“არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან 31 იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აქვს უფლება შეიწყალოს ქვეყნის 2003 წლის პრო-ევროპული ვარდების რევოლუციის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ აკეთებს.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, პრეზიდენტი ინტერვიუში აღნიშნა, რომ დადგა დრო ევროპამ “სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს”.
„თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, ვიცი, რომ არის რაღაცეები, რასაც არ ვაკეთებდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლა გვჭირდება”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში.