LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება ყველაფერი ზედმეტი წყალში გადავუძახოთ“ – სად არის საბანაოდ ყველაზე სუფთა ზღვის წყალი, უახლესი კვლევის შედეგები

478
Untitled design (1)

ტურისტული სეზონის დადგომისა და ტემპერატურის მატების პარალელურად, ზღვის წყლის დაბინძურების ხარისხი იცვლება.

აჭარის სანაპირო ზოლში, გარემოს დაცვის სამმართველო წყლის ხარისხს ინტენსიურად ამოწმებს და შესაბამის მონაცემებს აქვეყნებს.

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის განცხადებით, ამ დროისთვის აჭარის მთელ პერიმეტრზე, საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი არსებული ნორმის ფარგლებშია.

მიკრობიოლოგიური კვლევებისთვის სინჯებს 8 წერტილიდან იღებენ.

ნუგზარ პაპუნიძე „ფორტუნასთან“ საუბარში იმ პლაჟების იმ ზონებს ასახელებს, სადაც ყველაზე სუფთა წყალია.

 

 

„ზღვის წყლის ხარისხის შესამოწმებლად, საბანაო სეზონზე ყოველ 10 დღეში ერთხელ გავდივართ.

უახლესი კვლევის შედეგები ივლისის ბოლოს და პირველი აგვისტოს მდგომარეობას ასახავს.

მთელ პერიმეტრზე, საბანაო ადგილებში ზღვის წყლის ხარისხი არსებული ნორმის ფარგლებშია.

როგორც ყოველთვის, მიმდინარე წელსაც ყველაზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს მწვანე კონცხზე, გონიოსა და კვარიათში.

საშუალო მაჩვენებლები ფიქსირდება ბათუმის ცენტრალურ პლაჟსა და ქობულეთში.

ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები.

გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, მისი ნორმა 10 000-ია. ეს ნიშნავს, თუ რა რაოდენობა შეიძლება იყოს დასაშვები ერთ ლიტრ წყალში. აღნიშნული მაჩვენებელი ბათუმში, საბანაო ადგილებში არის 2 400, გონიო-კვარიათში კი 1 800 – 1 600-მდე მერყეობს.

ქობულეთშიც ბათუმის ცენტრალური პლაჟის ანალოგიური მაჩვენებელი გვაქვს.

მახინჯაური – მწვანე კონცხზე ეს მაჩვენებელი 2 400-ია, – ამბობს „ფორტუნასთან“ ნუგზარ პაპუნიძე.

 

 

როგორც პაპუნიძე აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლები წელს უკეთესია:

„სინჯების აღება აპრილის თვეში დავიწყეთ, თუმცა როცა საბანაო სეზონი იწყება – ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით – სინჯებზე ყოველ 10 დღეში ერთხელ გავდივართ. დღემდე მიკრობიოლოგიურად გამოკვლეული გვაქვს 64 სინჯი.

მართალია, ისეთი მაჩვენებლები, როგორიც ფიქსირდება გონიოში, კვარიათსა და სარფში, ბათუმისა და ქობულეთის ცენტრალურ პლაჟებზე არ გვაქვს, თუმცა ნორმის ფარგლებშია და წინა წლებთან შედარებით, წელს უკეთესი მაჩვენებელია, რადგან ბათუმსა და ქობულეთში გამწმენდი ნაგებობა გამართულად მუშაობს და ბიოლოგიური წმენდა ხდება, ეს ფაქტები ზღვის წყლის ხარისხზე დადებითად აისახება.

მომატებული მონაცემები არ ნიშნავს ნორმაზე გადამეტებას. შეზღუდვა, აკრძალვა, ან შეჩერება ნორმაზე გადამეტების შემთხვევაში იქნება.

ასეთ შემთხვევაში ვალდებულები ვართ, გარემოს ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის სამსახურებს, ისინი საკონტროლო სამსახურების მეშვეობით გადაამოწმებენ და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, მიიღებენ გადაწყვეტილებას – აკრძალვის, შეზღუდვის ან შეჩერების შესახებ, თუმცა არც ერთ წერტილში, ზედა ნორმებთან მიახლოებულიც არ არის, ასეთი ფაქტები არც გვქონია.

 

 

ბანაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება. ახლა ზღვის წყლის ტემპერატურა პიკს აღწევს და 30-31 გრადუსია, მონაცემები გარკვეულწილად შეცვლილია, თუმცა არავითარ შემთხვევაში ნორმასაც არ უახლოვდება“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ნუგზარ პაპუნიძე და წყლის დამაბინძურებელ ფაქტორებს ასახელებს:

„ზღვის წყლის ძირითადი დამაბინძურებელი მდინარეები და მდინარის ობიექტებია, ჭოროხი.. ბათუმის ცენტრალურ პლაჟზე რომ გვაქვს 5 000 ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირები და სარფში – 620, ეს ნიშნავს, რომ აქ ფონი სხვადასხვაა, რადგან მდინარეები ჩამოედინება.

ადამიანური ფაქტორები გარკვეულწილად გავლენას ახდენს, ძირითადად, სანაპირო ზოლის მკვებავი ობიექტები მდინარეებია.

არ შეიძლება ყველაფერი, რაც ზედმეტი გვაქვს, მოვიცილოთ და მდინარეში გადავუძახოთ, მეორე დღეს ის აღმოჩნდება სანაპირო ზოლში, ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოგვარებისთვის”, – განაცხადა ნუგზარ პაპუნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g