LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიტყობ, მაგრამ მართლა ძალიან დაღლილი ვარ… თვეში შვიდი სოლოკონცერტის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლოა“ – ლელა წურწუმია

22
ლელა-წურწუმია

10 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი ლელა წურწუმია სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე და დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა და მსმენელს 2 ახალი სიმღერა წარუდგინა.

ლელა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გქონდა კონცერტები, როგორ ახერხებ, რომ არასდროს იღლები?

არ ვიტყობ, მაგრამ მართლა ძალიან დაღლილი ვარ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. სცენაზე ღამის 2 საათზე ავდიოდი. თვეში შვიდი სოლოკონცერტის ჩატარება საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლოა. კლიმატიც არ გიწყობს ხელს, მოგეხსენებათ, სინესტე ძალიან უშლის ხელს ხმის იოგებს. მით უმეტეს, წელს ძალიან ცხელი ზაფხული იყო. 22 ივლისს ჩავედი ბათუმში და 2 სექტემბრამდე წვეთი წვიმა არ ყოფილა. ყველაფერი ურთიერთ-კავშირშია, რასაც დებ, იმას იღებ. იშრომებ, დაგინახავენ, არ იშრომებ და არ დაგინახავენ. ძალიან მაგარია, როცა გადავსებულ ტერიტორიას ხედავ, როცა შენი მსმენელი მოდის, უყვარხარ და გეფერება.

 ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერა „ალალ მე“ შეასრულე. ვიდეოში ჩანდა ზღვა ხალხი, რომელიც შენთან ერთად მღეროდა. მოგვიყევი ამ გამოსვლის შესახებ.

უფრო კლუბური კონცერტი იყო და საჭიროდ არ ჩავთვალე ქალაქური ჟანრის სიმღერა შემეტანა რეპერტუარში, მაგრამ მამულიჩამ მითხრა, რომ შემესრულებინა და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ამ სიმღერამაც კარგად წაიღო. ეს ერთ-ერთი სასწაული, ძალიან მაგარი სიმღერაა ჩემს რეპერტუარში და რუსა მორჩილაძის შემოქმედებაში.

„თბილისობაზე“ შენმა გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა, დაიბყრო ყველა. ვის ეკუთვნოდა იდეა?

ეს დათო დოიაშვილის იდეა გახლდათ. მუსიკალური რეჟისორი რუსა მორჩილაძე იყო. ამ ორი ადამიანის ტანდემი კი ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი კონცერტი იყო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ.

რას ურჩევ მომავალ თაობას, რომელსაც სურს, რომ მომღერლის პროფესიას გაჰყვეს?

პირველ რიგში, ეს პროფესია უნდა უყვარდეთ. არ უნდა დააკლონ არცერთი კომპონენტი, თორემ არაფერი გამოვა, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში. მართალია, სოციალურმა ქსელებმა ძალიან გაზარდა ადამიანების პოპულარობა, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი, მარტო პოპულარობით ვერ აყიდინებ ადამიანს ბილეთს და კონცერტზე ვერ მოიყვან. მთავარია რეპერტუარი, იმიჯი, გემოვნება, რისკი და იმუნიტეტი, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. რა თქმა უნდა, შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

ვისაუბროთ სიმღერის „თბილისო“ ახალ ვერსიაზე.

„თბილისო“ 2000 წელს, 22 წლის წინ შეიქმნა და დღემდე აქტუალურია, ძალიან უყვარს მსმენელს. წელს დოიმ და რუსამ გადაწყვიტეს, რომ ახალი ვერსია გაგვეკეთებინა „თბილისობისთვის“. დიდად განსხვავებული არ არის, მაგრამ ოდნავ უფრო ჩქარია და ბექვოკალის დატვირთვა ნაკლები აქვს. ახალი ვერსიის არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა, მუსიკის – რუსა მორჩილაძე.

მოგვიყევი თბილისში დაგეგმილი კონცერტის შესახებ.

15 ოქტომბერს თბილისში, კლუბში „MONO HALL“ გაიმართება ჩემი და „ნონსტოპის“ შემოდგომის სეზონის პირველი კონცერტი.

ვის ეკუთვნის ახალი სიმღერა „უთხარი კი“?

ამ სიმღერის ავტორი ლანა ლობილაძე გახლავთ, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. არანჟირების ავტორი უჩა გუგუნავაა, რომელიც ჩემს ბენდში მოწვეული ბასგიტარისტი და სასწაული მუსიკოსია. საოცარი განწყობის, მსუბუქი სიმღერაა, ადვილად დასამახსოვრებელი.

 

ლელა წურწუმია – თბილისო (2022 ვერსია)

 

ლელა წურწუმია – უთხარი კი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლელა წურწუმია – გიორგობის თვე. Live

 

ლელა წურწუმია. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები