21 მარტს, რადიოს „არ დაიდარდო“ ჭაბუკა ამირანაშვილი და ჯგუფი ,,შარა” სტუმრობდნენ. გადაცემაში ,,საღამოს შოუ ლაშა რამიშვილთან” სიმღერების „კახელმა უთხრა სტუმარსა“ და „თავისუფლება“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა არაერთი სიმღერის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.
–ვიცი, რომ პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულხართ და საკმაოდ დატვირთული და პროდუქტიული პერიოდი გქონდათ…
ჭაბუკა ამირანაშვილი: არ მგონია, ეს ბიჭები რამემ გააჩეროს, მუსიკა მათი ცხოვრებაა, ეს არის ჩვენი საქმე და მუდმივად მასალის მოგროვების და მუსიკის შექმნის პროცესში ვართ. ჯგუფმა „შარა“ მოახერხა და პანდემიის პერიოდში ჩაწერა მეორე ალბომი, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა. ალბომში სხვადასხვა კუთხის ქართული „ალილოები“ არის თავმოყრილი, საახალწლო სიმღერების კრებულია.
ლუკა მებონია: ნამდვილად ძალიან პროდუქტიული პერიოდი იყო, დაახლოებით სამი თვის წინ, როდესაც დარბაზები გაიხსნა, ვილნიუსის ფილარმონიაში სოლო კონცერტიც გავმართეთ. გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზებებიც, ბატონ ჭაბუკას უკვე აქვს მოლაპარაკებები ადგილობრივ კომპოზიტორთან, აკუსტიკური სიმღერის 20 აუდიო მასალა გვაქვს გაგზავნილი და ვმუშაობთ ვილნიუსის კამერულ ორკესტრთან ერთად. ჩვენი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია ნოემბერში იგეგმება.
-რა პროგრამაზე მუშაობთ ვილნიუსის კამერულ ორკესტრთან ერთად?
ლუკა: ეს არის ქართული ფოლკლორული სიმღერები, ბატონ ჭაბუკას ძალიან დიდი ბაზა აქვს გაორკესტრებული ქართული ფოლკლორული სიმღერების. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაკლებად ცნობილი ფოლკლორული სიმღერები შევარჩიეთ. ქართული პოლიფონია იმდენად მრავალფეროვანია, რომ რთულია 20 სიმღერაში ჩაატიო, თუმცა ძალიან სახასიათო ნამუშევრები შევარჩიეთ.
-ქართულ და ლიტვურ ფოლკლორს შორის თუ არის მსგავსება?
ჭაბუკა: ქართული ფოლკლორის სხვა ქვეყნის ფოლკლორთან დაკავშირება ყოველთვის რთულია.
ლუკა: რთულია, თუმცა ჩვენ გაგვიკეთებია ქართული ფოლკლორის სინთეზი მონღოლურთან და ჩინურთან, ახლა არაბულზე ვმუშაობთ. ფოლკლორის სინთეზი დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს, თუმცა ჩვენ ხელოვანი ადამიანები ვართ და არ ვერიდებით ექსპერიმენტებს. რაც შეეხება ლიტვურ ფოლკლორს, სუტარტინესი არამატერიალურ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული იუნესკოს მიერ, ისევე როგორც ქართული პოლიფონია და ჩვენს ახალ პროექტში მათი სინთეზიც მოიაზრება.
-2018 წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს იყავით უკრაინაში. რა პროგრამით წარდექით მაყურებლის წინაშე?
ლუკა: უკრაინულ ანსამბლთან ერთად გვქონდა ქართულ-უკრაინული ცეკვა დადგმული, ჩვენი მოცეკვავეები უკრაინული მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ, უკრაინელები კი ქართული მუსიკის ფონზე.
-აღნიშნული პროექტების გარდა, სხვა შემოთავაზებები ან გეგმები თუ გაქვთ?
ჭაბუკა: რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგალითად, ითხოვენ ცალკე ნაწარმოებებს ფანდურისთვის, გარმონისთვის. ითხოვენ მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებების ქართული ვერსიების გაკეთებას, რაც ძალიან საინტერესოა.
-ვისი აზრი უფრო პრიორიტეტულია ახალ პროექტებზე მუშაობისას, ჭაბუკასი თუ ჯგუფის წევრების?
ჭაბუკა: რა თქმა უნდა, ბიჭების აზრები და იდეები ყოველთვის გათვალისწინებულია და ზოგიერთ შემთხვევაში პრივილეგირებულიც.
-დღეს გვაქვს პრემიერა სიმღერის „კახელმა უთხრა სტუმარსა“. მომიყევით ამ ნამუშევრის შესახებ…
ჭაბუკა: რეზო ლაღიძის ძალიან ცნობილ მუსიკას, რომელიც ძალიან პოპულარულ ფილმშია და მთელმა საქართველომ იცის, დავადეთ ტექსტი. ტექსტი „ფეისბუქზე“ ვიპოვეთ და ზუსტად დააჯდა მუსიკას. როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკა რეზო ლაღიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი კობა ხაბაზიშვილი გახლავთ, არანჟირება ჩემია და ბიჭები უკრავენ ცოცხლად.
-კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა გვაქვს, რომელსაც ჰქვია „თავისუფლება“…
ჭაბუკა: რამდენიმე თვის წინ ჩავწერეთ ეს სიმღერა და ზაფხულში ვგეგმავდით მსმენელისთვის წარდგენას, მაგრამ ძალიან იმოქმედა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და გადავწყვიტეთ ახლა გამოგვეშვა და უკრაინელი ხალხისთვის მიგვეძღვნა. დავუკავშირდი ჩემს პროდიუსერებს გერმანიასა და ამერიკაში და ვთხოვე, რომ სიმღერა საერთაშორისო გაგვეხადა. ძალიან დიდი და მოულოდნელი მხარდაჭერა მოჰყვა ჩემს თხოვნას, ამ პროცესში ჩაერთო ესპანური, პორტუგალიური, ამერიკული და უკრაინული მხარე. ძალიან მადლიერი ვარ, რომ „შარას“ სიმღერა სხვადასხვა ენაზე აჟღერდება. სიმღერის ვერსიები განთავსდება საიტზე და ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა სიმღერის ნახვისას და ჩამოტვირთვისას, კონკრეტული თანხის სახით თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის დახმარების ფონდში. საიტზე განთავსებული იქნება მინუს ფონოგრამაც და ყველას შეეძლება სიმღერის თავისი ვერსია შეასრულოს. სიმღერა მე მეკუთვნის, ჩემს ცხოვრებაში პირველად დავწერე ტექსტი.
ჯგუფი “შარა” – თავისუფლება
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შარა – ლალე. Live
შარა – აფხაზური. Live
შარა & ჭაბუკა ამირანაშვილი. გადაცემა “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები