“ჩვენი პროტესტი სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებას ექიმების მიმართ. შემოგვიერთდით კოლეგებო!”- ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელი ხელებზე ბორკილებდადებული სამედიცინო პერსონალის ფოტოებმა მოიცვა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის პროტესტის აღნიშნული ფორმით გამოხატვა გაუგებარი, პროექტის ვიზუალი კი ბუნდოვანი აღმოჩნდა.
კამპანიის მთავარი გზავნილის შესახებ „ფორტუნას“ იდეის ავტორი, ნ. ბოხუას კარდიოვასკულური ცენტრის ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსი, ლევან ვაშაკიძე ესაუბრა.
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გვიყვება, რომ სამი დღის წინ დაწყებულ საპროტესტო კამპანიას უკვე ოცზე მეტი კოლეგა შეურთდა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პროექტში კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთვება.
„უტრირებულად რომ ვთქვა, “ჩემს მტერს დაშინებული ექიმები!” – ესაა ძირითადი მესიჯი იდეაში… საუბედუროდ, ვატო ყიფიანის შემთხვევა გახდა ტრიგერი ამგვარი პროტესტისთვის…
სულ რაღაც 3 დღეა, რაც დავიწყე ამაზე მუშაობა და მიმაჩნია, რომ საკმარისი მასშტაბისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. ეს არაა მხოლოდ ექიმების პრობლემა. ექთნები კიდევ უფრო დაუცველები არიან.
საუბედუროდ, პროტესტის გამოხატვის ფორმებშიც შეზღუდულები ვართ. ჩვენ ვერ დავკეტავთ რეანიმაციას იქ მწოლიარე პაციენტებით და ვერ დავიწყებთ ქუჩაში ბარიკადების მოწყობას“- აცხადებს ექიმი.
ლევან ვაშაკიძე სახელმწიფოსა და მედპერსონალის ურთიერთობებში არსებულ პრობლემებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ექიმების მიმართ გაჩენილ უნდობლობაზე საუბრობს.
„ეს არაა მხოლოდ ვატოს შემთხვევის გამო გაჩენილი პროტესტი, თუმცა ეს საკითხი ლაიტმოტივად გასდევს აქციას. მე და ჩემს მეგობრებს, უბრალოდ, გვინდა საზოგადოების და სახელმწიფოს ყურადღება მივიქციოთ და გავაგებინოთ მათ, რომ არ შეიძლება სამედიცინო პერსონალის მუდმივი დევნის საგნად ქცევა! ეს არაფერს კარგს არ მოიტანს! სამედიცინო სფერო ძალიან სპეციფიურია და მისი ასე წიხლქვეშ გაგდება კატასტროფამდე მიგვიყვანს”- აცხადებს “ფორტუნასთან” საუბარში ლევან ვაშაკიძე.
,,სირცხვილია ასე მოექცეთ ექიმს, ვისი დახმარებაც შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ და სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ" - ინგა ბოჭორიშვილი
"ვახტანგი არის ათასობით გამოჯანმრთელებული პაციენტის მკურნალი."
მიაჩნია, რომ ექიმების მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი ვახტანგ ყიფიანის დაკავებით არ დაწყებულა.
“რამდენი ხმამღალი “ნიუსია” ექიმების შეცდომებზე და გაუბედურებულ პაციენტებზე ყოველგვარი სპეციფიური შეფასების გარეშე. ეს დაუშვებელია! არსად ცივილიზებულ მსოფლიოში ასეთი რამ არ ხდება. მე არ მინახავს არცერთი სიუჟეტი სამედიცინო შეცდომის თემაზე, სადაც ექიმი ან, ზოგადად მედპერსონალი, აპრიორი დამნაშავედ და მატყუარად და ზოგ შემთხვევაში, პირსისხლიან მკვლელად არ არის გამოყვანილი. ასევე არ მინახავს არცერთი სიუჟეტი, რომელიც შემდგომში გამართლებული ექიმის ჩირქის მოწმენდას ან მათთვის, უსაფუძვლო ბრალდების გამო, ბოდიშის მოხდას ეძღვნებოდეს.
ამ დროს არავის არ აინტერესებს ისეთი საკითხი, როგორიცაა, მაგალითად, შესაძლო გართულებების სტატისტიკა კონკრეტულ შემთხვევებში და ა.შ.
ეს პრობლემა არც ამ ხელისუფლების დროს დაწყებულა და საუბედუროდ არც მომდევნოს დროს დამთავრდება“ – განაცხადა ლევან ვაშაკიძემ.
საექიმო საქმიანობის მიმართულებით კანონდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორების საკითხი ჯანდაცვის მინისტრისთვის აქტუალური თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმის დაკავების შემდეგ გახდა.
ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
“საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რათა ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო, ვისაც ეწოდა თაღლითი ექიმი"- ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ რეგულირებისა და პროფესიული კომპეტიციების ნუსხაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. თუმცა, ლევან ვაშაკიძეს სამინისტროს დაპირების დიდად არ სჯერა.
„დააკვირდით, როდესაც სახელმწიფოს რაიმე აქტუალური პრობლემიდან ყურადღების გადატანა სჭირდება, აი, მაშინ ტყდება “საექიმო შეცდომების” ბუმი! რატომ გახდა აქტუალური ვატოს დაჭერა 2 წლის თავზე?! რატომ ამ ფორმით? ადამიანი ღამით პლიაჟზე იჯდა, თევზაობდა ოჯახთან ერთად და იქ დაადგნენ თავზე პროკურატურის წარმომადგენლები.
,,ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ტყუილად მიცხოვრია”- რას წერს თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ექიმის მამა
ამ 2 წლის განმავლობაში არაერთხელ იყო დაკითხვაზე პროკურატურაში, მაგრამ ქვეყნიდან გაქვევა აზრადაც არ მოსვლია. არადა, მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების არგუმენტი ზუსტად ეს იყო, რომ თურმე მისი შემოსავლიდან გამომდინარე, მას ჰქონდა ფინანსური საშუალება აეღო თვითმფრინავის ბილეთი და დაეტოვებინა ქვეყანა და ეს მაშინ, როდესაც ოფიციალურად ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია პანდემიის გამო…
მე პირადად, არ მაქვს დიდი იმედი, რომ ეს პროტესტი რაიმე კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. სამინისტროს თავის დროზე რომ დაენახა მისი “შეცდომები” და დროულად ეზრუნა მათ გამოსწორებაზე დღეს ვატო ციხეში არ იჯდებოდა. მათივე ლოგიკით გამოდის, რომ ეს ადამიანი მათსავე უპასუხისმგებლობას ეწირება. და იმის მაგივრად, რომ იმ ხალხს მოთხოვონ პასუხი, ვის გამოც ვატო განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ისევ მას უწევს სხვისი შეცდომის გამო პასუხისგება”- აღნიშნა ექიმმა.
მისივე შეფასებით, მედიცინაში ყველანაირ შედეგებზე საუბარი უაზრობაა, თუ საზოგადოებასა და მედპერსონალს შორის ნდობა არ იქნება.
“ნდობიდან იწყება ყველაფერი ჩვენს საქმეში და არა შიშიდან და ზიზღიდან“ – ამბობს ექიმი.