რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტFM“ სტუმარი ნუკრი კაპანაძე გახლდათ. მომღერალმა მსმენელს ახალი ნამუშევარი „თოვლიანი ზამთარი“ წარუდგინა.
ნუკრი, საახალწლო კონცერტების სამზადისში ყოველთვის განსაკუთრებულად ხარ ჩართული, თუმცა წელს ასეთი დიდი სიმძლავრით ვერ დაგინახეთ, რა არის ამის მიზეზი?
სწორი შენიშვნაა, რომ ვერ დამინახეთ, არ ვჩანდი, რადგან სერიოზული ტრავმა მივიღე, ფეხი მოვიტეხე და აპრილის შემდეგ ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდი და ამიტომ ჩემი საქმეები გადავდე, თუმცა სიმღერაზე ფიქრი ერთი წუთით არ მიმიტოვებია, რადგან მის გარეშე არ შემიძლია, ჩემთვის სასიცოცხლო მაინც სიმღერა და მუსიკაა. უკვე მივდივარ გამოჯანმრთელებისკენ და მალე ჩავერთვები, ალბათ. თუმცა, მოტეხილი ფეხით და ყავარჯნითაც იყო რამდენიმე კონცერტი. შემოთავაზებაზე რომ ვუთხარი, ყავარჯნებით ვარ და რა დასანახი ვიქნები-მეთქი, არაო, გვინდა, რომ იყოთო, მითხრეს. ალბათ, სხვებისთვისაც მოტივაცია უნდა იყო, რომ რა მოხდა მერე, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს, თუნდაც ეტლით გამოგიყვანონ სცენაზე.
ხშირად გთხოვენ, რომ სხვადასხვა პროექტის ჟიურის წევრი იყო, რამდენად რთულია კონკურსანტების შეფასება, როგორია ხოლმე თქვენი ემოცია ამ დროს?
ძირითადად უარს ვამბობ და ახლა, კიდევ უფრო გამიმყარდა აზრი, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ძალიან ფრთხილად უნდა იყო თითოეულ შემსრულებელთან, რადგან შეიძლება, ისე დააზიანო ერთი სიტყვით და არასწორი ნათქვამით, რომ საერთოდ გაუფუჭო ხასიათი და სიმღერისადმი ლტოლვები, არადა რჩევის გარეშეც არ შეიძლება, ყველას ხომ არ ეტყვი, რომ კარგი და გადასარევია და აი ამის გადმოცემა, შეფასება ჩემთვის ძალიან რთული, მტკივნეულია.

რამდენად ითვალისწინებ სხვების აზრს სიმღერის ჩაწერისას?
ძირითადად მე ვხედავ სიმღერას.
სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ლილიკო ნემსაძის ნამღერი იყო აბსოლუტურად ლირიკაში, თავის შვილთან ერთად. მე აბსოლუტურად დავამსხვრიე ეს ლირიკულობა და სხვა რიტმში ვიმღერე. ეს ჩემი აზრი იყო ნამდვილად, მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, რომელიც მაინტერესებს, ანუ ადამიანების აზრი, ოღონდ ყველასი არა, რა თქმა უნდა, მათი, ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია და მყავს ისეთი რამდენიმე ადამიანი, რომელთა აზრიც აუცილებლად უნდა მოვისმინო. იყო სიმღერები, რომლებიც მარტოც მიკეთებია, ყველას გარეშე, მაგრამ ახლა, უფრო ფრთხილი გავხდი, არ ვიცი, რატომ.
ვინ არიან ის ადამიანები, ვის აზრსაც ითვალისწინებ?
პიანისტი ნინო გულიაშვილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის რეჟისორს, რომელთანაც მუშაობ, მისი აზრი უნდა გაინტერესებდეს. ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ნინო წითლაურის როლი. აქვე გეტყვით, რომ ახალი სიმღერის არანჟირება ზურა მახნიაშვილმა გააკეთა.
გახსოვს პირველი სიმღერა, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარდექი?
მახსოვს იშხნელების რეპერტუარი იყო. მერე, იყო „მიფრინავენ მერცხლები“.
რომელია ის გამორჩეული ნამუშევარი, რომელთანაც განსაკუთრებული ისტორია გაკავშირებს?
მიყვარს ყველა სიმღერა, რაზეც ვმუშაობ. ახლა, ეს ლილიკოს სიმღერა მიყვარს. ცოტა ხანში, დადგება მომენტი, როცა ეს სიმღერა უნდა „შემოვდო“ და ახალზე ვიფიქრო.
მოგვიყევი სიმღერაზე „თოვლიანი ზამთარი“.
სიტყვები, სიმღერა ლილიკოსია. ლილიკომ რომ მოისმინა ჩემი ნამუშევარი, ძალიან კმაყოფილი დარჩა, მე მგონი, არ მეპირფერება (იცინის).