LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება – რას ითხოვს „გირჩი“ და რას პასუხობს „ოცნება“

304
არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით არახამია Telegram არხზე ახალ განცხადებას ავრცელებს.

არახამია ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება და  უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მის სიტყვებს.

არახამიამ აღნიშნული განცხადება აშშ-ში გამგზავრებამდე გაავრცელა.

„შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ჩნდება ობიექტური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს.

საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

რა თქმა უნდა, ბ-ნი ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში. მაგრამ მე უნდა გავუცრუო იმედები ყველას, ვინც გადაწყვიტა ფულის გამომუშავება უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე.

ასე არ იქნება და პირველი უნდა მოემზადოს ბატონი ივანიშვილი. ჩვენ მალე გავფრინდებით და ეს არ არის ტურისტული მოგზაურობა“. – წერს დავით არახამია.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მსგავსი  მძიმე ბრალდებები უსაფუძვლოდ არ კეთდება და არ გამორიცხავენ, რომ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს საეჭვო ანგარიშები ნამდვილად ჰქონდეთ.

არახამიას განცხადებას „ქართული ოცნებიდან“ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დავით არახამიას არაერთხელ მოგვისმენია ცრუ ბრალდებები.

ლევან დავითაშვილს კითხვა დაუსვეს „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“.

„ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს რაც შეეხება, რომელიც მანამდეც არაერთი მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ საუბარი მხოლოდ ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული.

ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და განსაკუთრებით, როდესაც ის ადამიანი, შეიძლება, ეთნიკურად ქართველი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა კი  განაცხადა, რომ „ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება“.

როგორც რაქვიაშვილი ამბობს, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და საკითხი ამ გზით გაირკვეს.

„უკვე აღარ მესმის „ტრენდი“, რომელიც ხშირად არის გაჟღერებული, რადგან მტკიცებულება უნდა დაიდოს. ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა.

ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება.

ჩემთვის უცნაურია, როცა ასეთი ყურადღებაა იმ საკითხის მიმართ, რომელიც თეორიულად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან, არახამიას არ ვიცნობ, ვინც იცნობს, სჯობს, ურჩიოს, რომ მტკიცებულებები დაიდოს. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო იაქტიურებს, კარგია, მაგრამ ამის მოლოდინი არ მაქვს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g