LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი, როგორ იბადება ხოლმე სიყვარული, ძნელი ასახსნელია, მაგრამ იქ დაიბადა გრძნობა… დღემდე მუდმივად ვეპრანჭები ჩემს ქმარს…“ – ქეთი გაბისიანის მუსიკალური ოჯახი და წარმატებული კარიერა

3547
530d28a0-81c2-4182-9fa0-4141a41abbd5

არაერთი მუსიკალური პროექტის ავტორი, კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ბოლო დროს განსაკუთრებულად საინტერესო ნამუშევრებს გვთავაზობს და მუდმივად აქტიურია მუსიკალურ სივრცეში, თუმცა როგორც ამბობს, ძალიან ინანებს, თუ წლების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკუთარ საკომპოზიტორო გზას სათანადო ყურადღება ვერ დაუთმო…

მის პირად ცხოვრებაში სრული ჰარმონია სუფევს, რადგან შვიდი წლის წინ ოჯახი შექმნა შესანიშნავ ბასისტთან, ლევან დეისაძესთან, მუსიკის გარდა წყვილს კიდევ ბევრი რამ აერთიანებს…

ქეთი გაბისიანი fortuna.ge-ს გულახდილად ესაუბრება თავისი კარიერული თუ ოჯახური გამოწვევების შესახებ…

სადაც რაღაც ახალი ხდება მუსიკალური თვალსაზრისით, ყველგან არის ქეთი გაბისიანი. წლების წინ წარმოიდგენდით, რომ ამდენად მოთხოვნადი იქნებოდით თქვენს სფეროში?

არ მგონია, ამაზე ფიქრობდეს ადამიანი წლების წინ და ასე შორს იყურებოდე, თუმცა ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ შრომას აუცილებლად მოაქვს ნაყოფი. სულ ვამბობ, ჩემნაირი ფუტკრის კატეგორიის ადამიანები, და მყავს გარშემო კიდევ რამდენიმე ასეთი მეგობარი, 16 წლიდან ვშრომობთ. სულ მყავდა მოსწავლეები, ყველაფერი ჩემ გარშემო უკავშირდებოდა მუსიკას. შრომამ, თავდადებამ და პროფესიის სიყვარულმა გამოიღო ეს ნაყოფი. სულ მეფიქრება იმაზეც, რომ სწორ ადამიანებთან შეხვედრაც იწვევს ამ ყველაფერს, გუნდის შეკრება, თანამოაზრეებთან ერთად საქმის კეთება… ასეთ დროს შედეგი არ აყოვნებს ხოლმე.

„ქართული ხმების“ ბოლოდროინდელ კონცერტზე ვნახეთ კულისებში თქვენი მუშაობა და თქვენი შრომის დაფასება არა მხოლოდ მათი, არამედ მაყურებლის მხრიდანაც. ეს, ალბათ, გარკვეულ ემოციებს იწვევს თქვენში…

ამ პროექტს, ალბათ, ჩემს ნაშრომებს შორის ყოველთვის გამოვარჩევ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირველი იმიტომ, რომ რთული ყოველთვის უფრო მაინტერესებს, „ფეოლასი“ არ იყოს (იღიმის). ხელოვან ადამიანს დიდხნიანი პაუზა არ უხდება, საკმაოდ ბევრი იყო სამუშაო… ვგულისხმობ, როცა რუტინაში გადადიხარ, მაგალითად, რეპეტიცია კვირაში ოთხი ან ხუთი დღე. უცებ ისე შეჯანჯღარდა ანსამბლი, რომ მათთვის ეს ტემპორიტმი წარმოუდგენელი იყო. მეც ისეთ აზარტში შევედი… აქედან აუცილებლად უნდა გამოვიდეს რაღაც-მეთქი, ვფიქრობდი. ისეთი რესურსი აქვთ… „ქართულ ხმებს„ სულ გამოვარჩევდი თავისი სპეციფიკური ესთეტიკით. დამეთანხმებით, რომ ინდივიდუალური ხელწერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ხმიანი ანსამბლი პირდაპირი მნიშვნელობით. იცით, როგორ მუსიკალურ წიაღსვლებში ჩავდიოდით?

კახა გრიგალაშვილის სახალისო ვიდეოც გვახსოვს, როცა „ქართულ ხმებთან“ ძალიან მკაცრი სახით ატარებთ რეპეტიციას…

რა უხერხულია… რომ შემოიხედებოდნენ რეპეტიციაზე, ჩიტბატონას და 9 დევს გვეძახდნენ (იღიმის). ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ახლაც მგონია, რომ პროფესიონალიზმი ისაა, როცა პირველ რიგში, შენს თავს სთხოვ და მერე სხვა დანარჩენს. თითის გაშვერა სხვისკენ არ არის სწორი პოზიცია. ჯერ შენს თავზე აგე პასუხი და შემდეგ გაიშვირე თითი სხვისკენ. ჩემი ასეთი ემოციურობა უკავშირდება ჩემი პროფესიისადმი დამოკიდებულებას, პირდაპირ შეპყრობილი ვარ მუსიკით…

თქვენმა ამჟამინდელმა საქმიანობამ ხომ არ წაართვა დრო კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს?

ჩემი პირდაპირი პროფესია არის კომპოზიტორობა. ეს აშკარად გვერდზე დამრჩა. პერიოდულად მახსენდება ეს ამბავი და ისე მიჩუყდება გული… მწამს და მჯერა, რომ ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო. ახლა, ალბათ, ეს პერიოდია, როცა მე სხვას უნდა დავუთმო დრო და რაღაც შევუქმნა. ჩემი მეუღლე, ლევან დეისაძე მეუბნებოდა, ქართულად მომღერალი გოგონებისა და ბიჭების ქუინსი ჯონსი ხარო (იღიმის). ქართულ ანსამბლებს მთელი პროგრამები აქვთ გაკეთებული და შექმნილი, თუმცა რა თქმა უნდა, გული მწყდება… რასაკვირველია, ჩემს მეუღლეს ვუზიარებ ჩემს გულისწყვეტას… მისკენ ვიშვერ ხოლმე თითს, შენი ბრალია-მეთქი, მაგრამ მეუბნება, ჩემგან რა გინდა, დრო შენ არ გაქვსო. მიდევს ბევრი მასალა, ზოგი ძველიც წამოსაწევია წინ და გასაახლებელი, ზოგიც სრულიად ახალი – გასაკეთებელი. ნიკა ნიკვაშვილს რამდენჯერ უთქვამს, დაიწყე, რომ გავაორკესტრო და კონცერტი გავაკეთოთო.

ახლა, ვიცი, რომ „რუსთავი 2“-შიც ბევრი საქმე გაქვთ…

მუსიკალური პროდიუსერი ვარ და რა პროექტებიც არის და იქნება მუსიკალური, მათზე უნდა ვიზრუნო… ახლახან ჩავატარეთ თბილისობა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული მუსიკის ფესტივალი „მუს-სკივრი“ სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ეს არის ჩემი მუსიკალური ფესტივალი, სკივრი ისაა, სადაც ჩვენთვის ძვირფასსა და მნიშვნელოვანს ინახავს. კვერნაძე, ლაღიძე, მილორავა, აზარაშვილი – პირველ დღეს ნიკა ნიკვაშვილი, ოპერის კამერული ორკესტრი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და გიორგი სუხიტაშვილი წარდგებიან მაყურებლის წინაშე, მეორე დღეს ბუკა კარტოზიას „ბუკმარკსი“. კონცეფცია კი ისაა, რომ არსებობს ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, რომელთა მუსიკაზეც გავიზარდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ვალდებულები ვართ, წინ წავიდეთ და ახალი სიტყვა ვთქვათ. მესამე დღეს ზვიად ბოლქვაძე იქნება და სწორედ ასეთი ხალხია ძალიან საინტერესო, ვინც ასეთი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ამას წინათ, ზვიადმა მომწერა სოციალურ ქსელში და მომცა ინსპირაცია, რომ ჩემი მუსიკა შევქმნა… იმხელა ენერგია წამოვიდა „ფეისბუქიდან“, წარმომიდგენია, ახლახან რომ ბათუმში კონცერტი გამართა, იქ პირდაპირ ხალხი სცენიდან რა ენერგიას იღებდა. ჩემი მეუღლეც უკრავდა იქ და ვიდეოებს მიგზავნიდა…

როგორც მივხვდი, მეუღლე თქვენი უპირველესი გამზიარებელია…

ასეა და რთულია მეორე ნახევარზე ასე საუბარი, მაგრამ როგორც მეუღლეზე, რომ არ ვისაუბრო და გადავდოთ ეს ამბავი, უამრავი წელია ვიცნობ და ბევრი პროექტიდან მქონია შეხება, ის, როგორც მუსიკოსი, არის თითზე ჩამოსასვლელ მუსიკოსებს შორის. ამას წინათ მანანა მორჩილაძე მეუბნებოდა, იმედო სად არისო და გამიკვირდა, მაგრამ მართლა იმედიანად ხარ, როცა ის სცენაზე დგას.

ცხოვრებაშიც ასეა?

ცხოვრებაშიც…

შეგიძლიათ, გითხრათ, ამდენწლიანი ნაცნობობის შემდეგ, სად გაჩნდა გადაკვეთის დამატებითი წერტილი?

ჩვენ შევხვდით პროექტზე „ორი ვარსკვლავი“… ორი ვარსკვლავი შეხვდა ერთმანეთს (იცინის). უკვე 11 წელია, ერთად ვართ… ისედაც წლები ვიცნობდით ერთმანეთს, მუსიკოსები ვართ და ბევრგან გვინახავს ერთმანეთი. „მზიურში“ ბასისტი ვიყავი და ჩემთვის ეს ინსტრუმენტი არის უმნიშვნელოვანესი, სულ მიყურადებული ვარ, მაჩვენებელი ეს არის… მუდმივად ვიყავი აღფრთოვანებული ლევანის ოსტატობით, იმით, თუ როგორი მუსიკოსია. არ ვიცი, როგორ იბადება ხოლმე სიყვარული, ძნელი ასახსნელია, მაგრამ იქ დაიბადა გრძნობა – ყველაფერში დამნაშავე მაინც არის მუსიკა. 7 წელია, ჩვენი ურთიერთობა გავაოფიციალურეთ.

რა არის ის მთავარი, მუსიკის გარდა, რაც ერთმანეთთან გაკავშირებთ?

ადამიანობის ჩვენი საზომები გვაქვს, საერთო ღირებულებები. ყოველთვის ჩემთვის ვფიქრობდი, რა უნდა ახასიათებდეს ჩემს საყვარელ მამაკაცს – კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ, კეთილშობილი და ცუდის არმთქმელი, ნამდვილი მამაკაცი ძალიან იხდენს ამ თვისებებს.

რასაკვირველია, ორი ხელოვანის თანაარსებობა არ არის მარტივი, ორივე ცოტა ხმაურიანი ადამიანი ვართ, ორივე ბასისტი (იღიმის).

არის სიურპრიზები და რომანტიკა თქვენს ურთიერთობაში?

არის, რა თქმა უნდა, თუმცა ორივე ძალიან დაკავებული არტისტი ვართ. ხშირად ერთად გვიწევს პროექტებში მუშაობა, ხშირად – ცალ-ცალკე. შეიძლება, მხოლოდ ღამე, სახლში გვქონდეს გადაკვეთა და მთელი დღე ვერ ვნახოთ ერთმანეთი, თუმცა მუდმივად ხაზზე ვართ. ჩემი თვისებაა ის, რომ ვარ ძალიან პრანჭია, ასეთი ვიყავი ბავშვობიდან და მით უმეტეს, როცა სიყვარულია ორ ადამიანს შორის, დღემდე არ დამიკარგავს ეს თვისება – სულ, მუდმივად ვეპრანჭები ჩემს ქმარს. არ გავიდა ეს ემოციები (იღიმის). მერე მივხვდი, რომ ეს არის შენი თვისება, რომელიც არ იცვლება…

თქვენი ურთიერთობის სიმყარეს რა განაპირობებს?

ჩვენს ურთიერთობაშიც არის მომენტები, როცა ერთმანეთის რაღაც არ მოგვწონს, თუმცა ღიად და გულწრფელად ვსაუბრობთ, რაც ძალიან კარგია. ეს არის ის მახასიათებელი, რაც წყვილს ხელს უწყობს. გამონაკლისი არ ვართ, ყველგან არის ჩავარდნები. ვფიქრობ, ჩავარდნას იწვევს მოუცლელობა და გადაწვა, რესურსების არასწორად გადანაწილება. ძალიან მარტივ შედარებას მოვიტან მაგალითად – ყვავილს მუდმივად უნდა მორწყვა. ეს ხომ ელემენტარულია, რა უნდა მორწყვას, მაგრამ შეიძლება დაგავიწყდეს, გაიხედავ და გამხმარია მცენარე. ადამიანები ერთმანეთისგან, პირველ რიგში, ვითხოვთ ყურადღებას. მეც ვაკლებ ხანდახან ალბათ და ისიც, მაგრამ ისე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დაჩქარებებით, გადახვევებით აღვადგენთ ხოლმე ყველაფერს…

პრანჭია ნამდვილად ხართ. საკმაოდ გამხდარი ხართ…

ვარ ცოტა გამხდარიც და გადაღლილიც… ახლახან ჩემმა მეგობარმა გახსნა პილატესის კურსი და ვემზადები, რომ შევუერთდე. მინდა, ჩემი თავი გამოვცადო. მივხვდი, რომ დრო უნდა გამოვნახო ამისთვის. თვითონ ორგანიზმი გეუბნება, რომ მიხმარება გჭირდება. „ქართული ხმების“ კონცერტისთვის, როცა ინტენსიური მზადება მიდიოდა, ერთ დღეს მივდივარ რეპეტიციაზე და მანქანა გავაჩერე, ისე ცუდად გავხდი, გამოიძახეს სასწრაფო და გადამიყვანეს საავადმყოფოში. ორგანიზმი გეუბნება, გაჩერდი, დაისვენე, აღიდგინე ძალები. ერთი დღე ვიყავი სახლში, დამინიშნეს მკურნალობის მცირე კურსიც, პარალელურად ვემზადებოდით კონცერტისთვის. ეს ხომ არის რაღაც სიგნალი, რომ სწორად გადაანაწილო რესურსები? ახლა ძალიან ბევრი რამ მიჰყვა ერთმანეთს. არ ვარ გამონაკლისი, ბევრის ცხოვრებაში ხდება ასე, როცა მიჯრით მიჰყვება ერთმანეთს ახალი პროექტები, მერე კი დიდი, არასასურველი პაუზაა… ჩვენ როგორც გვინდა, ასე თაროებზე არ არის დალაგებული ყველაფერი, თუმცა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს. ამ აზრამდე კი მივედი, მაგრამ… ახლახან დამნიშნეს ანსამბლ „მზიურის“ ხელმძღვანელად, მე თვითონ „მზიურელი“, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პასუხისმგებლობაა? „მზიურელებს“ საქართველოში სახეზე ცნობენ, ახლა მეათე, საიუბილეო თაობა მოდის და ბომბი უნდა გაკეთდეს… ეს ძალიან დიდი სკოლაა…

ბოლოს მინდა გკითხოთ, გადის წლები, როგორ ხედავთ თქვენს თავს, რა მიღწევები გაქვთ?

ამაზე ასე არ ვფიქრობ… ერთია ის, რომ ჩემს შემოქმედებით სივრცეს უნდა მივხედო. ანსამბლებს რეპერტუარები, პროგრამები შევუქმენი და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ რადგან კომპოზიტორი ვარ, ძალიან ვინანებ წლების მერე, თუ ჩემს პირველ მოწოდებასა და სიყვარულს სათანადო დროს ვერ დავუთმობ. ამას, ალბათ, ვერ ვაპატიებ ჩემს თავს. მადლიერი ვიქნები ღმერთის, რომ სწორ ადამიანებს შემახვედროს ცხოვრებაში…

მატერიალური სურვილები არ გაქვთ?

რაც ჩამიფიქრებია და მინდა, რაღაცნაირად ვახერხებ, ამიტომ ჩემი სურვილები მატერიალური ნაკლებადაა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g