LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას.. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა.. ჩემს ძმას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს“ – რას ამბობენ პატიმრობიდან გათავისუფლებული დეკანოზი და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე

135
BeFunky-collage (4)

„მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის – მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა”, – ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს.

„7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა თავისუფალია!“ – დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება.

მადლობას ვუხდი ოჯახს, თორნიკეს. ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. ყველა ჩემს უფლებადამცველს, მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივს და საერთაშორისოს. ამერიკის და ნიდერლანდების მთავრობას, რომელიც იცავდა ჩემს უფლებას. ასევე ყველა ჟურნალისტს ვუხდი მადლობას. მადლობა ყველას, ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე იცის. ჩემი მთავარი გეგმაა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა უფლებას და საშუალებას დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, მე მაინც მიყვარს ის“, – აღნიშნა დეკანოზმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მიმალვაში ყოფნას არ აპირებენ და საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.

„ჩვენი პირველი ნაბიჯია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად ინფორმაციას „ციანიდის საქმესთან” დაკავშირებით, თუ ვინ დგას რეალურად ამ საქმის უკან. ეს არ იქნება უბრალოდ საუბარი, ფაქტებზე იქნება დამყარებული. ჩემს ძმას უფლება აქვს, იმ ფაქტებზე, რაც სასამართლომ დახურა, ისაუბროს. პასუხგაუცემელ კითხვებს პასუხი გაეცემა. ნახეთ, რომ საღ გონებაზეა, სამწუხაროდ, ფიზიკურად არის დაუძლურებული, რაც მკურნალობას ექვემდებარება. არ ვაპირებთ მიმალვაში ყოფნას. ჩემს ძმას დაპატიმრებიდან პროკურატურა ეუბნებოდა ბრალი ეღიარებინა და იმ წუთას გამოვიდოდა, რაზეც ხელი არ მოაწერა. მას არც ვინმესთან უვაჭრია და არც ივაჭრებს”,-აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განმარტავს, ე.წ. ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძის გათავისუფლების საფუძველი გახდა, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საპატრიარქოს მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის თანხმობა მსჯავრდებულისთვის შეღავათების გამოყენებაზე. გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.

დეკანოზი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ფოტო: ipn

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები