, მოდიან, იღებენ ფოტოებს და მეუბნებიან, კარგია, ჯიგარი ხარ, ძალიან გავერთე, ასე ჯობია, დავიღალეთ ამ ლირიკითო. ახლა ბოლო კონცერტი ჭიათურაში გვქონდა, სადაც არ დავასახელებ ვინ, მაგრამ „The სთარები“ იყვნენ და ისე დაიღალნენ ბავშვები, რომ სამი სიმღერა ვიმღერე და მომდევდნენ და კიდე იმღერე, ძლივს გავერთეთო, ამბობდნენ. მერე თვითონ მუსიკოსებს არ ესიამოვნათ და მათგან იყო არასწორი, არაკოლეგიალური კომენტარები, მაგრამ მთავარია, შედეგი ჰქონდა ჩემს გამოსვლას. ოპონირება მაშინაც იყო, როცა მამა-პაპურ სიმღერებს ვმღეროდი.
როცა ხალხურ სიმღერებს, ფოლკლორს მღეროდი, მაშინ არ იყო ხომ ასეთი დიდი გამოხმაურება შენს ნამღერზე?
მაშინ გამოხმაურება იყო უფრო მუსიკოსებისგან. საზოგადოება იღებდა და ისმენდა, რადგან ფოლკლორი მაინც საზოგადოების, ერის წიაღიდან წამოსული მარცვლებია, რომელსაც ძალიან რთულია, რომ დასცინო. მოგვისმენია ძალიან ცუდად შესრულებული სიმღერა, მაგრამ მაინც ფოლკლორია და გიჭირს რამე ისეთი, ცუდი კომენტარის დაწერა, რადგან თუ ვიღაცას ეღიღინება თავისი წინაპრის ნაანდერძალი, შეიძლება სკეპტიკურად უყურებდე, მაგრამ მთლად ვერ „გადაუვლი“. თუ ფოლკლორს და ქალაქურ სიმღერას მღერი, ისე არ გეხება მაყურებელი. მიუხედავად ამისა, მუსიკოსების მხრიდან მაშინაც იყო ხოლმე კომენტარები, მაგალითად, ერთხელ „ბინდისფერია სოფელს“ ვმღეროდი და ვიღაც ფოლკლორისტი შემომივარდა, რატომ მღერი შარვალ-კოსტიუმითო, მერე, იყო „სვანურზე“, როგორ გაბედა და გარეპაო. საზოგადოებას ჰგონია, რომ რაღაცას ვუღალატე, ჰგონიათ, რომ კონსერვატორებს ვუღალატე და ლიბერალებს შევეკარი (იცინის), მწერენ და მლანძღავენ და ამაზე ძალიან მეცინება.
ტელევიზიას თუ უთქვამს შენთვის უარი რომელიმე სიმღერის მიღებაზე?
ბოლო დროს არა. ფოლკლორის ჟანრზე უფრო იყო უარი, ახლა პირიქით ხდება.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „დილა მშვიდობისა“.
ეს სიმღერა 6-7 თვის წინ ჩაიწერა. გადავიღეთ ვიდეოც, რომლის მონტაჟიც გუშინ დასრულდა. ვფიქრობ, საინტერესო ვიდეოა. კლიპის რეჟისორია მაქსიმე ბაქრაძე. სიმღერა პაატა ფაცურიას სტუდიაში ჩაიწერა. სიმღერის ტექსტი მაყვალა მრევლიშვილს ეკუთვნის. საბავშვო სიმღერაა, საბავშვო ბაღებში მღეროდნენ ხოლმე. ყოველ მეორე ადამიანს უმღერია და მოუსმენია.
როგორია სამომავლო გეგმები?
უკვე ჩაწერილია ვოკალი სიმღერის, რომელიც მონოგამიას ეხება.
პაატა – დილა მშვიდობისა
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა თედიაშვილი – ძინ ძინ. Live
პაატა თედიაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი