LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ წავაგეთ თუ ვერ მოვიგეთ: საქართველოს თამაშგარე დანიამდე

111
KJR-3588

საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩში შეხვდა აზიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და სამხრეთ კორეასთან ფრედ 2:2 ითამაშა. ანგარიში მსოფლო ჩემპიონატების უცვლელ მონაწილე და ძლიერ მეტოქესთან ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა გაორებულ გრძნობას კი იწვევს. არ იყო ეს თამაში წასაგები, იმდენი მომენტი გვქონდა და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვერ მოვიგეთ. მეორე მხრივ კი ანგარიში მატჩის მიწურულს, ბოლო წუთზე გავაყაიმეთ და გამოდის, რომ წაგებას გადავურჩით.

ისე, საქართველოს მიერ გატანილი ორივე გოლი (განსაკუთრებით მეორე) თამაშგარედან გავიდა, ისევე როგორც, კორეელთა გამათანაბრებელი.

საერთო ჯამში, საქართველო ისევ ის გუნდია. ნაკლული შემადგენლობით, უთამაშებელი ფეხბურთელებით, შეცდომებით, არასტაბილური 90 წუთით, გამონათებებით, ტექნიკური ილეთებით, პერსპექტიული ფეხბურთელებით და არავინ რომ არ უწყის რის ან ვის იმედად შეიძლება ვიყოთ.

ანგარიში კლუბში დიდი ხნის უთამაშებელმა ანანიძემ გახსნა

 

ვლადიმირ ვაისი:

“ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვეძლო, ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გავაკეთებ, დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს. რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის“.

სამხრეთ კორეა 2:2 საქართველო

სტამბოლი, ფათიჰ თერიმის სახელობის ბაშაკშეჰირის სტადიონი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ყაზაიშვილი (80’ კანკავა), ოქრიაშვილი (57’ ქვილითაია), ანანიძე (57’ პაპუნაშვილი), კიტეიშვილი (71’ დაუშვილი), აბურჯანია (57’ გვილია), ტაბიძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (73’ ლობჟანიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კუპატაძე, გრიგალავა, დაუშვილი, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია

გაფრთხილება: 82’ ვუიანგ ჯუნგი, 90+1’ კანკავა

გოლები: 0:1 ანანიძე (40), 1:1 უიჯო ჰვანგი (47), 1:2 უიჯო ჰვანგი (85), 2:2 ქვილითაია (90)

 

საქართველო წაგებას ქვილითაიას გოლით გადაურჩა

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდება და დანიასთან შეხვედრისთვის თბილისის ზღვის ბაზაზე გააგრძელებს. ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრა მატჩი 8 სექტემბერს 20:00 საათზე, თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები