„არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებითაც და განაცხადა, რომ მათი განცხადებები ამ ნაწილშიც „ფარსია“.
„მინდა, პირველ რიგში, ვუპასუხო, შევეხმიანო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს აქო ვითომ სამართლიანი, არაჩვეულებრივი არჩევნები, რაც ხვალ ჩატარდება. ამავე დროს, დაგვემუქრა, რომ რაღაცის დამხობა იგეგმება. ორივე მხრივ ეს არის ტყუილი. არანაირი სამართლიანი, თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები ხვალ არ ჩატარდება. ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა, რომელიც გამოდის ქუჩაში მშვიდობიანად, გამოდის უკვე სამას დღეზე მეტია – რეალურად, ფაქტობრივად, უკვე ერთი წელი, რამეთუ პირველი გამოსვლები დაიწყო არჩევნების მერეც, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს. ხალხი, ვინც გამოდის, რომ მიიღოს, თავისი ხმა უკან დაიბრუნოს, დაიბრუნოს არჩევნები, ვერ დაკმაყოფილდება იმ ფარსით რაც ხვალ ჩატარდება. არც თავისუფალია, არანაირი გამოგლეჯის შანსი არ არსებობს, არც რამის გამოსწორების შანსი არ არსებობს.ეს არის ჩვეულებრივი დიქტატურის პირობებში ჩატარებული არჩევნები. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი რუსეთშიც“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეჟიმი მას შემდეგ, რაც მან არჩევნებით რამდენიმე პარტიის დისკრედიტაცია მოახდინა, ცდილობს „ვითომ რადიკალიზმის გაერთიანებით“ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს.
ზურაბიშვილის თქმით, ხვალ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას და იქნება აქციაზე.
„მეორე და კიდევ შეიძლება უფრო დიდი ტყუილი იყოს ის, რასაც კობახიძე წინასწარმეტყველებს, რომ დამხობის მცდელობა იქნება, სადაც ყველა იქნება გაერთიანებული. ესეც არის ფარსი და შეურაცხყოფა საზოგადოების, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა ამ დღეების მანძილზე ერთი წლის მანძილზე მედეგობა გამძლეობა და თავისი უაღრესი მშვიდობიანი გამოსვლა. არცერთ დღეს არ ყოფილა ძალადობა და არანაირი მცდელობა და 200 ათასი კაცო ხომ გამოდიოდა და ხვალაც შეიძლება ბევრი გამოვიდეს, აჩვენა მსოფლიოს, რომ თურმე შეიძლება უაღრესად მშვიდობიანად შეიძლება წინააღმდეგობის გამოხატვა. ეს არის ძალიან დიდი მაგალითი და ჩვენ ამით ვართ პარტნიორებთან ცნობილი და ამით არის რომ დავიმსახუროთ მათი მხარდაჭერა და რეჟიმის იზოლირება. არ შეიძლება ეს ყველაფერი ვითომც მოდელირებული დამხობით დაამთავრო. ეს არის მცდელობა იმის მერე რაც რეჟიმმა დისკრედიტაცია მოახდინა რამდენიმე პარტიის არჩევნებით და მცდელობა იმისა,რომ დანარჩენი პარტიების დისკრედიტაცია მოახდინოს ამ რაღაცა რადიკალიზაციის დიდ გაერთიანებაში ვითომ, რაც მთავარია ჩააქროს ამით დიდი მშვიდობიანი პროტესტი,რომელიც დღემდე მოდის და ხვალაც გაგრძელდება. ეს არის მთავარი ძალა და ეს არის ის ძალა, რომელსაც ვერ მოერია ეს რეჟიმ, ვერაფრით. ზოგჯერ ბევრი ხალხია, ხან მეტი ხან ნაკლებ, მაგრამ ვერ მოერია. რადგან ვერ გამოიყვანა წყობიდან სწორედ და დგას და იდგება სანამ ჩვენ არ მივიღებთ დაკმაყოფილებას იმ მთავარი მოთხოვნების რომელიც რჩება – საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანი შეცვლა რეჟიმის, რომელმაც წაგვართვა ევროპული მომავალი. არანაირი მესამე რესპუბლიკა, ჯერ ერთი მეორე რესპუბლიკაც არ არის. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა 91-ში და აღვადგინეთ იმ პირველი კონსტიტუციის საფუძველზე, ზოგჯერ კონსტიტუციის და ისტორიის ცოდნაც კარგი რამეა. ასე რომ ეს ყველაფერიც არის ფარსი. ჩვენ არ უნდა აგვიყვანონ და გადაგვიტანონ ამ რეჟიმში. ყველანი ვიყოთ მშვიდად, მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალ მშვიდობიან აქციაზე. როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და ვიქნები ვიდრე საჭირო იქნება. და ბოლომდე.
