ქართული ოცნების“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, არ შეიძლება, ერთი წლით არჩეული გენერალური პროკურორის არჩევის ხარისხი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ექვსი წლით არჩეულის. დეპუტატის თქმით, გენერალური პროკურატურა უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე დღეს არის.
როგორც მაჭარაშვილმა თქვა, ერთი წლით არჩეული პროკურორი თუ გვეყოლება, ის პოლიტიკურ ძალებზე პირდაპირ დამოკიდებული იქნება. უმრავლესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ ის დაინტერესებული იქნება, ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ინტერესები გაატაროს.
„ამ მიმართულებით ოპოზიციას არანაირი კონტრარგუმენტები არ წარუდგენია. რაც შეეხება გამოხმაურებას, არც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, არც სახელმწიფო დეპარტამენტისა და არც ევროპელი კოლეგების მხრიდან განცხადებების გარდა, რადიკალური ოპოზიციის მიმართ კრიტიკა და განცხადება ხელიდან გაშვებული შანსის თაობაზე, არ მოგვისმენია.
მათი მოწოდების მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა და როცა შეთანხმება შედგა, 19 აპრილის შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არანაირი ხელიდან გაშვებული შანსი არ არის, პირიქით, ეს არის შანსი იმის, რომ გენერალური პროკურორი უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს.
შანსი არის იმის, რომ თუ ოპოზიცია თანამაშრომლობას პარლამენტში მეტ-ნაკლებად არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს, მიღწევები ნამდვილად გვექნება. პარტნიორები დაინახავენ იმას, რომ მზარდი რესურსი გვაქვს, განვვითარდეთ ევროპისა და ამერიკის მიმართულებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.